Home » მსოფლიო » კონფისკაცია, გარიგებების შეზღუდვა, იძულებითი კონვერტაცია – ბელორუსში სავალუტო ოპერაციები მკაცრად იზღუდება

კონფისკაცია, გარიგებების შეზღუდვა, იძულებითი კონვერტაცია – ბელორუსში სავალუტო ოპერაციები მკაცრად იზღუდება

ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ბელორუსიის ცენტრალურ ბანკსა და მთავრობას უფლებამოსილება ენიჭებათ ქვეყანაში მკაცრად შეზღუდონ სავალუტო ოპერაციები.

ახალი განკარგულების თანახმად, ერთ წლის განმავლობაში, ბელორუსიის ცენტრალურ ბანკს შეეძლება აკრძალოს სავალუტო ოპერაციები, ვალუტის გადაცვლის ოპერაციები, დაადგინოს შეზღუდვები ამ ოპერაციების ოდენობებისა და ვადების შესახებ და ასევე გასცეს სპეციალური ნებართვა უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისთვის.

გარდა ამისა, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შეეძლება იურიდიული პირების ანგარიშებიდან ვალუტის დე ფაქტო კონფისკაცია, იძულებითი კონვერტირება ბელორუსულ რუბში, აგრეთვე, ანგარიშების გახსნა და გადარიცხვა უცხოურ ბანკებში.

ასეთი ზომების მიზეზი შეიძლება იყოს “ბელორუსის ეკონომიკური უსაფრთხოების საფრთხე და მისი ფინანსური სისტემის სტაბილურობა”, – ციტირებს გამოცემა TASS-ი ლუკაშენკოს განკარგულებიდან.

როგორც გამოცემა finanz.ru აღნიშნავს, ბელორუსი სავალუტო კრიზისისთვის ემზადება, რომელიც გამოწვეული ოქროს რეზერვების შემცირებით. 2020 წლის იანვრიდან აღნიშნული რეზერვების 20%-იანი კლება ფიქსირდება.

მათი ამჟამინდელი ზომა – 6,9 მილიარდი აშშ დოლარია, რომელიც სცილდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მინიმალურ სტანდარტს. წლის ბოლოს, ცენტრალური ბანკის პროგნოზით, რეზერვები 6 მილიარდ დოლარამდე შემცირდება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბელორუსის ცენტრალურ ბანკს კიდევ უფრო ნაკლები რეალური ვალუტა აქვს, რაც გამომდინარეობს მისი სტატისტიკური მონაცემებიდან. რეზერვების ნახევარზე მეტი ოქროს და რეპო სესხებშია, ხოლო ლიკვიდური სავალუტო აქტივების რეზერვები მხოლოდ 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ თანხიდან 2.1 მილიარდი განთავსებულია საბანკო დეპოზიტებზე, ხოლო დანარჩენი უცხოურ ფასიან ქაღალდებში დაბანდებული.

ამავდროულად, ბელორუსის საგარეო ვალი 42.1 მილიარდი დოლარია (1 იანვრის მდგომარეობით), რომელიც ოქროს მარაგებს 6-ჯერ აღემატება, ხოლო ლიკვიდურ სავალუტო ნაწილს 15-ჯერ.

ამასთან, ბელორუსის ეკონომიკის სავალუტო ბალანსის მდგომარეობას ამძაფრებს აშშ-ის სანქციებიც, რომლებიც დადგენილია ბელორუსის ცხრა სახელმწიფო საწარმოს წინააღმდეგ, მათ შორის ნავთობპროდუქტების ძირითადი ექსპორტიორების Belneftekhim და Naftan-ზე. Grodno Azot-თან, Grodno Khimvolokno-სთან, Lakokraskaya-სთან და Polotsk Fiberglass-თან ერთად, ისინი 5 ივნისიდან ამერიკის ფინანსთა სამინისტროს “შავ სიაში” იქნებიან.

სანდრო პირველი

Share