Home » საზოგადოება » “კვირიკაშვილის ლიდერის თვისებები ნათლად უნდა გამოიკვეთოს „ოცნების“ სიის ფორმირების პროცესში”
"კვირიკაშვილის ლიდერის თვისებები ნათლად უნდა გამოიკვეთოს „ოცნების“ სიის ფორმირების პროცესში"

“კვირიკაშვილის ლიდერის თვისებები ნათლად უნდა გამოიკვეთოს „ოცნების“ სიის ფორმირების პროცესში”

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

– ბატონო ვალერიან, საკმაოდ შთამბეჭდავი იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა ევროსაბჭოში. იგი შეეცადა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ოფიციალური თბილისის მთავარი გზავნილები მიეტანა. ასე მაგალითად, ”საქართველოს უკან დასახევი გზა არ აქვს, ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ… ”ჩვენ დიდი გზა გავიარეთ, რომ ერთიანი და თავისუფალი ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით”, ”საქართვფელო არის ნაწილობრივ ოკუპირებული და მთლიანად ევროპული ქვეყანა”, ”შეშფოთებული ვართ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების გეგმებით”, ”დემოკრატიის ისტორიაში სამართლიანობა არ აღმდგარა წინააღმდეგობების გარეშე”, ”ჩვენ მივდივართ წინ, მიუხედავად გარკვეული შიდა და გარე პრობლემებისა”, ”ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიულ ფესვებს”, ”ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები, რომელშიც ყველას თანაბრად ექნება გამარჯვების შანსი”. არ ვიცი, ვინაა პრემიერის ”სპიჩმეიქერი”, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა თემა მაქსიმალურადაა გახსნილი. თქვენ როგორ შეაფასებდით გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას. არჩევნების წინ პრემიერმა ევროსაბჭოში ”კასტინგი” რამდენად წარმატებით გაიარა?


– ვიზიარებ თქვენს ემოციურ შეფასებას, მეც ვფიქრობ, რომ პრემიერს უჩვეულოდ კარგად სტრუქტურირებული, მკაფიო აქცენტების მქონე გამოსვლა ჰქონდა.
ჩემი აზრით, ციტატა იმის შესახებ, რომ ”საქართველო არის ნაწილობრივ ოკუპირებული და მთლიანად ევროპული”, ძალზედ ეფექტური გამონათქვამია. აფხაზებმაც და ოსებმაც მიიღეს ერთმნიშვნელოვანი შეტყობინება იმის შესახებ, რომ ერთიანი ქართული სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ინტეგრირებას თვისობრივად ახალ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ სივრცეში, რომელშიც ყველაზე მეტად იქნება დაცული ამ მცირე ეთნოსების თვითმყოფადობა, გადარჩენა და შემდგომი განვითარება.

სენტენცია იმის შესახებ, რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ გათავისუფლდება მანამდე, სანამ მას არ ექნება ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, საერთოდაც, ჩემი აზრით, ისტორიის ღირსია. ხალხი, ერი და ბერი თავის ტყავზე, ყოველდღიურ ყოფაში უნდა გრძნობდეს დემოკრატიის ეკონომიკურ სიკეთეებს, კეთილდღეობას.

დემოკრატია უწინარესად ღირსეული ცხოვრების მაღალი სტანდარტია, რომელიც ვლინდება განათლებაში, ეკოლოგიაში, ტექნოლოგიაში, კულტურაში და ბევრ სხვა რამეში. სხვა საკითხია, რომ ქართველებს გაგვაჩნია მრავალსაუკუნოვანი უნიკალური გამოცდილება, რომელიც გვაძლევს საშუალებას ავაშენოთ ჩვენს თვითმყოფადობაზე აგებული სოციალური და ეთნო-კულტურული წესრიგი. შეიძლება ითქვას, რომ ევროსაბჭოში პრემიერის სტატუსით კვირიკაშვილის დებიუტი წარმატებული იყო.

– ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილის ევროპული რიტოროკა ისეთივე შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორსაც პოლიტიკაში გამოჩენისას საჯარო სივრცეში ივანიშვილის სამეტყველო ენა. იმავე ექსპერტთა მტკიცებით, მმართველი გუნდი ცდილობს კვირიკაშვილი აქციოს ლიდერად შინ და გარეთ, მაგრამ რეალურად იგი ივანიშვილის დაქვემდებარებაშია და არ არის თავისუფალი პოლიტიკური ფიგურა. როგორადაც არ უნდა იყოს, იგივე დასავლელი პარტნიორების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას საგარეო პრიორიტეტებზე არა თუ არ უთქვამს უარი, წარმატებით ახორციელებს იმ საშინაო დავალებებს, რასაც ბრიუსელი და ნატო ჩვენგან ითხოვს. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ”ქართული ოცნების”, იგივე ივანიშვილისა და კვირიკაშვილის მიმართ ისმის კრიტიკა იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ”ნაცმოძრაობა” ჩაანაცვლა, ”თვალი რუსეთისკენ უჭირავს”?


