Home » ფინანსები » „ლამაზად შეფუთული ლომბარდები“ – საბანკო სექტორს კადრების გადამზადებისკენ მოუწოდებენ
„ლამაზად შეფუთული ლომბარდები“ – საბანკო სექტორს კადრების გადამზადებისკენ მოუწოდებენ

„ლამაზად შეფუთული ლომბარდები“ – საბანკო სექტორს კადრების გადამზადებისკენ მოუწოდებენ

ეკონომიკის ერთერთ ყველაზე მზარდ და მომგებიან სექტორში არაპროფესიონალი კადრების პრობლემაა – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ექსპერტთა და ბიზნესმენთა ნაწილი საუბრობს და სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადების აუცილებლობაზე მიუთითებს.

„საზოგადოება და ბანკების” ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი ამბობს, რომ დღეს ბანკებში არის გარკვეული ბიუროკრატია და სესხის აღებისთვის მომხმარებელს 3 დღე მაინც ჭირდება.

ადეიშვილი ამბობს, რომ ხარვეზები არსებობს ბანკების თანამშრომლების მხრიდან, რადგან ისინი ვერ ახერხებენ სათანადოდ აუხსნან კლიენტს პირობები და ამ საკითხზე ბევრი საჩივარიც ფიქსირდება. მისივე თქმით, საჭიროა თანამშრომლების გადაკვალიფიცირება და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხის ამაღლება. ადეიშვილის შეფასებით, ზოგადად, ქვეყანაში ფინანსური განათლების დონე დაბალია და ამაში ორივე მხარე -ბანკი და კლიენტია „დამნაშავე”. ასეთ ვითარებაში თუ ბანკის თანამშრომლების მხრიდან მოხდება პირობების უფრო ნათლად განმარტება, კერძოდ, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ხაზგასმა, კარგი იქნება.

„იგივე განვადებაზე, ხშირად ბანკები აცხადებენ, რომ აქვთ 0 %-იანი განვადება, რეალურად, კი ხშირ შემთხვევაში ამას ემატება გარკვეული სპროცენტო განაკვეთი, თუმცა, ამას მომხმარებლებს არ ეუბნებიან. ამ დროს მომხმარებელმა არ იცის რა არის მისი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. მე ვერ ვიტყვი რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის არ დასახელება ბანკების მიერ სპეციალურად ხდება, თუმცა, ეს გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ხშირად მაღაზია აცხადებს 0%-იან განვადებას, სინამდვილეში კი ეს სესხი 5 პროცენტზე მაღალია, ამ შემთხვევაში არ ხდება კლიენტებისთვის ინფორმაციის ბოლომდე მიწოდება. ანუ, ბანკის მიერ ხდება მარკეტინგული შეფუთვა, რათა კონკურენცია ბაზარზე ძალიან მაღალია. აღნიშნული პრობლემები არის, ამიტომ სასურველია, რომ ბანკის მიერ დასახელებული იყოს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი”-აცხადებს ადეიშვილი.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ სტატისტიკურად, 1000-დან 720-მა მომხმარებელმა არ იცის რამდენ პროცენტში აქვს სესხი აღებული. შედეგად, უნდა ამაღლდეს როგორც ბანკში მომუშავეთა განათლება, ისე საზოგადოების ინფორმირებულობის დონე.

ადეიშვილის თქმით, შედარებით მარტივი სიტუაციაა ბიზნესთან მიმართებაში. კერძოდ, იურიდიულ პირებს უფრო მეტად შესწევთ ძალა, რომ დაძლიონ აღნიშნული პრობლემები და დაიქირაონ ის ადამიანი, ვინც ეფექტურად მართავს მათ რესურსებს, რასაც ვერ ვიტყვით ფიზიკურ პირებზე, მათ ეს ფინანსურად არ შეუძლიათ. ადეიშვილი აცხადებს, რომ თუ ბიზნესმენს ჰგონია, რომ რომელიმე ბანკში რისკები არასწორედ შეაფასეს, მას შეუძლია სხვა საფინანსო ინსტიტუტს მიმართოს.

