Home » ეკონომიკა » კოოპერაციული პროექტები გაუმჯობესებას ითხოვს
კოოპერაციული პროექტები გაუმჯობესებას ითხოვს

კოოპერაციული პროექტები გაუმჯობესებას ითხოვს

ბოლო წლებში განვითარებულმა ეკონომიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ის პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია აგრარული სექტორის განვითარების მიმართ არასისტემურ მიდგომებთან და ხშირ შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგების უკუშედეგების მომტან ორგანიზაციულ მოწყობასთან. უკვე აშკარა გახდა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტიანი მოდელების შექმნისა და მთავრობის მიერ შემუშავებული 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, აგრარულ სექტორში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  განსაკუთრებული როლი უნდა მიენიჭოს. საკითხი ეხება აგრარულ სექტორში მრავალმხრივი და კომპლექსური ხასიათის მქონე სისტემური ცვლილებების და ახალი საინვესტიციო პოლიტიკის გატარებას, რაც სახელმწიფო მხარდაჭერასთან ერთად კერძო სექტორის და  სპეციალიზირებული საფინანსო ინსტიტუტების გააქტიურებასთან არის დაკავშირებული.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები, სადაც კოოპერატივებს გრანტის სახით გადაეცემა საწარმოო-ტექნოლოგიური აღჭურვილობა, მაგრამ საწარმოს შენობის აშენება წარმოადგენს კოოპერატივის ვალდებულებას. აქ მთავარია შემდეგი გარემოება: დღეს სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფება უკიდურესი გაჭირვებაში და არ გააჩნიათ არათუ სამეწარმეო პროექტების თანადაფინანსების შესაძლებლობა, არამედ გაჭირვებით ახერხებენ ყოველდღიურ თავის გატანას. ამ მხრივ კარგი მაგალითია უკანაფშავის ტერიტორიულ ერთეულში, სოფ. შუაფხოში განხორციელებული პროექტი, რომლითაც ადგილობრივ კოოპერატივს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცა სათიბები და საძოვრები გრძელვადიანი იჯარით, რძის გადამმუშავებელი საწარმო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს უპრეცენდენტო დახმარებას, კოოპერატივის წევრებმა ვერ შეძლეს პროგრამით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 10%-ის შეგროვებაც კი, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა უკანაფშავში პროექტის განხორციელება.

ამ გარემოებასთან მიმართებაში აუცილებელია პრობლემის სიღრმისეული ეკონომიკური ანალიზი, რაც ფუნდამენტალურად განსხვავებულ მიდგომებს აყალიბებს (ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია საქართველოს მთიანეთის ისტორიული ფუნქციის – თავდაცვითი, დემოგრაფიული, აგრარული – აღდგენის დიდი მნიშვნელობა). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოფლის მოსახლეობას პრაქტიკულად არ გააჩნია ფულადი რესურსები პროექტების თანადაფინანსებისთვის, ისინი ფლობენ რესურსებს მიწის, პირუტყვის, სხვა მატერიალური რესურსების და რაც მთავარია შრომითი რესურსის სახით, რომელიც ერთიანობაში შეადგენს მნიშვნელოვან კაპიტალს, რომლის მოქმედებაში მოყვანაც უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამეწარმეო, უპირატესად კოოპერაციული პროექტების საშუალებითშესაბამისად, აქცენტის გაკეთება მხოლოდ იმაზე, რომ მოსახლეობას არა აქვს ფულადი რესურსები თანადაფინანსების განსახორციელებლად და ამ მოტივით თავისშეკავება პროექტების განხორციელებისგან, წარმოადგენს სერიოზულ შეცდომას, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკის გატარებას. ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ  თავი კი არ უნდა შეიკავოს პროექტების განხორციელებისგან,  არამედ, პირიქით,  უნდა გაიღოს ადეკვატური ხარჯები, რათა მკვეთრად გაზარდოს მოსახლეობის სამეწარმეო აქტივობა და შემოსავლები. ეს სავსებით შესაძლებელია. მთიანეთის კოოპერაციულ პროექტებში დამატებით უნდა ჩაერთოს ახალი კომპონენტები, როგორებიცაა: საცავები კარტოფილისა და სხვა პოდუქტების შესანახად, საშრობები მშრალი ხილისა და კენკროვანების წამოებისათვის და პირუტყვის სასაკლაოები.

სამწუხაროდ, სოფლის მოსახლეობის, განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს არსებულ რეალობას და აუცილებელია სახელმწიფო უწყებების, ასევე სპეციალიზირებული ფონდებისა და დონორი ორგანიზაციების პროექტები დაიგეგმოს ამ მოცემულობის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ინვესტიციების ქმედითუნარიანობა და პროექტების სიცოცხლისუნარიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, სოფლად, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა, იკვეთება სხვადასხვა ხასიათის პრობლემა, რომელთა მოგვარება შემდეგიღონისძიებების გატარებას მოითხოვს:

  1. აუცილებელია შეიცვალოს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კრიტერიუმი, და უნდა დადგინდეს, რომ პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სიმბოლურ ფასად, თუ იგი განახორციელებს ამ ქონების ღირებულების არა 4-ჯერ (არსებული ნორმა), არამედ 2-ჯერ მეტი ღირებულების ინვესტიციას.