– ჩემი აზრით, ევროპული იდეის დისკრედიტაციისთვის არავის გაუკეთებია იმაზე მეტი, ვიდრე „ნაცმოძრაობას“. არსებითად, ”ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში, ჩვენ გვესმოდა განცხადებები სინგაპურისა და სინგაპურიზაციის აუცილებლობის შესახებ. ფაქტია, რომ ასოცირების ხელშეკრულება არის მიღწეული ამ ხელისუფლების პერიოდში, ვიზალიბერალიზაციას, ასევე დიდი ალბათობით, ქვეყანა მიიღებს „ოცნების“ მმართველობის პირობებში.

დიდი ალბათობით შეგვიძლია ვიხილოთ ”ქართული ოცნების” ერთგვარი ჰიბრიდული საარჩევნო სია, რომლის კრებსით პროფილში ამოვიკითხავთ როგორც მეჭიაურის ბრუტალურ ნიშნებს, ასევე რომელიმე ახალგაზრდა ტექნოკრატის იერს

ასევე შეგახსენებთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების დადების წინაპირობას წარმოადგენდა სამი ბაზისური მოთხოვნა – 1. შრომის კანონმდებლობის რეფორმირება, 2. სურსათის უვნებლობის სამსახურის აღდგენა, 3. ანტიმონოპოლიური რეგულაციის შემოღება. ”ნაცმოძრაობამ” უარი თქვა სამივე ამ პირობის შესრულებაზე და მხოლოდ ხელისუფლებაში „ოცნების“ კოალიციის მოსვლის შემდეგ, უსწრაფეს ვადებში განხორციელდა ყველა ზემოთქმული რეფორმა და ფორსირებულად წარიმართა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და რატიფიცირება. ამდენად, ყველა ხერხი, რომელსაც იყენებს ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია „ოცნებასთან“ რიტორიკულ დაპირისპირებაში, აბსოლუტურ დემაგოგიას წარმოადგენს.

– გასაგებია, რომ პრემიერის აქტიურობა შინ და გარეთ ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ რა პროდასავლური განცხადებებიც არ უნდა აკეთოს კვირიკაშვილმა, მთავარია თუ რა საარჩევნო სიით წარსდგება ”ქართული ოცნება” ამომრჩეველთა წინაშე. გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში აღარ იქნებიან ადამიანები, რომელთაც საზოგადოებაში შელახული აქვთ ავტორიტეტი, სულაც არ აღიქმებიან არც დროისა და გამოწვევების შესაბამის პერსონებად და ევროპასაც რომ თავი დავანებოთ, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მიმდევრებად?


– ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხია – რა სახეებით წარდგება ”ოცნება,” შეძლებს თუ არა დამკვიდრებული სტიგმის, „ქოცების“ ჩამოშორებას?
ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილის ლიდერის თვისებები ნათლად უნდა გამოიკვეთოს „ოცნების“ სიის ფორმირების პროცესში. ეს ლოგიკურიც არის, ვინაიდან სწორედ კვირიკაშვილს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, როგორც ”ოცნების” საარჩევნო შედეგზე, ასევე მინისტრთა კაბინეტის ეფექტიან ფუნქციონირებაზე. თუმცა, აქ არის ერთი ნიუანსი. როგორც წესი, იდეალური მოლოდინი იშვიათად სრულდება.

„ქართულ ოცნებას“ აქვს იმის ფუფუნება, რომ დაუშვას გარკვეული შიდაპარტიული კომპრომისი. ამდენად, ჩვენ დიდი ალბათობით შეგვიძლია ვიხილოთ ერთგვარი ჰიბრიდული სია, რომლის კრებსით პროფილში ამოვიკითხავთ როგორც მეჭიაურის ბრუტალურ ნიშნებს, ასევე რომელიმე ახალგაზრდა ტექნოკრატის იერს.
ამ შემთხვევაში საინტერესოა, სად და ვის სასარგებლოდ გადაიხრება ბალანსი? აისახება თუ არა ეს ბალანსი პირველ ათეულში, თუ პირველი ათეული შეასრულებს ერთგვარი შირმის ფუნქციას?