„მენაშენეთა ასოციაციის” ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის თქმით, პრობლემაა არა კადრების არაკვალიფიციურობა, არამედ პოლიტიკური ხედვა და ბანკების დამოკიდებულება.

მისი თქმით, ბანკებში სესხების გაცემა ძალიან სუბიექტურად ხდება. მისივე განცხადებით, ბანკების თანამშრომლები არაპროფესიონალები არ არიან, მათ კარგად იციან ყველაფერი, ეს კი როსტომაშვილის თქმით, უფრო ცუდია. „მათი ასეთი მოქმედება მიზანმიმართულია. მათ სწორი დავალება რომ ჰქონდეთ, სწორად გააკეთებდნენ ყველაფერს. მე მგონია, რომ ბანკში საკმაოდ კარგი სპეციალისტები არიან, არასწორი საკანონმდებლო ბაზის და ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისერი დამოკიდებულების გამო ხდება ეს პრობლემები. პირობითად, თუ სახელმწიფო ჩინოვნიკი კორუფციულ სქემებშია გახვეული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდი სპეციალისტია? ის კარგია, უბრალოდ ცუდად იქცევა. ასეა ბანკის შემთხვევაშიც. “-აცხადებს როსტომაშვილი.

მისი თქმით, ნორმალურ ქვეყანაში ბანკისთვის მომგებიანია, რაც მეტს სესხს გასცემს ბიზნესზე. თუმცა, მაგალითად „საქართველოს ბანკს” თავისი სამშენებლო ბიზნესი აქვს, ამიტომ ის სხვას სესხს არ მისცემს.

რეალტორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, იურისტი ანა ჯალაღონია ამბობს, რომ საბანკო სექტორში არსებული პროცედურები და ვადები მომხმარებელში სესხის აღების ინტერესს დაბლა სწევს, მათთვის ეს გარკვეული წინაღობაა და ხშირად მომხმარებელი ცდილობს სესხი აიღოს სხვაგან, სადაც ასეთი მოთხოვნები არ არის, ბანკის თანამშრომლები ვერ ახერხებენ სათანადოდ აუხსნან კლიენტს პირობები. რაც სესხების გაცემის გაჭიანურებას დ რისკებს ზრდის, ისინი რისკებს სწორად ვერ აფასებენ.

ანალოგიური მდგომარეობაა ბიზნესის დაკრედიტების თვალსაზრისით – საუბრობენ, რომ ბანკების თანამშრომლებს არ აქვთ კომპეტენცია, რომ ეს რისკები შეაფასონ.

ბოლო წლებში ბიზნესკომპანიები, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბანკები კრედიტის გაცემისას მარტივ გზას ადგანან და ნაცვლად იმისა, რომ ჩაატარონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და მისი განვითარების პერსპექტივები, ისინი გირაოზე არიან ორიენტირებულნი და სესხის სანაცვლოდ ამ თანხაზე ბევრად დიდი ღირებულების უძრავ ქონებას ითხოვენ გირაოს სახით.

ბიზნესკომპანიების ნაწილის განცხადებით, ამის მიზეზი სწორედ ბანკების თანამშრომელთა არაკვალიფიციურობაა. შედეგად, ვიღებთ ვითარებას, როდესაც სესხები გაიცემოდა კომპანიებზე, რომლებმაც ვერ დაფარეს ეს თანხები და პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ყველაზე ხშირად მსგავსი შემთხვევები სამშენებლო ბიზნესში ფიქსირდება, რომელსაც ომამდე კრედიტის აღების პრობლემა არ ჰქონია, რაც 2008 წლის მოვლენების შემდეგ პრობლემად შემოუტრიალდა როგორც ბანკებსა და სამშენებლო ბიზნესს, ისე მომხმარებელს. ბანკები რთული მდგომარეობისგან სახელმწიფომ და დონორების თანხებმა იხსნა, სამშენებლო სექტორი პრობლემებს თავს ახლა აღწევს, დაზარალებული მომხმარებლის ნაწილის პერსპექტივები კი ისევ ბუნდოვანია.

