Home » ფინანსები » კომერციულმა ბანკებმა ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით ნაკლები სესხი გასცეს

კომერციულმა ბანკებმა ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით ნაკლები სესხი გასცეს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციულმა ბანკებმა ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით ნაკლები სესხი გასცეს. სებ-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 36.35 მლრდ ლარი შეადგინა.

„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 31.86 მლნ ლარით (0.09%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.89%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 468.32 მლნ ლარით (3.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 500.18 მლნ ლარით (2.39%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.90 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.66%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.08%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).

2020 წლის ოქტომბრის განმავლობაში 0.16%-ით, ანუ 29.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 18.08 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.87 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.33 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.90 პროცენტული პუნქტით)”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ნოემბრისათვის 32.28 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 561.89 მლნ ლარით, ანუ 1.71%-ით ნაკლებია პირველი ოქტომბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.66%-ით ნაკლები). კერძოდ, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 119.86 მლნ ლარით, ანუ 0.78%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.24%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 442.04 მლნ ლარით, ანუ 2.53%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.46%-ით).

ამასთან, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 37.75 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.65 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 1.05 პროცენტული პუნქტით).

Share