– ნამდვილად მისასალმებელი გახლდათ კვირიკაშვილის განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ, იმავდროულად, ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯი მაჟორიტალური სისტემით დეპუტატების არჩევის გაუქმების სასარგებლოდ, რომლითაც ”ფეოდალურ-მაჟორიტალური წეს-წყობილება” 2020 წლამდე შენარჩუნდება. როგორ ფიქრობთ, რატომ არაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ პარლამენტი ორპალატიანი გამხდარიყო? აშკარაა, რომ მოუგვარებელი კონფლიქტების თემა, არგუმენტად არ გამოდგება…


– გასაგებია, რომ არსებული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა წარმოადგენს მანკიერ მოდელს. გასაგებია ისიც, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე არ დათმობს ამ მოდელს, რათა რთულად პროგნოზირებადი არჩევნები არ გადაიქცეს სრულიად არაპროგნოზირებად არჩევნებად.

ხელისუფლების კულუარული ლოგიკა მარტივად გამოსაცნობია. ფაქტია, რომ პოლიტიკური კონკურენცია დღეს ისეთია, როგორიც არ ყოფილა უკანასკნელი 22 წლის განმავლობაში. ფაქტია ისიც, რომ გარემო არის მნიშვნელოვნად უფრო თავისუფალი და ლიბერალური. ამ ვითარებას ხელს უწყობს ასევე ობიექტური პროცესი. ამ არჩევნებზე უპრეცედენტოდ გაიზრდება ციფრული მაუწყებლების და სოციალური მედიის როლი და გავლენა. არასამთავრობო სექტორი ასევე იმყოფება თავისი ძლევამოსილების ზენიტში და ხელისუფლება ნათლად აცნობიერებს, რომ ყველაფერი ეს არ დაასხავს წყალს მის წისქვილზე.

ამიტომაც, მაჟორიტარული რეკრუტირების სისტემის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“. როგორც თავის დროზე ეს მნიშვნელოვანი იყო შევარდნაძისთვის და შემდგომ სააკაშვილისთვის. მართალია, ორივე უკანასკნელს არც ამან უშველა და ყველა ერთად, კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ დედამიწის ზურგზე არ არის არაფერი იმაზე სტაბილური, ვიდრე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული დეპუტატი.

თუმცა, ხელისუფლება იმასაც ითვალისწინებს, რომ მცირე გამონაკლისის გარდა, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის, სასიცოცხლო ციკლი უდრის ორ საარჩევნო კადენციას. ეს სრულად ესადაგება კოალიციის დაპირებას იმის შესახებ, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება ახალი სისტემის პირობებში. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება და „ოცნება“ არ იტყვის უარს „კოალიციის“ დაპირებაზე და არ გაიმეორებს თავისი წინამორბედების ბედს.

– მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გარკვეულა, თუ როდის დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია, ფაქტია, რომ ქვეყანა კარგა ხანია ცხოვრობს წინაარჩევნო რეჟიმში. ოპოზიცია ხელისუფლებას ”საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების მიღებას სთავაზობს, მაგრამ ცხადია, რომ ეს ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ახლა აქტიურად განიხილება ასეთი თემა – პარტიები, რომლებიც ხმათა 2%-ს მიიღებენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდნენ. გაუგებარია, რატომ უნდა დააფინანსოს ბიუჯეტმა პარტიები, რომლებსაც 2%-იანი რეიტინგი აქვთ? რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ამ წინადადების ავტორი მმართველი პარტიაა?


– ეს ყველაფერი წააგავს პოლიტიკურ კორუფციას. რაში უნდა აწყობდეს ხელისუფლებას თავისი კონკურენტების ფინანსური წახალისება? პირველი, ხელისუფლება ახდენს არასაპარლამენტო ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის დისკრედიტაციას. თუმცა, მეფიქრება, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არც არის წინააღმდეგი ამგვარი დისკრედიტაციის, ვინაიდან ამ დისკრედიტაციის შედეგად იღებს საკმაო თანხას თავისი უბადრუკი პოლიტიკური ცხოვრების გასახანგრძლივებლად.

მმართველ გუნდს აწყობს პლურალისტული საარჩევნო კომპოზიციის შექმნა, ვინაიდან პოლიტიკური მრავალფეროვნება ხსნის ყველა კითხვას არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, ოპოზიციურ ფლანგზე ახდენს ხმების დაქსაქსვას

მეორე, მმართველ გუნდს აწყობს რაც შეიძლება პლურალისტული საარჩევნო კომპოზიციის შექმნა, ვინაიდან პოლიტიკური მრავალფეროვნება ამ კონკრეტულ ვითარებაში ხსნის ყველა კითხვას არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, კიდევ უფრო ახდენს ოპოზიციურ ფლანგზე ხმების დაქსაქსვას, რაც არ შეიძლება არ ახარებდეს სახელისუფლებო პარტიას.

