Home » ბიზნესი » კონკურენციის სააგენტოს აქტიურობა არასაკმარისია
კონკურენციის სააგენტოს აქტიურობა არასაკმარისია

კონკურენციის სააგენტოს აქტიურობა არასაკმარისია

საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2014 წლის აპრილში შეიქმნა და მან მისი წინამორბედი, ანტიმონოპოლიური სამსახური ჩაანაცვლა. კონკურენციის სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ დანიშნული თავმჯდომარე. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერმინისტრისა და საზოგადოების წინაშე. სწორედ წინა პრემიერ მინისტრის პირდაპირი დავალებით დაიწყო კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიების, საქმის შესწავლა და 5 კომპანია ორი მუხლის დარღვევისთვის, 54 მლნ ლარით დააჯარიმა. ეს აღმოჩნდა ერთადერთი დაჯარიმების ფაქტი კონკურენციის სააგენტოს შექმნის დღიდან. სხვა შემთხვევებში კონკურენციის სააგენტო შესულ საჩივრებში ხსენებულ დარღვევებს ან არასაკმარისად თვლის ან ბაზრის მონიტორინგით იფარგლება. სააგენტოს საკუთარი ინიციატივითაც აქვს ბაზარზე მოკვლევის დაწყების უფლება, მაგრამ შესწავლილი “ქეისებიდან” ირკვევა, რომ აქამდე სააგენტოს ინიციატივით დაწყებული მოკვლევები, როგორც წესი, დაბალ რისკიან ბაზრებს ეხებოდა და ამ მიმართულებით დარღვევებიც ვერ აღმოაჩინა.

მაგალითად, კონკურენციის სააგენტომ საკუთარი ინიციატივით შეისწავლა ყავის ბაზარი სადაც დარღვევები ვერ აღმოაჩინა. მაგრამ სააგენტოს არ გამოუხატავს ინტერესი, ისეთი მაღალრისკიანი ბაზრების მიმართ, როგორიც არის ფარმაცევტული ბაზარი და რომელზეც უკვე წლებია, მრავალი ექსპერტი, თუ ორგანიზაცია გამოთქვამს ეჭვს, შეთანხმებულ ფასებსა და კონკურენციის კანონის სხვა დარღვევებზე. ასევე სააგენტო თავისი ინიციატივით არ დაინტერესებულა, რეგიონებში არსებული მცირე ინტერნეტ პროვაიდერების პრობლემით. კონკრეტულად კი რეგიონებში მცირე ინტერნეტ-პროვაიდერებს სურთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ინტერნეტის გაყვანა მოსახლეობისთვის, ამისათვის მათ სჭირდებათ ბოძები, რომლებიც “ენერგო პრო ჯორჯიას” საკუთრებაშია, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ბოძების გამოყენების უფლება ექსკლუზიურად “მაგთიკომის” მფლობელობაში მყოფ “დელტაკომს” გადასცა. მცირე ინტერნეტ-პროვაიდერები მზად არიან, რომ ბოძებზე მათი კაბელების გაყვანის შემთხევაში “ენერგო პროს” ამ მომსახურებაში “დელტაკომის” მსგავსად თანხა გადაუხადონ, მაგრამ ენერგო კომპანია უარზე დგას. ტექნიკურად ამ მომსახურების განხორციელებაში პრობლემა არ არის იმ ბოძებზე თავისუფლად შეიძლება სხვა კაბელების გაყვანა, რითაც ფინანსურად “ენერგო პრო ჯორჯიაც” ისარგებლებს, მაგრამ “მაგთიკომი” დაინტერესებულია, რომ ეს მომსახურება ექსკლუზიურად მას ჰქონდეს.

მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას, კონკურენციის სააგენტო, არც შესულ განცხადებებსა თუ საჩივრების უთმობს და როგორც წესი ზოგადი მოკვლევით იფარგლება ან საერთოდ უარს ამბობს ბაზრის შესწავლაზე. მაგალითად, როგორც მოხდა “კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის” მიერ შეტანილი საჩივრის შემთხვევაში.  კონკურენციის სააგენტომ უარი თქვა “კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის” განცხადების საფუძველზე, მოკვლევის დაწყებაზე.  

კონკრეტულად, “კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის” წარმომადგენლების განცხადებით, ხდებოდა Booking.com-ის მიერ “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევა. კერძოდ, ხელშეკრულებაში არსებული ე.წ. “MFN პირობები” შეუთავსებლობაში მოდიოდა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობასთან. კონკრეტულად პრობლემა კონკურენციის სამართლის ნორმების მხრივ ის იყო, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ დებულებაში ეწერა პირობა, რომ თუ სასტუმროებს, რომლებსაც კონტრაქტი აქვთ დადებული Booking.com-თან, ექნებათ უფრო დაბალი ფასები თავის ვებსაიტზე განთავსებული, ან სხვა პორტალებს, ან Booking.com-ის კონკურენტებს მისცემენ უფრო დაბალ ფასად. შესაბამისად, Booking.com-ზეც ავტომატურად უნდა გავრცელდეს დაბალი ფასი, რაც კონკურენციის პრინციპს არღვევს. აღნიშნულ “ქეისზე” კონკურენციის სააგენტომ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე, მოკვლევის დასაწყებად, გონივრული ეჭვი არ არსებობდა.

კონკურენციის სააგენტომ, ასევე არ დაიწყო მოკვლევა კომპანია “აიპლიუსის” საჩივარზე, რომელიც, კომპანია “აიტექნიკსს” “ეფლის” სახელის უკანონო გამოყენებასა და ბაზარზე ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებდა. კონკურენციის სააგენტომ ამ “ქეისზეც” არ დაიწყო მოკვლევა და მიზეზად, ისევ არასაკმარისი მტკიცებულებები დაასახელა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ კომპანია “აიპლიუსი” ბაზრიდან გავიდა. როგორც მოგვიანებით კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, კომპანიამ ვერ გაუძლო არათანაბარ კონკურენციას და იძულებული გახდა ბაზარი დაეტოვოვებინა. გაუგებარია, რატომ პასიურობს კონკურენციის სააგენტო და რატომ არიდებს თავს, მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას, იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს შექმნის დღიდან დღემდე იზრდება როგორც სააგენტოს თანამშრომლების რიცხვი, ისე მისი ყოველწლიური ბიუჯეტი.

პეტრე ლეკიშვილი

Share