Home » ბიზნესი » კომპანია „სოკარი“ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება

კომპანია „სოკარი“ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება

კომპანია „სოკარი“ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება. კომპანია „სოკარის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ რეპორტაჟს.

2 აგვისტოს, „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში კომპანია „სოკარი“ ნახსენები იყო აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხამოვის საქმესთან დაკავშირებით. ჟურნალისტი მძიმე ბრალდებითა და კითხვებით მივიდა კომპანიის სათავო ოფისში და დაცვის სამსახურს „სოკარის“ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა სთხოვა.

თუმცა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მას არ მოუმართავს „სოკარის“ მარკეტინგის სამსახურისთვის, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალისტებთან კომუნიკაციაზე. „სოკარს“ არაერთხელ ჰქონია საქმიანი ურთიერთობა როგორც ტვ პირველთან, ისე – სხვა მედიებთან და კომპანიასთან დაკავშირება პრობლემა არასდროს ყოფილა. სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ჟურნალისტმა თავი აარიდა შესაბამის დეპარტამენტთან კონტაქტს და მიმართა დაცვის რიგით თანამშრომელს, რომელსაც შვებულებაში მყოფ ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირების საშუალება არ აქვს.

„სოკარის“ მმართველი პოზიციის თანამშრომლები ამ ეტაპზე მართლაც არ იმყოფებიან ადგილზე, თუმცა, მარკეტინგის სამსახურისათვის მიმართვის შემთხვევაში, მათთან კომუნიკაცია არ იქნებოდა პრობლემა.

იმისათვის, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, გვსურს გამოვეხმაუროთ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს. კომპანიის ხელმძღვანელობას მომხდართან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ამ ტრაგედიის შესახებ მედიისგან გავიგეთ.

ასევე, ტელევიზიით მოვისმინეთ ბრალდებაც, რომ კომპანია „სოკარის“ თანამშრომელი, რომლის სახელი და გვარი არ სახელდება, შესაძლოა რაიმე კავშირში იყოს მომხდართან. თუკი მედიის წარმომადგენლებს აინტერესებთ, არის თუ არა კონკრეტული ადამიანი „სოკარის“ თანამშრომელი საქართველოში, მისი სახელისა და გვარის მოწოდების შემთხვევაში, ამ ინფორმაციის გადამოწმება მარტივად შეგვიძლია.

ვწუხვართ, რომ „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურმა, დაუსაბუთებელი ბრალდების ფონზე ამ ფორმით გადაწყვიტა კომპანია „სოკართან“ კომუნიკაცია. იმედს გამოვთქვამთ, რომ შემდეგში, ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, მედია დაუკავშირდება მარკეტინგის სამსახურს, რომელიც მათ ყველა კითხვას გასცემს პასუხს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Share