Home » ფინანსები » “ლარი 2,70-სა და 2,80-ს შორის იმოძრავებს”
"ლარი 2,70-სა და 2,80-ს შორის იმოძრავებს"

“ლარი 2,70-სა და 2,80-ს შორის იმოძრავებს”

ლარი დღითი დღე უფასურდება და ქვეყანას უმძიმესი ზამთრის გადატანა მოუწევს. მთავრობა კი მოსახლეობას ისევ სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საშუალოვადიან პერიოდში ლარი დასტაბილურდება. როგორც წესი, მათი განცხადებები უმეტესად ფუჭია და სახელმწიფო მოხელეთა არაადეკვატურობა მეორე დღესვე აშკარავდება. ასე მოხდა ახლაც, როდესაც ერთდღიანი შესვენების შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ თავრუბდამხვევი დევალვაცია განაგრძო.

საფინანსო სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ლარი ნოემბერშიც და ახალი წლის შემდეგაც გაუფასრუდება და 2,70-იან ნიშნულს გადასცდება, ხოლო გამყარების ტენდენციას იანვრის მეორე ნახევრიდან შეიძლება ველოდოთ. ისინი ლარის ვარდნაში უშუალოდ ეროვნულ ბანკს ადანაშაულებენ.

“ეფიქს ჯგუფის” ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული ყველა განცხადება რეალობაზე დაყრდნობით ვრცელდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სებ-ი “შვილობილი ბანკების” ხელშეწყობით, მოსახლეობას შიმშილისთვის წირავს, რაც ლარის გუფასურების შედეგად გამოწვეული ინფლაციით გარდაუვალია.

“ჯერ კიდევ მაშინ, როდსაც ფინანსისტებს თითი დაგვიქნიეს და გვითხრეს, რომ ლარის გაუფასურების ცრუ მოლოდინს ვაჩენთ, გავეცით მათ პასუხი და ვთქვით, რომ ახალი წლის პერიოდში 2,56-იან ნიშნულს ველოდებოდით, თუმცა ახლა ვფიქრობთ, რომ უკან მოიტოვებენ ამ ზღვარსაც და კიდევ მრავალ სიმაღლეებს “დაიპყრობს” ჩვენი ვალუტა.

ამის საფუძველს გარკვეული ფუნდამენტური ფაქტორები გვაძლევს. თუნდაც ის, რომ ფაროსანას მიერ თხილის მოსავლის განადგურება სერიოზულად ამცირებს იმ სავალუტო შემოსავალს, რაც ექსპორტიდან უნდა შემოსულიყო. შეგახსენებთ, რომ თხილის ექსპორტი, ბოლო სამი წლის მონაცემებით, პირველ-მეორე ადგილზე იყო. ახლა ეს მიმართულება სულს ღაფავს. რაიონებში განადგურებულია ასევე სიმინდის მოსავალი, რომელიც გლეხისათვის მსხვილფეხა პირუტყვისა და ფრინველის შესანარჩუნებლად სტრატეგიული დანიშნულებისაა.

ამით იმის თქმა გვინდა, რომ აგვისტოში მთავრობისა და ახლა ეროვნული ბანკის ჩინოვნიკების გადაწყვეტილებებმა რაიონის მოსახლეობა საშიმშილოდ გაწირა”, – განუცხადა “რეზონანსს” შენგელიამ და დასძინა, რომ ეროვნული ბანკი აუცილებლად უნდა ჩაერიოს ბაზარზე და რეზერვებიდან გაყიდოს უცხოური ვალუტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს დღეებში სურსათი 6%-ით გაძვირდება.

“ეროვნულმა ბანკმა კომიტეტის შემდეგ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი აუცილებლად უნდა აწიოს. ასევე, სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს და საერთაშორისო რეზერვებიდან გაყიდოს ვალუტა.

აგვისტოში ჩვენმა კომპანიამ გამოაქვეყნა ანალიზი, რომ, ივლისიდან მოყოლებული, საქართველოს ბიუჯეტი სესხებს აძლევდა კომერციულ ბანკებს. დღეს ამ სესხების რაოდენობა ნახევარ მილიარდ ლარამდეა მისული. ბოლო სხდომაზე სებ-მა, რომელიც გადაქცეულია თავისი შვილობილი კომერციული ბანკების მომსახურების სააგენტოდ, მათ მცირე ბიზნესისა და მოსახლეობის “ძარცვის” ნება დართო. ის, რაც საქართველოში ხდება, არის არაკომპეტენტური მოხელეების მართვის ბრალი.

ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა სავალუტო ბაზარზე ლარის გაუფასურება, დამერწმუნეთ, უახლოეს დღეებში სურსათი, მინიმუმ, 6%-ით გაძვირდება. ეროვნული ბანკის ასეთმა განცხადებებმა და უმოქმედობამ რეგიონის მოსახლეობა შიმშილობისთვის გაწირა. რაც შეეხება მოლოდინს, ლარი გაგრძელებს გაუფასურებას, იმოძრავებს 2,70-სა და 2,80-ს შორის, ხოლო გამყარებას 2018 წლის იანვრიდან უნდა ველოდოთ”, – განუცხადა “რეზონანსს” შენგელიამ.

ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიდგომას ეხმაურება ეკონომისტი გოჩა თუთბერიძე, რომელიც ამბობს, რომ მათ სხვა გზა არ დარჩათ და არაფრისმთქმელი განცხადებებით ცდილობენ, მოსახლეობაში პანიკის დონე არ გაზარდონ. რაც შეეხება გამოსავალს, სპეციალისტი ერთ-ერთ პირობად მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ქვეყანაში იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებელი დაბალანსდეს.

“ეროვნულ ბანკსა და მთავრობას სხვა გზა აღარ დარჩათ, გარდა ფუჭი განცხადებებისა, რითაც თითქოს ხალხს ამშვიდებენ, ალბათ უფრო მძიმე მდგომარეობას ელოდებიან და პანიკის თავიდან აცილება სურთ. ერთი მხრივ, მათი როლი გასაგებია, მაგრამ გამოდის, რომ მუდმივად არასწორ მოლოდინს უქმნიან ხალხს.

ეროვნული ვალუტის 1%-ით გაუფასურებაც კი ინფლაციის ზრდას იწვევს. კურსის ნებისმიერი ვარდნა უკავშირდება ინფლაციურ პროცესებს, რაც აღარიბებს ხალხს. სინამდვილეში ეს არის არაოფიციალური გადასახადი, რომელსაც მოსახლეობას შეუმჩნევლად უწესებს სახელმწიფო.
რაც შეეხება განცხადებებს, თითქოს მაღალ კურსს მოსახლეობა იოლად გადაიტანს, ეს არის არასერიოზული მიდგომა და სრული აბსურდი. უცხოური ვალუტის გადინების პერიოდი იწყება, რაც უნდა დაბალანსდეს ექსპორტით”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას თუთბერიძემ.

ნათია ლომიძე
გაზეთი “რეზონანსი”

Share