Home » საზოგადოება » კორპუსს, რომლის ნაწილიც ბათუმში ჩამოინგრა, სრულად დაანგრევენ

კორპუსს, რომლის ნაწილიც ბათუმში ჩამოინგრა, სრულად დაანგრევენ

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსი, რომლის ნაწილიც 8 ოქტომბერს ჩამოიშალა, მთლიანად დემონტაჟს ექვემდებარება.

სპეციალისტების დასკვნით, აღნიშნული კორპუსი გამაგრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, საკრებულოს სხდომაზე დემონტაჟისთვის აუცილებელი ფინანსების საკითხზე იმსჯელეს.

„ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება და დემონტჟს ექვემდებარება. დემონტაჟისთვის ნახევარი მლნ ლარი გამოიყოფა, ნაწილი მიმდინარე წელს და ნაწილი მომავალ წელს“, – განმარტავენ ბათუმის მერიაში.

რაც შეეხება დაზიანებული შენობის მომიჯნავე კორპუსებს, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლელა სურმანიძის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ეს კორპუსები მდგრადია.

როგორც აღინიშნა, კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მომიჯნავე კორპუსიც მდგრადია, თუმცა მას დამატებით ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

დანგრეული კორპუსიდან 55 ოჯახია გაყვანილი. მათთვის განიხილება მერიის საბინაო ფონდიდან ბინების, ასევე ფულადი კომპენსაციის გადაცემა. კორპუსის მცხოვრებლებთან მერიის წარმომადგენლები შეხვედრას დღეს გამართავენ.

Share