Home » ბიზნესი » კომუნიკაციების კომისია „ბილაინის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საცალო ბიზნესის შეძენის საკითხს განიხილავს
კომუნიკაციების კომისია „ბილაინის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საცალო ბიზნესის შეძენის საკითხს განიხილავს

კომუნიკაციების კომისია „ბილაინის“ მიერ „კავკასუს ონლაინის“ საცალო ბიზნესის შეძენის საკითხს განიხილავს

თუ მაგისტრალური კაბელების შეძენაზე გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს ორი კომპანიის განაცხადის მიმდინარე ფორმატში განხილვაზე, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც კომისია შპს “მობიტელის” და ,,კავკასუს ონლაინის” ერთობლივ განცხადებას განიხილავს.

ვახტანგ აბაშიძემ სხდომის მიმდინარეობისას ორივე კომპანიის წარმომადგენლებს მიმართა. ,,იმ შემთხვევაში თუ მედიით გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, რომ აწარმოებთ მოლაპარაკებას წყალქვეშა მაგისტრალის და საქართველოზე გამავალი სხვა მაგისტრალური კაბელების შეძენაზე, გაყიდვაზე, გამიჩნდება დამატებითი კითხვები და პასუხები სერიოზულ გავლენას იქონიებს ორი კომპანიის განაცხადის მიმდინარე ფორმატში განხილვაზე. ამას სპეციალურად ვამბობ, რადგან მოჭარბებული საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილებას მოითხოვს”, – განაცხადა აბაშიძემ.

,კავკასუს ონლაინისა” და ,,მობიტელის” წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მაგისტრალის შეძენაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, არამედ საუბარია საცალო სეგმენტის შეძენაზე.

რამდენიმე დღის წინ  აღნიშნულ გარიგებაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ დავოსში, “ვიმპელკომის” წარმომადგენლებთან შეხვედრისას “ბილაინის” მხრიდან “კავკასუს ონლაინის” შეძენის სურვილის შესახებ იყო საუბარი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ საკითხში რაიმე წინასწარი შეშფოთების საგანს ვერ ხედავს, რადგან არ არის საუბარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გაყიდვაზე.

“ამ თემაზე იყო საუბარი. ამ თემას განვიხილავთ მარეგულირებელთან ერთად. წინასწარი შეშფოთების საგანს ვერ ვხედავ. აქ არ არის საუბარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გაყიდვაზე. საუბარია შიდა მიწოდების დისტრიბუციის ქსელის გაყიდვაზე. ეს საკითხი უახლოეს პერიოდში იქნება განხილული და მსჯელობა იქნება. მარეგულირებელი კომისიის გადასაწყვეტია ეს მთლიანად, თუმცა მე მაქსიმალურად მეტ ინფორმაციას მივიღებ და შესაძლოა მოგვიანებით უფრო დეტალური კომენტარი გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნა პრემიერმა.

Share