Home » ბიზნესი » კომპანია „მოდულს“ თაღლითობაში ადანაშაულებენ – სესხის გადაუხდელობის გამო ბანკმა ბინების გაყიდვა დაიწყო
კომპანია „მოდულს“ თაღლითობაში ადანაშაულებენ - სესხის გადაუხდელობის გამო ბანკმა ბინების გაყიდვა დაიწყო

კომპანია „მოდულს“ თაღლითობაში ადანაშაულებენ – სესხის გადაუხდელობის გამო ბანკმა ბინების გაყიდვა დაიწყო

თბილისში, მირიან მეფის N5-ს მობინადრეები, რომლებიც ბინების ჩაბარებას 2008 წლის აგვისტოში ელოდნენ, სამშენებლო კომპანია „მოდულს“ ვალდებულებების შეუსრულებლობასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ.  კომპანიამ, 2008 წლის დეკემბერში, მობინადრეებთან შეუთანხმებლად, კორპუსი საქართველოს ბანკში, იპოთეკით დატვირთა. დღეისთვის, მათივე ინფორმაციით, ვალი 2 მილიონ ლარს აღწევს.

როგორც თამუნა ტყეშელაშვილი, ზურა მექვაბიშვილი და გიორგი არსენიძე აცხადებენ, სამშენებლო კომპანია იპოთეკის თანხის დაფარვას მობინადრეებს ავალდებულებს. მათივე განცხადებით, ბანკმა უკვე დაიწყო ბინების გაყიდვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  საქართველოს ბანკს დაუკავშირდით, სადაც აცხადებენ, რომ იპოთეკით დატვირთვის შესახებ, ბინის მესაკუთრეებისთვის ცნობილი იყო.

„საქართველოს ბანკმა” სამშენებლო კომპანია “მოდულთან“ 2006 წელს გააფორმა ხელშეკრულება და შედეგად კომპანიას გამოუყო დაფინანსება 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა კომპანიის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი და აშენებული უძრავი ქონება. აღნიშნული უძრავი ქონების ბანკის მიერ იპოთეკით დატვირთვის შესახებ, ბინის მესაკუთრეთათვის თავიდანვე ცნობილი იყო. გარდა ამისა, აღნიშნული იპოთეკა დარეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემები ხელმისაწვდომი და საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

სამშენებლო კომპანია „მოდულმა“ ვერ შეძლო ფინანსური ვალდებულებების შესრულება და სესხის დაფარვა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ კომპანიას დააკისრა ვალდებულების დაფარვა, ამ დრომდე დავალიანება არ არის დაფარული. ამ პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ბანკი“ აწარმოებდა მოლაპარაკებას, როგორც „მოდული“-ს წარმომადგენლებთან დავალიანების დაფარვის კუთხით, ასევე ბინების მესაკუთრეებთან. ბანკი ეცადა მოსახლეობასთან ერთად ეპოვა ოპტიმალური გამოსავალი, რომ მობინადრეები კიდევ უფრო მეტად არ დაზარალებულიყო. მეტიც, „საქართველოს ბანკი“ რამდენიმე წლის განმავლობაში არ ახორციელებდა აქტიურ ქმედებებს, აღსრულების კუთხით, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კომპანიას დავალიანება დღემდე არ დაუფარავს.

ამ დროისთვის, ბანკი იძულებული გახდა სასამართლო გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცა სააღსრულებო ბიუროსთვის, ყველა კანონის დაცვით. აღსანიშნავია, რომ კრედიტორი უფლებამოსილია მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დავალიანების დაბურნება განახორციელოს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 300-301 მუხლები). მიუხედავად სამშენებლო კომპანიის მიერ დავალიანების არ დაფარვისა, „საქართველოს ბანკი“, მოწოდებულია ბინის მესაკუთრეებთან კვლავ ითანამშრომლოს, რომ მოძებნილ იქნას ოპტიმალური გამოსავალი, რათა მოსახლეობა კიდევ უფრო მეტად არ დაზარალდეს“, – განაცხადეს საქართველოს ბანკში.

მობინადრეების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„სამშენებლო კომპანია „მოდულმა“ მოატყუა მოსახლეობა, არ შეასრულა თავის თავზე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კორპუსი ( ქ. თბილისი: საბურთალოს რაიონი, დიდი დიღომი, მირიან მეფის გამზირი N5), რომელიც 2008 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, სამშენებლო პროცესი წლებია შეჩერებულია. მოსახლეობის მხრიდან არაერთი მიმართვის მიუხედავად კომპანიის მიერ არ განხორციელებულა არც ერთი დაპირების შესრულება.

მეტიც, სამშენებლო კომპანიის „მოდული“ ინიციატივით 2008 წლის 23 დეკემბერს სს ‘’საქართველოს ბანკში,, მოხდა კორპუსის იპოთეკით დატვირთვა მობინადრეებთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. ასევე მას შემდეგ კომპანიასა და ბანკს შორის გაფორმდა არაერთი იპოთეკური სესხი, რის შედეგადაც საერთო ვალმა 2 მილიონ ლარამდე შეადგინა!

