Home » ფინანსები » ლარი ინგრევა და ანგრევს ეკონომიკასაც – ბაზარზე სპეკულაციაა, კურსის გამყარების არანაირი რესურსი აღარ დარჩა

ლარი ინგრევა და ანგრევს ეკონომიკასაც – ბაზარზე სპეკულაციაა, კურსის გამყარების არანაირი რესურსი აღარ დარჩა

“ლარს უკვე ვეღარაფერი შველის. გუშინაც მორიგი ნახტომისებური გაუფასურება მოხდა, რაც ადასტურებს, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს კურსის გამყარების არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. ერთადერთი ინტერვენციებია და უკვე ამასაც თავს არიდებენ. ვერც პრემიერი ასრულებს ბიზნესთან დადებულ პირობას კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით. მთავრობაში ღარიბაშვილის ხელმეორედ მოსვლიდან ორიოდ თვეში ლარი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა და ამ პრობლემას ვერაფრით უპირისპირდებიან. ელემენტარულად, ვერ ახერხებენ, რომ სპეკულაციური მომენტები მაინც ჩააცხრონ. ექსპერტებს აქვთ სერიოზული ეჭვი, რომ გუშინ ლარი სწორედ ამ ფაქტორმა გააუფასურა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ლარი ინგრევა და ანგრევს ეკონომიკასაც! / ბაზარზე სპეკულაციაა, კურსის გამყარების არანაირი რესურსი აღარ დარჩა.

“მდგომარეობას უიმედოდ წარმოაჩენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაც. ის პირდაპირ ამბობს, რომ კურსთან დაკავშირებით საქართველოში რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. არაფრის მომცემია მისი განცხადება ინფლაციასთან დაკავშირებითაც. როგორც კობა გვენეტაძე ამბობს, ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს, რათა ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, თუმცა ქვეყნის პირველი ბანკირი ამბობს, რომ ინფლაცია ყველა ქვეყანაში შეინიშნება.

“რეზონანსი” დაინტერესდა, რა მოხდა სინამდვილეში, რა აუფასურებს ლარს და სანამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი. როგორც ბოლო დროის მოვლენებმა აჩვენა, უკვე ვარაუდიც კი შეუძლებელი ხდება, რადგან კურსი არაეკონომიკური ფაქტორებით უფასურდება და არ არის იმის მინიშნებაც კი, რომ ვინმე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხელის გამოღებას შეეცდება.

“ქვეყანაც და ლარიც დაღმა, ფსკერისკენ მიექანებიან”, – ასე აფასებს არსებულ ვითარებას ეკონომისტი რამაზ გერლიანი. მისი აზრით, შესაძლოა, გაუფასურება საგარეო ვალის დაფარვას უკავშირდებოდეს, თუმცა დიდია სპეკულაციური მომენტის ზეგავლენაც”, – აღნიშნავს გამოცემა.

“ვალის გადაფარვის პროცესმა, რომელიც გუშინწინ შედგა, ქვეყნიდან კონვერტირებადი ვალუტის გასვლა გამოიწვია. შესაბამისად, ლარიც ნახტომისებურად გაუფასურდა. 2015 წლიდან სავალუტო ბაზარზე ნეგატიური პროცესებია და მცდელობაც კი არ არის, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს.

ლარი ახლა იმ ნიშნულს მიუახლოვდა, როცა მისი გამყარება ეკონომიკის მკვეთრი შემობრუნების გარეშე ვერ მოხდება, მით უმეტეს, როცა მთავრობა და ეროვნული ბანკი არ ერიდებიან ფულის მასის ზრდას. იმის მაგიერ, რომ 24-საათიან რეჟიმში ამუშაონ ეკონომიკა, ისევ შეზღუდვებზეა ლაპარაკი.

კიდევ თუ გამოაცხადებენ “ლოკდაუნს”, წარმოდგენაც შეუძლებელია, რა დარტყმას მიიღებს ეკონომიკა. ლარი ფსკერისკენ მიდის და ვერც შემოაბრუნებენ. არავის აქვს იმედი, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ერთ ინვესტორს მაინც რომ ეფიქრა ასე, აუქციონზე გამოტანილი 10 საპრივატიზებო ობიექტიდან ერთი მაინც უნდა გაყიდულიყო”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისა რამაზ გერლიანი.

“ალბათ, ახალ სესხს ავიღებთ. ეს თუ მოხერხდება, დადებითი სტიმული შეიძლება გაჩნდეს. “ლოკდაუნს” თუ არ გამოაცხადებენ, ივნისისთვის გამყარების ტენდენციას უნდა ველოდოთ, მაგრამ 3,36-3,37-ზე დაბლა ლარი არ ჩამოვა, რა ღონისძიებებიც არ უნდა გაატარონ. ჩვენი პრობლემაა ის, რომ ბანკებს არავინ აკონტროლებს, სპეკულაციურ ფაქტორებს აქვს ადგილი, რაც ლარის გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზია. რამდენიმე ბანკის ინტერესებს ეწირება ლარი და ამაზე ყველა თვალს ხუჭავს. წესით, ეროვნული ბანკი თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს, მაგრამ ამას არ აკეთებს”, – დასძენს გერლიანი.

ლართან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინი აქვს ანალიტიკოს ნიკა შენგელიას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს ის პროგნოზირებდა, რომ 5 აპრილიდან დაიწყებდა ლარი გამყარებას და ეს მოხდა კიდეც რამდენიმე პუნქტით, მაგრამ მალევე საპირისპირო ტენდენცია გაჩნდა. ეს მთავრობამ რეგიონული ვალუტების გაუფასურებით ახსნა, რასაც ფინანსისტი არ იზიარებს”, – წერს სტატიის ავტორი.

“ლარმა როდესაც გაუფასურება დაიწყო, მთავრობამ რეგიონული ვალუტების გაუფასურებას დააბრალა, თუმცა თურქეთში გაუფასურება იმიტომ მოხდა, რომ ერდოღანმა გაათავისუფლა ეროვნული ბანკის მმართველი, რომელიც ბანკს ლიბერალური პოლიტიკით მართავდა. რაც შეეხება საქართველოს, 31 მარტიდან ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება, ხოლო თურქული ლირა ნელ-ნელა მყარდება.

რუსეთში რუბლი საკმაოდ გამყარებულია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ლირისა და რუბლის გაუფასურება ლარის კურსთან არანაირ კავშირში არ არის. მით უმეტეს, იმდენად არ გაუფასურებულა არც ერთი, რომ ლარზე მოეხდინა გავლენა. საინფორმაციო ფაქტორიც მოქმედებს, ფსიქოლოგიური ზეწოლაა ლარზე.

ინვესტორი, ვინც დარჩა, შეიძლება, ამ ფაქტორს აჰყვეს, წინასწარ იმარაგებდეს ბაზარზე დოლარს და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას ზრდიდეს. არ გამოვრიცხავ, ეს ფაქტორიც მოქმედებდეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს რომ ეთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა კურსის გასამყარებლად, ფსიქოლოგიურ ფაქტორს გაანეიტრალებდა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ამ დროს ბანკებს გზა ხსნილი აქვთ, სპეკულაციურად ვაჭრობენ და ლარს მიზანმიმართულად აუფასურებენ”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპომდენტთან საუბრისას ნიკა შენგელია.

Share