Home » ფინანსები » ,,კურსის ფორმირების მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ლარის კურსის სამართლიან ჩამოყალიბებას’’
,,კურსის ფორმირების მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ლარის კურსის სამართლიან ჩამოყალიბებას’’

,,კურსის ფორმირების მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ლარის კურსის სამართლიან ჩამოყალიბებას’’

1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 61 თეთრი გახდა. სპეციალისტების დიდი ნაწილის შეფასებით ლარის დევალვაცია მინიმუმ ახალ წლამდე გაგრძელდება. ვინ და რა შეაჩერებს ლარის გაუფასურებას, რა ბერკეტები აქვს ამისთვის სახელმწიფოს – ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაცემა ‘’ბიზნესკოდში’’, ეკონომისტმა, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა ისაუბრა.

მისივე განცხადებით, არსებობს რამოდენიმე საყურადღებო ფაქტორი, რამაც ლარის ამჟამინდელი გაუფასურება განაპირობა

,,პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ფუნდამენტალური ფაქტორებით არ არის გამოწვეული ლარის დღევანდელი მდგომარეობა. აქ, მიზეზი არის თვითონ კურსის ფორმირების მექანიზმის პრობლემატიკაში. სისტემა ვერ უზრუნველყოფს ლარის კურსის სამართლიან ჩამოყალიბებას. სამართლიანი კურსი ნიშნავს იმას, რომ ის ასახავს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას, არამხოლოდ სავალუტო ბაზარზე, არამედ მთლიან ეკონომიკურ სისტემაში. ამისათვის კი აუცილებელია მოხდეს მოთხოვნა-მიწოდების კონცენტრაცია სავალუტო ბაზარზე’’,- აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

მისი თქმით, განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც მცირე მასშტაბის ეკონომიკებია, იქ აუცილებელია არსებობდეს კურსის სტაბილიზაციის მექანიზმები სავალუტო ბირჟის სახით. სავალუტო ბირჟაზე ხდება მოთხოვნა-მიწოდების კონცენტრაცია, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტური კურსის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. მეორე ეს არის ის რომ სპეკულაციური გარიგებების შესრულება არის შეზღუდული.

,,დაწესებულია მინიმალური ლიმიტები, რა ლიმიტებზეც შეიძლება შეიცვალოს კურსი. თუ დღეს შესაძლებელია, რომ პატარა თანხით შეიცვალოს კურსი, სავალუტო ბირჟაზე ეს შეუძლებელი იყო. მინიმალური ზღვარი იყო 20 მილიონი დოლარი, რათა შეცვლილიყო სავალუტო კურსი. მესამე, ეს არის გარიგებების შესრულების გარანტია, ვინაიდან ორმა ბანკმა შესაძლოა დადოს გარიგება, მაგრამ არ შეასრულონ. აქედან გამომდინარე კი გამოდის , რომ ის გარიგება არის უბრალოდ ჰაერში და ზემოქმედებას ახდენს სავალუტო კურსზე’’,- განაცხადა ვახტანგ ხომიზურაშვილმა.

ხომიზურაშვილის თქმით, დახურულია კურსის ფორმირების სისტემა და აქედან გამომდინარე ჩნდება ეს მოლოდინები რაც დღეს არის. საუბარია საბაზრო პრინციპებზე. პირველი რიგში სპეკულაციური გარიგებები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, იქნება კონცენტრაცია და გამჭვირვალობა.

ლევან ლაგვილავა

Share