ბანკებმა მართალია გაითვალისწინეს ეს გამოცდილება, თუმცა მათ მიერ სესხების გაცემის პრინციპი ახლა გირაოს  ეფუძნება, შედეგად, ისინი „ლამაზად შეფუთულ“ ლომბარდებად იქცნენ, რომლებიც ყოველგვარი ბიზნეს–ანალიზის გარეშე, უძრავი ქონების გირაოზე ორიენტაციით გასცემენ სესხებს.

თუმცა ამ პრეტენზიებს, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, ბიზნესის მხრიდან ისმის, საბანკო სექტორი არ იზიარებს.

„ბანკების ასოციაციის” ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ საბანკო სექტორი ერთერთი კი არა, ერთადერთი სექტორია, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის კადრებით არის დაკომპლექტებული. კერძოდ, ისინი მუდმივი ტრეინინგების ქვეშ არიან, უტარდებათ მუდმივი ტესტირებები, ამიტომ, გვასალიას თქმით, საბანკო სექტორში დასაქმებულებზე არაკვალიფიციურობის დაბრალება სწორი არ არის.

გვასალია აცხადებს, რომ თუ ვიღაც „ვერ მოერგო საბანკო მოთხოვნებს“, ეს საბანკო სექტორის დანაშაული არ არის. მისი თქმით, ხანდახან თავად ბიზნეს სუბიექტებს არ ჰყოფნით კომპეტენცია იმისთვის, რომ ბანკს ერთ ენაზე ელაპარაკონ.

„როდესაც მზადდება ბიზენსგეგმა, მას ანალიზი უტარდება ბანკის შესაბამისი სამსახურის მიერ, ეს შემდეგ გადის საკრედიტო საბჭოს და რა გამოდის, არავის ამათ კომპეტენცია არ აქვთ? ეს ხომ გამორიცხულია?“-აცხადებს გვასალია.

მისი ინფორმაციით, კატასტროფაა ფიზიკური პირების შემთხვევაში. გვასალიას განმარტებით, დიდი განათლება არ სჭირდება იმის ცოდნას, რომ ადამიანი რასც ხელს აწერს, ის აუცილებლად წაკითხული უნდა ჰქონდეს. „რომ ამბობენ, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დასახელება არ ხდებაო, ხელშეკრულებაში ყველაფერი წერია და თუ ვინმეს რაიმე კითხვა უჩნდება, ეს კითხვა ბანკის თანამშრომელთან უნდა დასვას”-აცხადებს გვასალია.

„კომერსანტის” კითხვაზე, ვისი ბრალეულობაა იმაში, რომ მაგალითად, 2008 წლამდე სამშენებლო ბიზნესზე საკმარისზე მეტი სესხი იქნა გაცემული, რომლის გადახდაც შემდეგ სამშენებლო ბიზნესს გაუჭირდა, ზურაბ გვასალია აცხადებს, რომ სამშენებლო ბიზნესს რომ პრობლემები შეექმნა, ეს არ არის იმის მაჩვენებელი, რომ რისკები არ იყო სწორედ გათვლილი.

„იმაზე რატომ არ ლაპარაკობენ, რომ თავად ამ სამშენებლო ბიზნესს არ ჰქონდა რისკები კარგად გათვლილი? წლების განმავლობაში სამშენებლო ბიზნესის პრობლემა დაბალი კაპიტალიზაციაა. ყველა პროექტის დასრულების შემდეგ ისინი რეინვესტირებას არ ახდენენ. იმიტომ აქვთ სამშენებლო ბიზნესს პრობლემა და იმიტომ არის მეტი წილი უარი ვიდრე დაფინანსება”-აცხადებს გვასალია.

გარდა ბიზნესის დაკრედიტების მხრივ არსებული პრეტენზიებისა, მომხმარებლების მხრიდან სოციალურ ქსელებში ხშირად იწერება ბანკების მომსახურე პერსონალის მხრიდან გამოჩენილი არაპროფესიონალიზმის შესახებ. მაგალითად, პრეტენზიები ისმის „ქოლცენტრების“ თანამშრომლების, ასევე ონლაინ–კონსულტანტებისა და რიგითი მოლარე–ოპერატორების არაპროფესიონალიზმისა და არაოპერატიულობის მიმართ.

წყარო: Commersant.ge

Share