Home » ბიზნესი » „კურსის არასტაბილურობის გამო, ბანკებმა ბიზნესს 48 მლნ დოლარი ამოაცალეს“
„კურსის არასტაბილურობის გამო, ბანკებმა ბიზნესს 48 მლნ დოლარი ამოაცალეს“

„კურსის არასტაბილურობის გამო, ბანკებმა ბიზნესს 48 მლნ დოლარი ამოაცალეს“

„ესტონური მოდელის ამოქმედების შედეგად, იმპორტზე დამოკიდებულ ბიზნესს მოგება უნდა დარჩენოდა, თუმცა კურსის ცვალებადობა ამის საშუალებას არ აძლევს“, –  ამის შესახებ  „კომერსანტს“ საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია „ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორმა, ბიზნესის ანალიტიკოსმა ჯაბა თარიმანაშვილმა განუცხადა.

ე.წ. ესტონური მოდელი 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება არა მოგების მიღება, არამედ მოგების დივიდენდად განაწილება. მარტივად რომ ვთქვათ, ახალი მოდელი ახალისებს კომპანიებს მოახდინონ მიღებული მოგების რეინვესტირება მათივე საქმიანობაში.

თუმცა ჯაბა თარიმანაშვილის განმარტებით, „ესტონური მოდელის“ წარმატებულობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია: „მოდელი ზოგადად კარგია მაშინ, როცა ბიზნესი მოგებაზე მუშაობს. თუ ქვეყანაში საერთაშორისო ბიზნესი არ არსებობს, თუ ბიზნესი სოლიდურ მოგებას ვერ იღებს, ავტომატურად ის რეინვესტირებას ვერ განახორციელებს. შესაბამისად, რეინვესტირების მოლოდინზე საუბარი არასწორია. წლის ბოლოს დაითვლება „ესტონურმა მოდელმა“ რა შედეგები მოგვიტანა, ბიზნესმა რა დონის რეინვესტირება განახორციელა და მოგება მიიღო თუ არა,“ — განაცხადა თარიმანაშვილმა.

მისივე თქმით, ე.წ. ესტონურ მოდელს რა ეფექტიც უნდა მოეტანა, ვერ მოიტანა იმის გამო, რომ ლარის კურსი არასტაბილურია. ეს იმპორტზე დამოკიდებულ კომპანიებს მოგების მიღების საშუალებას არ აძლევს.

„კომპანიას თუ დარჩა მოგება და აღნიშნული მოგების რეინვესტირება ბიზნესში მოახდინა, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება, მაგრამ „ესტონური მოდელი“ არ ათავისუფლებს ბიზნესს, თუ დივიდენდის აღება მოახდინა. ის ჩვეულებრივ იბეგრება 20%-ით. ასევე, რაც შეეხება დარჩენილ მოგებას, ბოლო პერიოდში, ოქტომბერში ლარის 16 თეთრიანი გაუფასურება გვქონდა. ეს კურსის ცვალებადობა იმპორტზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბიზნესიდან ახდენს ფულის „ამოქაჩვას“.

ხშირ შემთხვევაში იმპორტზე დამოკიდებული კომპანიები, დოლარში ახდენენ საქონლის შეძენას და შემდგომ ლარში ყიდიან. ასეთმა კომპანიებმა ამ ერთ თვეში მოგების 6% დაკარგეს.  ბოლო 10 თვის მონაცემებით იმპორტის მოცულობამ 8 მილიარდი ლარი შეადგინა, ანუ თვეში 800 მილიონი. ეს რომ 6%-ზე გავამრავლოთ, ვიღებთ 48 მილიონ დოლარს, რომლის ამოღებაც მოხდა ოქტომბერში ბიზნესიდან.  კურსის ცვალებადობის გამო, ბიზნესს ბანკებმა 48 მილიონი დოლარი ამოაცალეს. ამდენად, „ესტონურმა მოდელმა“ შესაძლებელია იმპორტზე დამოკიდებულ ბიზნესს მოგება საერთოდ არ დაუტოვოს“, – განმარტავს თარიმანაშვილი.

ამასთან, ბიზნესის ანალიტიკოსის განცხადებით, ქვეყანაში ბიზნესს ის პრობლემაც აქვს, რომ საერთაშორისო განვითარების შესაძლებლობა არ აქვს, რაც შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობის შედეგი შეიძლება იყოს.

„ამ ეტაპზე კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, საქართველოს არ აქვს. ჩვენთან კომპანია წარმატებულ მაგალითს რომ შექმნის, ცდილობს განვითარება ქვეყანაში გააგრძელოს და არა ქვეყნის გარეთ. ეს შეიძლება იყოს როგორც კანონმდებლობის, ასევე ცოდნის პრობლემა. ფაქტია, რომ საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, ამიტომაც ვერ ხერხდება ბიზნეს საქმიანობიდან სერიოზული დივიდენდის აღება. ასეთ პატარა ქვეყანაში ხშირად ბიზნესი ერთმანეთის კონკურენტია, რაც განვითარებას ხელს უშლის“, – აღნიშნავს ჯაბა თარიმანაშვილი.

commersant.ge

Share