Home » ეკონომიკა » კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩო შეიცვლება
კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩო შეიცვლება

კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩო შეიცვლება

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ სემინარი გახსნეს, თემაზე – კონკურენციის აღსრულება საფინანსო სექტორში.

„საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის კუთხით, მნიშვნელოვანი და ამავდროულად ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მუშაობს კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩოს გადახედვაზე. ეს იქნება დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა ოთხივე ორგანომ – ორმა მარეგულირებელმა, კონკურენციის სააგენტომ და ეროვნულმა ბანკმა კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში ერთ კანონზე დაყრდნობით განახორციელოს.

იმისათვის, რომ დღეს ჩვენ, კონკურენციის სფეროში, გადავდგათ სინქრონული, მიზანმიმართული, დროული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები აუცილებელია ერთობლივი მუშაობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის პროექტი კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებაზეა კონცენტრირებული, მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. მოხარული ვარ, რომ მესამე უწყება, საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ასევე კონკურენციის პოლიტიკის გამტარებელი და დამცველია საქართველოში, აღნიშნულ პროცესებში, აქტიურად ჩაერთვება. მადლობა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, ბატონ მურთაზ კიკორიას მზაობის და ჩართულობისთვის, რომელიც ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების და საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის ერთობ მნიშვნელოვანია.

მინდა გაცნობოთ, რომ ახლახანს, ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) გენერალურ მდივანთან შეხვედრისას მივიღეთ დაპირება, რომ საქართველო, კონკურენციის სამართალისა და პოლიტიკის მიმართულებით, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ,,Peer Review“-ს კანდიდატი ქვეყანა გახდება.

მადლობა ევროკავშირის პროექტის და მისი განმახორციელებელი კომპანიის “Business and Strategies Europe” წარმომადგენლებს, ასევე PMCG – ის წარმომადგენელს ბატონ დავით ლეჟავას. მადლობა ლიეტუველ კოლეგებს, შარუნას კესერაუსკასს და დინა ლურიეს, რომლებიც დღეს სემინარს უძღვებიან. ჩვენი უცხოელი კოლეგები საქართველოს კონკურენციის სააგენტოსა და ეროვნული ბანკის თანამშრომლებთან ერთად განიხილავენ იმ გამოცდილებას, საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც ევროპაში, საფინანსო სექტორში კონკურენციის აღსრულების მიმართულებით აპრობირებულია“, – განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადურმა შეხვედრისას.

სემინარი ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების მექანიზმების გაძლიერება, ინსტიტუციური დიალოგის ხელშეწყობა და საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.

Share