– საარჩევნო წელია და პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე ახლა ბევრი საუბრობს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებულ ძალთა ბალანსში ცვლილება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. თუ თქვენი აზრითაც ასეა, სავარაუდოდ, რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რამაც შესაძლოა მოახდინოს პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსის ცვლილებაზე გადამწყვეტი როლი? და სავარაუდოდ, ბალანსი რა ტიპის პარტიების სასარგებლოდ შეიძლება მოხდეს?


– ცვლილებები არსებულ ძალთა ბალანსში თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ არ არის სასურველი. მაგალითად, ერთ-ერთი სცენარი გულისხმობს ე.წ პროდასავლური და ე.წ პრორუსული ძალების კონფრონტაციას. სხვათა შორის, ამ სცენარის წახალისებას ერთის მხრივ ახდენს ბატონი კარასინი, თავისი არაორაზროვანი მინიშნებებით იმის შესახებ, რომ რუსეთის მოთმინების ფიალა შეიძლება აივსოს, თუ კი საპარლამენტო კამპანიის დროს „დაიჩაგრებიან“ პრორუსული ძალები, ხოლო მეორე მხრივ, ესკალაციის მცდელობა შეინიშნება ”ნაცმოძრაობის” მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებში, რომელსაც ჩემთვის დღემდე ამოუცნობი მიზეზით, დიდი ენთუზიაზმით ავრცელებს ხან NDI ან კიდევ ხან IRI.

თუ ”ოცნებას” შეექმნება მნიშვნელოვანი პრობლემები და მისი ელექტორალური წონა მკვეთრად დაეცემა, მაშინ შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია სავსებით რეალური იქნება

ჯერჯერობით ეს საშიშროება არ ჩანს, ვინაიდან მძლავრი ბუფერის ფუნქციას ასრულებს „ოცნება“. თუ ”ოცნებას” შეექმნება მნიშვნელოვანი პრობლემები და მისი ელექტორალური წონა მკვეთრად დაეცემა, მაშინ შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია სავსებით რეალური იქნება. აქედან გამომდინარე, დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ჩემის აზრით, საუკეთესოა პროფესიული
უნარებისა და რეპუტაციის თვალსაზრისით, საქართველოს უახლეს ისტორიაში, ასევე შეიძლება იქცეს დესტრუქციული აქტივობების ეპიცენტრში. ცeსკო-ს მიზანში აყვანის მცდელობები უკვე შეიმჩნევა ჯერ კიდევ ცალკეულ საინფორმაციო შეტევებში.

– დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია ”ნაცმოძრაობის” მყარი ელექტორატის მაქსიმალურად დანაწევრება,” რისთვისაც ის მცირე პარტიებს გამოიყენებს. 2012 წელს ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოქმედების გეგმად – ”შუა უნდა გაიკრიფოს” დაასახელა. 2012 წლის არჩევნებმა დაგვანახა, რომ ”შუა” მართლაც წარმატებით გაიკრიფა. თქვენი აზრით, სავარაუდოდ როგორია 2016 წლის არჩევნებზე ”შუა უნდა გაიკრიფოს” მსგავსი ივანიშვილის მოქმედების გეგმა” და ამ გეგმის შესამაბისად როგორი პარლამენტის მიღება იქნება შესაძლებელი?


– ამჯერად, 2016 წლის არჩევნებზე ივანიშვილის „ოცნება“ გამოიყენებს სოლომონ ბრძენის სახელობის სტრატეგიას, რომელსაც ეწოდება „ჟამი ქვების გაბნევისა“.

2016 წლის არჩევნებზე ივანიშვილის „ოცნება“ გამოიყენებს სოლომონ ბრძენის სახელობის სტრატეგიას, რომელსაც ეწოდება „ჟამი ქვების გაბნევისა“

მართლაც, გამოჩნდა ბევრი პარტია, რომლის დანიშნულებასაც მე ვხედავ მხოლოდ მარკეტინგულ პრიზმაში. „გირჩი“, „ბედნიერი საქართველო“ – ყველა ამ და სხვა პარტიას მკაფიო ამოცანები გააჩნია. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა ასევე ახალი შექმნილი და საკმაოდ ამბიციური „თავისუფლების პარტია“. მოკლედ ამ საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ შევხვდებით სხვადასხვა მარკეტინგულ სტრატეგიას „ბრენდის კანიბალიზაციით“ დაწყებული და „ტროას ცხენით“ დამთავრებული.


წყარო: “ინტერპრესნიუსი”

Share