Home » ეკონომიკა » კონტრაბანდული სიგარეტი ბაზარზე 20-ჯერ გაიზარდა – საქონლის მსხვილი პარტიები ენგურის ხიდის გავლით უკონტროლოდ შემოდის
კონტრაბანდული სიგარეტი ბაზარზე 20-ჯერ გაიზარდა – საქონლის მსხვილი პარტიები ენგურის ხიდის გავლით უკონტროლოდ შემოდის

კონტრაბანდული სიგარეტი ბაზარზე 20-ჯერ გაიზარდა – საქონლის მსხვილი პარტიები ენგურის ხიდის გავლით უკონტროლოდ შემოდის

თბილისი (BPI) – კონტრაბანდული სიგარეტი ბაზარზე ოცჯერ გაიზარდა. კომერსანტის ინფორმაციით, 2016 წელს სამართალდამცველებმა 26 ათას კოლოფზე მეტი კონტრაბანდული თამბაქო ამოიღეს. 2017-ში კი ნახევარ მილიონზე მეტი.

კონტრაბანდული სიგარეტი, აფხაზური აქციზური მარკით, საკონტროლო შესყიდვის დროს კურიერმა ზუგდიდის ცენტრში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იყიდა. მიმდებარე სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები კონტრაბანდული პროდუქციით ვაჭრობაში დარღვევას ვერ ხედავენ.

ზუგდიდში, თითქმის, ყველა სავაჭრო ობიექტში კონტრაბანდული პროდუქციის შეძენა უპრობლემოდაა შესაძლებელი. სავაჭრო ობიექტებში ყიდიან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოტანილი არამხოლოდ თამბაქოს, არამედ სხვა პროდუქციასაც.

ადგილობრივები კურიერთან ყვებიან, რომ კონტრაბანდისტებმა კარგად იციან, როდის არის ხელსაყრელი მდინარე ენგურის უპრობლემოდ გადალახვა, მერე კი ტყით უკანონო საქონლის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოტანა.

ენგურის გაღმა ნაპირზე საოკუპაციო რეჟიმის 4 საგუშაგოა და ამდენივე საკონტროლო პუნქტი აქვთ ქართველ სამართალდამცველებს სამეგრელოს მხარეს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ წილი მაღალჩინოსნებთან მიდის და სწორედ ისინი თანამშრომლობენ საოკუპაციო რეჟიმის თანამშრომლებთან.

ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს ორგანიზაციის თავმჯდომარე, მურთაზ ზოდელავა, ამტკიცებს, რომ ტყის ძმების მეთაურმა, დავით შენგელიამ და გუბერნატორმა, ლევან შონიამ, კონტრაბანდული ქსელი სამეგრელოსი წლების წინ ააწყვეს.

გუბერნატორი შონია კურიერის მიერ დასმულ კითხვებს გაექცა, თუმცა, იმის თქმა მოესწრო, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში წარმოებული და უაქციზო პროდუქციის გადმოტანასა და გაყიდვაში პრობლემას ვერ ხედავს.

მურთაზ ზოდელავას მტკიცებით, გუბერნატორი და სუს-ის რაიონული ორგანიზაცია აკონტროლებს თხილის ბიზნესს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ცენტრალური ხელისუფლება გუბერნატორის კლანურ მმართველობაზე ინფორმირებულია, თუმცა, თვალს ხუჭავს, რადგან არჩევნების დროს ის ქართული ოცნების რეგიონში ხმების მობილიზებას ახდენს, ამაში კი კონტრაბანდის ბიზნესში ჩართულ ტყის ძმების ყოფილი მეთაური, დავით შენგელია, ეხმარება.

“რუსთავი 2”

Share