Home » საზოგადოება » კომპანია „ენკა რინიუებლზი” მწვანე ალტერნატივას განცხადებას პასუხობს

კომპანია „ენკა რინიუებლზი” მწვანე ალტერნატივას განცხადებას პასუხობს

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ მორიგ ჯერზე ავრცელებს სიცრუისა და მანიპულაციის შემცველ განცხადებას, რომელსაც ამ ორგანიზაციის ვებგვერდზე გავეცანით.  მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციის წარსული და ბიოგრაფია ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დესტრუქციული და კოფლიქტურია მათი საქმიანობა, რომელიც პირველ რიგში თავს ესხმის და ებრძვის საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარებას.  ამაში დასარწმუნებლად დაინტერესებული პირი უბრალოდ უნდა გაეცნოს მათ საჩივრებს, განცხადებებს და სამიზნედ ამოღებული პროექტების პროფილს.

როგორც საზოგადოება ხედავს, ამჯერად ამ ორგანიზაციის მთავარი სამიზნე ნამახვანჰესის პროექტია, რომელიც ქართული ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ საკვანძო რგოლს წარმოადგენს.  ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივა მჭიდრო კავშირში იმყოფება და მონაწილეობს რიონის გუშაგებად წოდებულ პროტესტში და მანიპულირებს ადგილობრივი აქტივისტებით.  მისი ეს საქმიანობა და როლი შეუმჩნეველი არ არის.  კომპანია ენკა აუცილებლად დაიცავს თავის საქმიან რეპუტაციასა და ავტორიტეტულ პროფილს მსგავსი სუბიექტების შემოტევისგან.

ორგანიზაციას აქტივისტთა პირით მკაფიოდ აქვს გაცხადებული თავისი მიზნები, ხელი შეუშალოს ჰესის მშენებლობას, მოშალოს კონტრაქტი სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, დაძაბოს ორმხრივი და სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის.

საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობისთვის კომპანია ენკა-მ კომუნიკაციის ახალი შესაძლებლობები გახსნა.  თავის მხრივ ამ პროცესში საქართველოს მთავრობაც ჩართულია. თავისი განცხადებით ორგანიზაციამ დღეს კიდევ ერთხელ სცადა, ხელი შეეშალა დიალოგის პროცესისთვის, რომელიც დაიწყო ნამახვანი ჰესის პროექტის გაუმჯობესებით დაინტერესებულ მხარეებს შორის. „უკეთესი ნამახვანისთვის“ – ასე ჰქვია მთავრობის ინიციატივას, რომელშიც ჩართული არიან ექსპერტული წრეების წარმომადგენლები – ეკოლოგები, გეოლოგები, ჰიდროლოგები, სეისმოლოგები და ა.შ. ამ ინიციატივას ვიზიარებთ ჩვენც, კომპანია „ენკა რინიუებლზი“. ამის შესახებ ბოლო დღეებში არაერთხელ ითქვა, რაც გახდა კიდეც იმ მოლოდინის საფუძველი, რათა საზოგადოებამ ექსპერტების მხრიდან კვლევების ვალიდაციის შესახებ მოისმინოს. ამით მოიხსნება ძირითადი შეკითხვები ჰესის ძირითადი ნაგებობების, მაგალითად, კაშხლის უსაფრთხოების შესახებ.

