Home » საზოგადოება » „ლარის 1%-იანი გაუფასურების გამო, რადიკალური ოპოზიცია მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური დღის წესრიგით ცდილობს ამ თემის მაქსიმალურად გაბუქვას“

„ლარის 1%-იანი გაუფასურების გამო, რადიკალური ოპოზიცია მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური დღის წესრიგით ცდილობს ამ თემის მაქსიმალურად გაბუქვას“

ბოლო დღეებში ლარის, 1%-იანი გაუფასურების გამო, რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ დირიჟორობით, მხარდამჭერი მედიის ტირაჟირებით, და მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური დღის წესრიგით ცდილობს ამ თემის მაქსიმალურად გაბუქვას, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მან ასევე განმარტა, თუ რეალურად რამ გამოიწვია ბოლო დღეებში ლარის 1%-იანი გაუფასურება.

„ბოლო დღეებში ლარის, 1%-იანი გაუფასურების გამო, რადიკალური ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობის დირიჟორობით, მხარდამჭერი მედიის ტირაჟირებით, და მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური დღის წესრიგით ცდილობს ამ თემის მაქსიმალურად გაბუქვას. სიტუაციის ეკონომიკურ კრიზისად ჩვენებას, მოსახლეობაში ნეგატიური მოლოდინების გამძაფრებას და რევოლუციურ მუხტად წარმოსახვას ცდილობს. ბუნებრივია, ეკონომიკური ფონის ხელოვნური დამძიმებით, 15 მაისს დაანინსებული აქციის შესამზადებლადაც იყენებს.

არა და რეალურად, ბოლო დღეებში ლარის 1%-იანი გაუფასურება ძირითადად, გამოწვეულია თურქეთში, რომელიც ჩვენი ქვეყნის წამყვანი სავაჭრო პარტნიორია, სავალუტო ბაზარზე არსებული კრიზისის გამო, რაც თურქეთის ცენტრალური ბანკის მართველის გადაყენებას მოყვა, პრეზიდენტ ერდოგანთან დაპირისპირების გამო. ამას ჰქონდა მოკლევადიანი შოკი და რასაც თურქული ლირის ბოლო კვირაში სარეკორდო 10 პროცენტიანი გაუფასურება მოყვა.

ამასთან, ბოლო წლებში საგარეო შოკების შემცირების თვალსაზრისით, დედოლარიზაციის პოლიტიკამ თავისი დადებითი ეფექტი უკვე მოგვცა და მნიშვნელოვნად შეამცირა თუნდაც ამ დღეებში თურქეთში მომხდარი სავალუტო კრიზისის გადმოცემის მასშტაბებიც. გარდა ამ ფაქტორისა, უნდა აღინიშნოს ბოლო ერთი თვის განმავლობაში დოლარის გამყარებაც, – DXY ინდექსმა დაახლოებით 2%-ით მოიმატა.

რაც შეეხება მოლოდინებს, მისი ნეგატიური გავლენა, შემცირებულია, წმინდა ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენციით, და გასულ წელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტის 3 % _ით შემცირების შედეგად, რასაც ემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მხარდაჭერილი მაკროეკონომიკური სტაბილურობის პროგრამის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დამატებითი სავალუტო რეზერვების შემოდინებაც.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლარის კურსზე, მხოლოდ დადებითად ზემოქმედებს, ფისკალური ბალანსიც. ფინანსთა სამინისტროს ხარჯვითი პოლიტიკა მკაცრად, საბიუჯეტო პარამეტრების ფარგლებში ხორციელდება, რაც მთავარია ფისკალური შემოსავლები დაგეგმილზე მეტია. სწორედ ფისკალური სექტორის მდგრადობა პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის სავალუტო ბაზრისათვის; მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული უპრეცედენტო საგარეო შოკი ჯერ არ დამთავრებულა.

მერსედეს ვერა მარტინის შეფასებითაც, რომელმაც საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე საქმიანობა ახლახან დაასრულა 2021 წელი ეკონომიკის აღდგენის წელი იქნება.

ასევე უნდა ითქვას, რომ ყველაზე ნეაგატიურ ზეგავლენას სავალუტო კურსზე, პოლიტიკური დაძაბულობა ახდენს, ოპოზიციის ხუთთვიანი ბოიკოტი და მიუხედავად საერთაშირისო მედიაციის მცდელობისა, კომპრომისის მიუღებლობა, აქციების დაანონსება და პროცესების დესტაბილიზაციის მცდელობა არის ყველაზე დიდი საფრთხე დემოკრატიისთვისაც და საინვესტიციო პოზიციისთვისაც ამავდროულად, რაც ეკონომიკურ ზრდაზე და სავალუტო კურსზე მხოლოდ ნეგატიურად ზემოქმედებს“, – წერს ცუცქირიძე.

Share