Home » საზოგადოება » კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ გაუქმების უფლება არ მისცა

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ გაუქმების უფლება არ მისცა

მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ მომსახურების F10 ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, „მაგთიფიქსის“ სერვისის მიღებას კვლავ შეძლებს 10 ათასამდე აბონენტი, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბონენტები.

კომუნიკაციების კომისის ინფორმაციით, „მაგთიფიქსის“ მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რადგან ამ გეოგრაფიულ არეალში სხვა ალტერნატიული საკომუნიკაციო არხების მიღების პრობლემაა.

„კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე “მაგთიკომის“ მომართვის მიზანშეწონილობაზე იმსჯელა და „მაგთიკომს“ 2021 წლის 4 მარტის მოთხოვნაზე უარი განუცხადა. ვინაიდან კომპანიის მოთხოვნა ლიცენზიის გაუქმების შესახებ ქმნის საფრთხეს, რომ 10 ათასი აბონენტი მომსახურეობის გარეშე დარჩეს. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, “მაგთიკომი“ უფლებამოსილია მომსახურების მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვიტოს, თუ ქსელის სრულად გათიშვის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით.

ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2021 წლის 11 მარტს კომისიამ კომპანიის მიერ გადასახდელი ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე, 100-ჯერ შეუმცირა. აღსანიშნავია ისიც, რომ „მაგთიკომს“ ლიცენზიით სარგებლობის გადაანგარიშებული საფასურის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი აქვს და 161 ათასიდან და მხოლოდ 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, იმისთვის რომ ლიცენზიით 2029 წლამდე ისარგებლოს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომს“ ჯერ კიდევ 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, განსაზღვრა ვალდებულება, რომ გაეგრძელებინა „მაგთიფიქსის“ მომსახურების მიწოდება ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ან აქტიური აბონენტების ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყოფამდე“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share