  • ჩვენი განცხადება, რომ კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება უახლოესი თვეების შესახებ, იმდენად მკაფიო და სარწმუნოა, რომ დღევანდელ განცხადებაში მწვანე ალტერნატივას მისი დადასტურება მოუწია. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რასაც აქამდეც ვამბობდით, რომ კაშხლის მშენებლობა ამჟამად არ მიმდინარეობს. მისი მშენებლობა დაიწყება ყველა კვლევის ვერიფიკაციისა და საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისთვის სათანადო ინფორმაციის მიცემის შემდეგ.
  • „მწვანე ალტერნატივა“ ტყუის, როდესაც ამბობს რომ კომპანიას არ აქვს კვლევები. კომპანიას არაერთი კვლევა აქვს გაკეთებული და ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე. მწვანე ალტერნატივა ცდილობს შელახოს ენკას რეპუტაცია. კომპანია „ენკა რინიუებლზი“ არის კერძო კომპანია, რომელიც თავის პროექტებს ახორციელებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის დროულად დასრულება. ნამახვანი ჰესის პროექტი პარალელურ რეჟიმში ჩასატარებელ კომპლექსურ სამუშაოებს გულისხმობს. ამ სამუშაოს ერთ-ერთი ნაწილია კაშხალი, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად აქტიურად მზადდებოდა დოკუმენტაცია. ჩვენი წინასწარი გრაფიკის თანახმად, კაშხლის მშენებლობა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დაწყებულიყო, ხოლო კაშხლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად შესაბამის სამთავრობო ორგანოებში დოკუმენტაცია კი მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა წარგვედგინა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ ჯგუფებთან დიალოგის დაწყების შემდეგ, შემოგვთავაზა ინიციატივა „უკეთესი ნამახვანისთვის“, ჩვენ ცვლილება შევიტანეთ ჩვენს სამშენებლო გრაფიკში და სხვადასხვა უბნებზე მშენებლობის ვადები გადავანაცვლეთ – მაგალითად, ჯერ ავაშენებთ საგზაო ინფრასტრუქტურას და მხოლოდ კვლევების ვალიდაციის შემდეგ შევიტანთ დოკუმენტაციას კაშხლის მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად. შედეგად, კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადაინაცვლებს. ვისაც მსგავსი მასშტაბური პროექტები განუხორციელებია, სწორად გაიგებს იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რაც „ენკა რინიუებლზმა“ მიიღო ამ მიმართულებით.
  • კიდევ ერთხელ ცალსახად ვამბობთ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიზიარებთ რეკომენდაციებს, რომლებიც ექნებათ ექსპერტულ ორგანიზაციებს ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების გადამოწმების შედეგად, მეტიც, ჩავატარებთ დამატებით კვლევებსაც, თუკი ამის აუცილებლობა იქნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვლევების დამატებით რევიზიას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოს საზოგადოების სიმშვიდისთვის და ჩვენი საქმიანობის რეპუტაციის გასამყარებლად. მწვანე ალტერნატივის მიერ გავრცელებული ტყუილები, რომ გზშ-ს მოსმენა არ ჩატარდა კანონის დაცვით, რომ თითქოს ნამახვანჰესის კონტრაქტი კაბალურია ან გზშ-ს ნებართვა კვლევების გარეშე გაიცა, ყოველთვის იქნება მხილებული და დაგმობილი.
  • ჩვენი სადგური, განსაკუთრებით კი ნამახვანის კაშხალი უნდა იყოს ახალი ეკონომიკურად ძლიერი საქართველოს სავიზიტო ბარათი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშენებლობის პროცესი უნაკლოდ წარიმართოს. მეტიც, მშენებლობის პროცესი უმკაცრესი ადგილობრივი და საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება.
  • და სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენმა კომპანიამ საჯარო გახადა კვლევები და ელოდება მათი შესწავლის შემდეგ რეკომენდაციებს შესასრულებლად, „მწვანე ალტერნატივა“ ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს ამ პოზიტიური პროცესის სანდოობა და ხელი შეუშალოს საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას. ასეთ დროს ისეთი ქმედებები, რასაც ახორციელებენ „მწვანე ალტერნატივა“ და რამდენიმე მათი პარტნიორი ორგანიზაცია, ზუსტად შეესაბამება რუსეთის „ჰიბრიდული ომის“ სცენარის კონტექსტს, რაც ითვალისწინებს საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნების მაქსიმალურ დასუსტებას, მათ ხელთ არსებული რესურსების, მათ შორის, ენერგეტიკული რესურსების არგამოყენებას და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში რუსეთის გავლენის გაძლიერებას.
  • ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ ფინანსდება ისეთი წყაროებიდან, რომლებიც ღიად ლობირებენ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს და ამდენად, მათ ინტერესში არ შედის ადგილობრივი ენერგეტიკული გენერაციის განვითარება. მათთან სრულ თანხვედრაშია განცხადების ავტორი ორგანიზაციის საქმიანობაც. გვსურს შევთავაზოთ „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელებს, მეტი გამჭვირვალობისა და ღიაობისთვის, განაახლონ ინფორმაცია მათი ორგანიზაციის დაფინანსების წყაროების შესახებ და საზოგადოებას აუხსნან მათი რეალური მოტივები.

 

Share