მაგალითად, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ტრადიციულად აწარმოებს ისეთი ჯიშის ყურძენს, როგორიცაა ტვიში, ორბელური ოჯალეში, ცოლიკაური, უსახელაური, საიდანაც მზადდება უნიკალური, მაღალი ღირებულების ღვინოები. სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს გადაცემს 400 000 ლარის ღირებულების ყურძნის გადამმუშავებელ დანადგარებს იმ პირობით, თუ საწარმოს შენობას ააშენებს კოოპერატივი. მოგეხსენებათ, ცაგერის სოფლების მოსახლეობა მცირემიწიანია, ოჯახები იმყოფებიან მძიმე ეკონომიკურ პირობებში და ამიტომ ბევრი სოფელი უკვე დაცლის საშიშროების წინაშე დგას. უკანაფშავშის ანალოგიურად, მათაც არ გააჩნიათ სათანადო რესურსები პროექტის თანადაფინანსებისთვის, კერძოდ ღვინის საწარმოს ასაშენებლად. ამავდროულად, სოფელ ორბელში არსებობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ღვინის საწარმოს ამორტიზირებული შენობა, რომელიც მოუვლელობით დანგრევის პირას არის მისული და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ იგი შეფასებულია 180 000 ლარად.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ კოოპერატივზე აღნიშნული შენობის გადაცემის შემთხვევაში, კოოპერატივი შეძლებს მის გარემონტებას, ჩაერთვება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს პროგრამაში და მიიღებს ყურძნის გადამმუშავებელ აღჭურვილობას, რაც მოსახლეობას მისცემს საშუალებას, მიიღოს მნიშვნელოვნად გაზრდილი შემოსავალი არა ყურძნის, არამედ მაღალი ღირებულების ღვინის რეალიზაციიდან. მაშინ, როდესაც აღნიშნული პროექტი შეიძლება გახდეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური გაჯანსაღების ძლიერი ბერკეტი, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დადგენილი პირობით მისი განხორციელება ვერ მოხდება იმის გამო, რომ ინვესტიციის ღირებულება 400 000 ლარი არ არის 4-ჯერ მეტი საპრივატიზაციო შენობის ღირებულებაზე.

ანალოგიურია მდგომარეობა იმ მაღალმთიან სოფლებში, სადაც დაწყებულია რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის მეტად მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამები. ამ პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებლია, რომ კოოპერატივებს გაუჩნდეთ საშუალება, მოახდინონ პირუტყვის კონცენტრაცია  მეცხოველეობის ფერმებში, სადაც ორგანიზებულად განხორციელდება რძის წარმოების, პირუტყვის კვების, ვეტერინარიის, ჯიშთა განახლების ღონისძიებები და მნიშვნელოვნად შემცირდება როგორც პროდუქციის თვითღირებულება, ასევე სხვადასხვა დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები. მაშინ, როდესაც სოფლებში არსებობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული მეცხოველეობის ფერმები, რომელიც დღითიდღე ნადგურდება, კოოპერატივები ვერ იყენებენ მათ იმის გამო, რომ აქაც, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დადგენილი პირობებით, მოსახლეობა ვერ განახორციელებს აღნიშნული სადგომების ღირებულების ოთხმაგ ინვესტიციას.

  1. კოოპერატივების გამართული საქმიანობისთვის აუცილებელია თანხების მობილიზება კოოპერატივების საბრუნავი საშუალებებისთვის, რისი მატერიალური შესაძლებლობაც მეპაიეებს უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნიათ.

ეს პრობლემა ასევე დაკავშირებულია კოოპერატივების მეპაიეების მიერ წარმოებული პროდუქციის გადამუშავებასა და რეალიზაციასთან; საწყის ეტაპზე კოოპერატივი ვერ ახდენს კოოპერაციული შემოსავლების (ავანსის) სახით ანგარიშსწორებას მეპაიეებთან იმის გამო, რომ იგი შემოსავალს იღებს გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაციიდან. კოოპერატივი მეპაიესთან ანგარიშსწორებას ახდენს გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც კოოპერატივის მიერ გადამუშავებული პროდუქცია მიიღებს საბოლოო სახეს და მოხდება მისი რეალიზაცია.

