Home » მსოფლიო » კვლევა: „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია

კვლევა: „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია

„სინოფარმის“ ვაქცინა ძლიერ ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც უკვე დომინანტი შტამი ხდება მთელ მსოფლიოში, – კვლევის ამ შედეგებს შრი-ლანკას უნივერსიტეტი აქვეყნებს.

კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებიც.

კვლევა ჯერ რეცენზირებული (Peer Review) არ არის და ამჟამად ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე medRxiv.

კვლევის დაფინანსება განხორციელდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, დიდი ბრიტანეთის სამედიცინო კვლევითი საბჭოს და საგარეო და თანამეგობრობის ოფისის და ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის (CAMS) სამედიცინო მეცნიერების ინოვაციური ფონდის (CIFMS) მიერ.

„აღმოჩნდა, რომ ეს ვაქცინა ძალიან ეფექტიანია დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე, როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით იმავე დონით ვლინდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

კვლევის მიხედვით, ორი დოზით აცრის შემდეგ, ვაქცინირებულთა 95%-ს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რომელიც კოვიდ 19-ით ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ დასტურდება.

როგორც კვლევამ აჩვენა, გამანეიტრალებელი ანტისხეულები ვაქცინირებულთა 81,25%-ში წარმოიქმნა, თანაც ბუნებრივი ინფექციის გადატანის მსგავსი მაჩვენებლით.

საერთო ჯამში, „სინოფარმის“ ვაქცინის მიერ დელტა შტამის წინააღმდეგ წარმოქმნილი ანტისხეულების დონე 1,38-ჯერ არის შემცირებული თავდაპირველ, უხანის შტამთან შედარებით.

„დასკვნა ის გახლავთ, რომ როდესაც საქმე დელტას და სხვა ვარიანტებს ეხება, „სინოფარმის“ ვაქცინა იგივე დონის ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რასაც ადამიანები ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ, რაც ძალიან კარგი ამბავია. 0-დან 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ანტისხეულები ვაქცინირებულთა 98%-ს განუვითარდა, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი 93%-ს, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ხანდაზმულთა ორგანიზმი ვაქცინებს შედარებით ნაკლებად ეპასუხება“, – განაცხადა პროფესორმა.

 

Pia.ge

Share