დღესდღეობით „საქართველოს ბანკი“ იპოთეკის გადახდას ითხოვს მოსახლეობისაგან. მოსახლეობის მიერ „საქართველოს ბანკთან“ არაერთი დაკავშირების მცდელობის მიუხედავად, ბანკი არ იცვლის საკუთარ პოზიციას, არ მოდის არანაირ შეთანხმებაზე. იპოთეკის თანხა კი არარეალურად მაღალ თანხას შეადგენს. იპოთეკით დატვირთვა მოხდა სამშენებლო კომპანიის ინიციატივით, მობინადრეთა-კანონიერ მესაკუთრეთა გაუფრთხილებლად, რაც არაკეთილსინდისიერებისა და კანონდარღვევის კითხვებს ბადებს.

კომპანიამ კი საერთოდ აირიდა თავიდან ყველანაირი პასუხისმგებლობა და ბანკს იპოთეკის თანხას უკან არ/ვერ უბრუნებს. მეტიც, კომპანია გვავალდებულებს თავად გადავიხადოთ იპოთეკის თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში გვაფრთხილებენ რომ დავკარგავთ ბინებს.

ბანკმა რამდენიმე დღის წინ დაიწყო აღსრულების წესით ბინების გაყიდვა. ეს მიდგომა, კი უგულებელყოფს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბანკი უფლების ბოროტად გამოყენებით, არაკეთილსინდისიერად ახდენს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას.

მოგახსენებთ, რომ 2006 წელს სამშენებლო კომპანია შპს „მოდულმა“ დაიწყო კორპუსის მშენებლობის ხელშეკრულებების გაფორმება მოსახლეობასთან, რომელშიც გაწერილი იყო, როგორც მყიდველისთვის, ასევე კომპანიისთვის დაწესებული ვალდებულებები.

უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების პუნქტი 5.1-ის თანახმად „გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს ბინა შემდეგ მდგომარეობაში“

1. შენობის ფასადი გალესილი და შეღებილი

2. სადარბაზო გალესილი და შეღებილი

3. კეთილმოწყობილი მიმდებარე ტერიტორია

4. შენობამდე მიყვანილი ელექტროენერგია

5. შენობაში დამონტაჟებული და ჩართული ლიფტები

6. ტიხრები ამოყვანილი, ბლოკით დამკვეთის სურვილისამებრ და სხვა…

7. შენობის ექსპლუატაციაში მიღების ბოლო ვადა 2008 წლის აგვისტო

სამწუხაროდ, კომპანია აღმოჩნდა აბსოლუტურად უუნარო და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა არ შეასრულა. გარდა ამისა აღმოვჩნდით სიცოცხლისათვის სახიფათო კორპუსის მსხვერპლნი.

• კორპუსის სახურავიდან ცვივა სხვადასხვა მასალები და არა ერთხელ დაზიანდა მოსახლეებობის ავტომობილები.

• შენობაშის სადარბაზოებში არის ლიფტის შახტები, რომელშიც ლიფტი არ არის დამონტაჟებული. გარდა ამისა შახტები ღიაა და მოსახლეობისთვის საშიში

• ამასთანავე, კომპანიამ თვითნებურად, მობინადრეებზე უკანონოდ გაყიდა დიდი ზომის ლიფტის შახტის ტერიტორია, სადაც ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდა იატაკის დაგება, სათავსოდ გამოყენების მიზნით

• ფასადი გალესილია, მაგრამ ბინის ექსპულატაციაში მიღება ვერ ხერხდება რადგან არ არის შეღებილი, შესაბამისად დაუსრულებელ მდგომარეობაშია

• მიმდებარე ტერიტორია არ არის კეთილმოწყობილი და გაუმართავია კორპუსთან მისასვლელი გზა, მიტოვებული მშენებლობები საფთხეს უქმნის ადგილობრივი მობიანდრეების უსაფრთხოებას

• მოუწესრიგებელია კორპუსის ეზო

• კორპუსის სადარბაზოები არ არის დასრულებულ მდგომარეობაში

• სამშენებლო კომპანიას, მას შემდეგ რაც მობინადრეების უმეტესობასთან დადებული ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულებები, არაერთგზის, თვითნებურად დადო სასესხო ხელშეკრულება ბანკთან. აღნიშნული შენობა არის იპოთეკით დატვირთული და რეალობიდან გამომდინარე მობინადრეებს უხდებათ ამ კრედიტის თავად გადახდა, რათა არ მოახდინოს ბანკმა მობინადრეების ფართის აღსურლების წესით გაყიდვა.

• შენობა არ არის მიღებული ექსპლუატაციაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

news.ge

Share