Home » ბიზნესი » კონკურენცია თუ ფასის ხელოვნური ზრდა – არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი 40 თეთრით იაფია

კონკურენცია თუ ფასის ხელოვნური ზრდა – არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი 40 თეთრით იაფია

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. ამის პარალელურად ოპეკმა გაზარდა 2021 წელს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების დეფიციტის შესახებ პროგნოზი. ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ნავთობის დეფიციტი ბაზარზე იქნება 1,1 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში, რაც მცირედით აღემატება აგვისტოს თვის პროგნოზს – 900 ათასი ბარელით/დღეში. მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ოქტომბერში სანავთობო ბაზარზე მიწოდება 1.2 მლნ ბარელით ნაკლები იქნება მოთხოვნილებაზე, ნოემბერში – 900 ათასი ბარელით/დღეში.

მსოფლიო ტენდენციების პარალელურად ნავთობპროდუქტების ფასები იზრდება საქართველოშიც. თუ ბოლო ტენდენციებს შევხედავთ საცალო ქსელში სხვადასხვა ტიპის ბენზინის ფასი საშუალოდ 5-7 თეთრით არის მომატებული.

სამომავლოდ ფასების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ ექსპერტები. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი მიიჩნევს, არსებული ვითარების გათვალისწინებით ფასები მუდმივად მზარდია.

„საწვავის ფასები მუდმივად მატულობს, პროგნოზი ამ მხრივ არასაიმედოა, რადგან გაძვირების დინამიკა ჯერჯერობით გაგრძელდება. ფაქტობრივად ყველა ტიპის საწვავი ძვირდება, განსაკუთრებით – ევროპაში, სადაც ნიდერლანდები პირველ პოზიციაზეა.  საქართველოს მსგავსად, ისიც მთლიანად იმპორტზეა  დამოკიდებული, რაც ფასის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამ მხრივ საგადასახადო დაბეგვრა სერიოზულ როლს ასრულებს. ქვეყნებში სადაც წარმოება არ აქვთ, დაბეგვრის განსხვავებული სისტემა მოქმედებს. ის, რომ ყველაზე დაბალი ფასი რუსეთშია, მოულოდნელი არ არის, რადგან მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობმწარმოებელი ქვეყანაა“, – ამბობს მთვრალაშვილი.

მისი თქმით, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მაღალი ფასია. რეგიონში ნავთობპროდუქტებზე ფასების სიდიდით თითქმის ანალოგიურ დონეზეა სომხეთი.

,,სამეზობლოდან აზერბაიჯანი და რუსეთი თავად მომპოვებელი ქვეყნები არიან, მაგრამ საქართველოში საწვავი სომხეთსა და თურქეთზე უფრო ძვირი ღირს.  არადა, იქ ყოველთვის მაღალი ფასები ფიქსირდებოდა და აქედან გამომდინარე, საქართველოდან ხდებოდა ამ მიმართულებით დიზელის საწვავის გადინება.  ახლა, 7-8 ცენტით უფრო დაბალი ფასია, ვიდრე, ვთქვათ, საქართველოში“, – დასძენს ვანო მთვრალაშვილი.

გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების მატებას, რომ გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც ექნება, ამას ადასტურებენ ეკონომისტებიც. როგორც ეკონომისტი და ანალიტიკოსი, პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, მსოფლიოში ნავთობის ფასის ხელოვნურ დაჭერას რამდენიმე ჯგუფი ცდილობს და ეს მეტ-ნაკლებად ამ ეტაპზე ხერხდება.

„დღეს მსოფლიოში ნავთობის ფასები იზრდება და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების პროგნოზსს თუ დავეყრდნობით, შესაძლებელია ნედლი ნავთობის ფასმა 90 დოლარსაც კი მიაღწიოს. თვის მხრივ ამ მოსაზრებას ამყარებს ოპეკი+-ის შეთანხმება, რომელიც მიწოდების შემცირებით ცდილობს ფასების 70 დოლარიან ნიშნულზე მაღლა შენარჩუნებას.

თუ ამას დავამატებთ შტატების მარაგების შემცირებასაც, რომელიც დაკავშირებული იყო სტიქიურ მოვლენებთან, რამაც მოპოვება შეაფერხა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე „ოპეკი+“ – ის შეთანხმება მიზანს აღწევს და ფასები მართლაც ნარჩუნდება 70 დოლარზე მაღლა. თუმცა, აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რასაც შეუძლია ფასების ზრდას ხელი შეუშალოს. მაგალითად, ასეთად შეიძლება განვიხილოთ ვენესუელა-ირანის შეთანხმება, რომელიც ბაზარზე დამატებითი მიწოდების საშუალებას იძლევა, რაც მიწოდების დეფიციტს მეტ-ნაკლებად დააბალანსებს”, – აცხადებს ბაირახტარი.

ბაირახტარმა ადგილობრივ საწვავის ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფასების ზრდა გარდაუვალია, თუმცა ბრენდირებულ კომპანიებს არც მანამდე შეუმცირებიათ ფასი, როდესაც ამის საშუალება იყო.

„დღეს ძნელია საწვავის ფასის შენარჩუნებაზე საუბარი, ვინაიდან როგორც უკვე ვახსენე ნავთობის ფასი იზრდება. ცხადია კომპანიები ამ ტრენდს გვერდს ვერ აუვლიან. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კომპანიებს როდესაც შეეძლოთ საწვავის ფასის შემცირება, ასე მაშინაც არ მოქცეულან.

ვგულისხმობ ბოლო 2-3 თვიან ჭრილს, როდესაც როგორც გლობალური ბაზრები, ისე ეროვნული ვალუტაც იძლეოდა საწვავის ფასის შემცირების საშუალებას, თუმცა ბრენდირებულ კომპანიებზე ეს დიდად არ ასახულა. სხვათა შორის ეს ტენდენცია ძალიან კარგად გამოჩნდა იმ მცირე კომპანიების საფასო პოლიტიკაზე, ვინც თავად არიან საწვავის შემომტანები და ბითუმად ადგილობრივი ბრენდირებული კომპანიებისგან არ იძენენ პროდუქტს. იმ პერიოდში ბრენდირებულ და არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, ფასთა სხვაობა 40 თეთრსაც კი აღწევდა. მერწმუნეთ, თუ მსოფლიო ტენდენციები ამის საშუალებას არ იძლევა შეუძლებელია რომელიმე კომპანიამ, მით უფრო მცირე კომპანიამ საწვავის 40 თეთრით უფრო იაფად გაყიდოს, ვიდრე ამას სხვა კომპანიები ახერხებენ.

ახლა უკვე სხვა საკითია რატომ არ ასახავდნენ ბრენდირებულ კომპანიები, ასეთ სხვაობას ფასში, თუმცა ფაქტია, რომ ამის საშუალება იყო, წინააღმდეგ შემთვევაში ამის გაკეთება მცირე კომპნიას უფრო გაუჭირდებოდა “, – აცხადებს ბაირახტარი.

 

პეტრე ინაური

Share