Home » საზოგადოება » „ლარი უფსკრულისკენ მიექანება – ორი არაადეკვატური პოლიტიკური ბანაკი ტაკიმასხრობითაა დაკავებული“

„ლარი უფსკრულისკენ მიექანება – ორი არაადეკვატური პოლიტიკური ბანაკი ტაკიმასხრობითაა დაკავებული“

„ლარი უფსკრულისკენ მიექანება – ორი არაადეკვატური პოლიტიკური ბანაკი ტაკიმასხრობითაა დაკავებული“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს.

ბანკები და ფინანსები ბერიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ლარი უფსკრულისკენ მიექანება

პანდემიის გამო ეკონომიკა გაჩერებულია.

ორი არაადეკვატური პოლიტიკური ბანაკი ტაკიმასხრობითაა დაკავებული

ეუბნებიან, ევროპელები და ამერიკელები პანდემია და ეკონომიკაა ახლა მთავარი, იმას მიხედეთო, ესენი კი ჯიუტი თხებივით ერქაგრეხილებიან ერთმანეთს ბეწვის ხიდზე და უეჭველი სულ მალე ჩაცვივდებიან უფსკრულში, სამწუხაროდ, ჩვენთან ერთად.

ხალხი იმდენად ეზიზღებათ, პლებისციტიც კი არ გამოიმეტეს, რომ ადამიანებს ეთქვათ, ბოლო-ბოლო უნდათ თუ არა ხელახალი არჩევნები.

საცოდავი დანიელსონი შუამავლობს, როგორც შეუძლია, მაგრამ უშედეგოდ. ალბათ რაღაცას ოდესმე მოახლაფორთებს, მაგრამ ეს გამოსავალი, დარწმუნებული იყავით, არ იქნება.

იქნებ ვინმემ უთხრას, აუხსნას, რომ კომპრომისებზე ამათთან ჟღურტული უაზრობაა.

ამეებთან კატეგორიული იმპერატივების მეშვეობით ლაპარაკი და რეალური მუქარა გაჭრის მხოლოდ.

ორივე მხარეს ვგულისხმობ.

ამას მხოლოდ პოლიტბიუროს დადგენილებები ესმოდათ, ზოგს პირადად, ზოგს გენეტიკურ მეხსიერებაში აქვს ჩაგვირისტებული, ამიტომაც ახლა ვაშინგტონიდან ელიან „პოლიტბიუროს დადგენილებას“, ან უკიდურეს შემთხვევაში „შაჰის ფირმანს“. არადა, ამათთვის „შაჰს“ (ბაიდენი) აშკარად არ სცალია, არც მის ვეზირს – ბლინკენს, იმასაც უჩვენოდაც თავზე საყრელად აქვს პრობლემები.

ხალხი? ხალხი ჩვენს პოზიცია-ოპოზიციას სულ ფეხებზე ჰკიდია.

ამასობაში კი ლარი სულს ღაფავს.

აქაოდა, თურქული ლირა გაუფასურდა და ჩვენი ეკონომიკა ხომ თურქეთისაზეაო მიბმული. ჩანს რეზერვების ხარჯვაზეც ხელი აიღეს, სესხსაც ვეღარ იღებენ… ოპოზიციას სიტუაციის ამოტრიალება აწყობს, სადამდეც ბევრი აღარაა დარჩენილი – ეს რევოლუციურ სცენარს დააჩქარებს, რაზედაც უკვე ოპოზიცია ოცნებობს.

ფასები გაიქცევა, ინფლაციაზე წნეხი თანდათან სერიოზულად გაიზრდება…

კატასტროფა გარდუვალია.

ოპოზიციას ეს აწყობს.

ხელისუფლება კი საამისოდ ვერც იცლის და ამ ყველაფერში იქ ვერც-ვერავინ ერკვევა – ერთადერთი პროფესიონალი ჰყავთ – ირაკლი კოვზანაძე და ისიც გვაფრთხილებს – ლარიო ეკონომიკის სარკეაო, ამ დღეებში გვითხრა, ცოტა ადრე – ეროვნული ბანკი უფრო ოპერატიული და გაბედული უნდა იყოსო… და რომ არ არის? მის მაგივრად მთავრობას „აზრზე მოსვლისკენ“ კატეგორიულად მოვუწოდებდი ან გადავდგებოდი. ისეთი საფრთხეებია რეალური, რომ მისი რანგის პროფესიონალი, ვფიქრობ, ასე უნდა მოიქცეს.

ჩვენ, ჩვენ რა?  ჩვენ უარესისთვის უნდა მოვემზადოთ.

უარესიც არსებობს!“, – წერს ბერიძე სოციალურ ქსელში.

Share