მაღალი ხარისხის და ღირებულების ყველის წარმოების შემთხვევაში ეს პერიოდი დაკავშირებულია ყველის მომწიფებასთან და რეალიზაციასთან, რომელიც მოიცავს 1-დან 6 თვემდე პერიოდს; მაღალხარისხიანი ღვინის წარმოების შემთხვევაში კი აღნიშნული პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გრძელდება. სოფლის მოსახლეობა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებულია პირველადი პროდუქცია (რძე, ყურძენი და სხვა) ჩააბაროს შუამავალ პირებს, ან გადამმუშავებელ საწარმოებს, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილი არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების (შპს) სახით და ამით უარი თქვას საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან დამატებითი ღირებულების მიღებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში 2-3-ჯერ მეტია პირველადი პროდუქციის ჩაბარების ფასებზე; მოსახლეობა იძულებულია დათანხმდეს გადამმუშავებელი საწარმოების მიერ დაწესებულ ნედლეულის შესყიდვის დისკრიმინაციულ ფასებს, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ ანაზღაურებს თვით ამ პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც კი.

არსებულმა რეალობამ ნათელი გახადა, რომ საწარმოო ურთიერთობათა ასეთი ფორმა სოფლის მოსახლეობისათვის მხოლოდ უკუშედეგის მომტანია, რადგან იგი ავტომატურად იწვევს მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოტივაციის და ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის მოშლას და ხდება ერთის მხრივ – აგრარული წარმოების პარალიზების, ხოლო მეორეს მხრივ –  სოფლებიდან მოსახლეობის გაძლირებული მიგრაციის საფუძველი.

ყურძნის მწარმოებელი კოოპერატივებისთვის აღნიშნული პრობლემის მოგვარება უნდა მოხდეს კოოპერატივების საბრუნავი საშუალებების დაფინანსებით, 1-დან 2-წლამდე ვადით, რაც უზრუნველყოფს კოოპერატივების გამართულ ფუნქციონირებას, მნიშვნელოვნად გაზრდის მევენახეთა შემოსავლებს არა ყურძნის, არამედ ღვინის რეალიზაციიდან და ამასთანავე მნიშვნელოვნად შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყურძნის შესყიდვის სუბსიდირების მოცულობას.

ამიტომ კოოპერაციის პროცესის სწორად წარმართვისათვის, აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერის სპეციალიზირებული საინვესტიციო  ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ამ კუთხით განვითარებული არაერთი ქვეყნის მსგავსად, სადაც ასეთი პრაქტიკა არაერთ ათეულ წელს ითვლის, მაგრამ ასეთი  ინსტიტუტების არარსებობის პირობებში,  კოოპერატივების განვითარების საწყის ეტაპზე, აუცილებელია კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერის განახორციელებაში აქტიურად ჩაერთონ საქართველოში არსებული საინვესტიციო ფონდები (საქართველოს საპარტნიორო ფონდი) და დონორი ორგანიზაციები.

  1. აუცილებელია საქართველოში დაარსდეს სასოფლო-სმაურნეო პროდუქტების გადამუშავების საწარმოო-ტექნოლოგიური დანადგარების დამამზადებელი საწარმო.

მიმდინარე პერიოდში საქართველოში, პროგრამების: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ პროგრამები და სხვა, საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ბევრი პროექტი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოებში კაპიტალური ინვესტირების კუთხით. აღნიშნული პროექტებით განსაზღვრული საწარმოო-ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეძენა ხდება სახელმწიფო ტენდერების საშუალებით, სადაც მონაწილეობას იღებენ შუამავალი კომპანიები, რომლებიც ახდენენ სხვა ქვეყნებში წარმოებული მანქანა-დანადგარების შესყიდვას.  აღნიშნული სქემით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული აღჭურვილობის შეძენა ხდება ამ მანქანა-დანადგარების მწარმოებლის ფასებზე გაცილებით მაღალ ფასებში. შედეგად ათეულობით მილიონი დოლარი გაედინება ქვეყნის გარეთ და ამასთანავე ხმარდება შუამავლების ინტერესების დაკმაყოფილებას.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმოო-ტექნოლოგიური დანადგარების წარმოება უნდა გახდეს საქართველოს ინდუსტრიული განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ საკითხის განხორციელება შესაძლებელია ერთობლივი საწარმოს შექმნით სხვა ქვეყნის ცნობილ კომპანიებთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობით,  რომელიც ორგანიზებას გაუწევს აღნიშნული პროექტის მომზადებას და სადაც თავმოყრილია ამ სფეროს არაერთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აქაც ფინანსური მხარდაჭერა მიზანშეწონილია განხორციელდეს საქართველოს საპარტნიორო ფონდის მიერ.

კოოპერაციის ფინანსური მხარდაჭერის სისტემური ღონისძიებები  ხელს შეუწყობს ძლიერი კოოპერაციული გაერთიანებების ჩამოყალიბებას, მოსახლეობის აქტივობის ამაღლებას, სამეურნეო საქმიანობაში მათ მასობრივ ჩართულობას და აღწარმოების მასშტაბების გადიდებას, რაც, საბოლოო ანგარიშით, შექმნის მყარ გარანტიებს აგრარული  რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრისათვის.

პაატა კოღუაშვილი,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიკოსი.

Share