Home » ბიზნესი » კომერციული ბანკების მოგება ისევ იზრდება
კომერციული ბანკების მოგება ისევ იზრდება

კომერციული ბანკების მოგება ისევ იზრდება

 

ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირება კომერციულ ბანკებს არ დატყობიათ. წლის პირველ ნახევარში ამ სექტორის  წმინდა მოგების მაჩვენებელმა 290 მილიონ ლარს გადააჭარბა. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

1-ლი ივლისის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 1,574 მილიარდი ლარია და 303 მილიონით აჭარბებს მაისის მაჩვენებელს. სტაბილურად იზრდება ბანკების პროცენტული შემოსავალიც და ამ დროისთვის 1,154 მილიარდ ლარს აღწევს.  ხაზგასასმელია, რომ კომერციული ბანკები ყველაზე დიდ შემოსავალს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან შოულობენ – 615,5 მილიონი ლარი, იურიდიული პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი – 416 მილიონი ლარია.

სხვათა შორის, სწრაფი ტემპებით იზრდება შემოსავალი ფასიანი ქაღალდებიდან და ეს მაჩვენებელი იანვარ-ივნისში უკვე 102,3 მილიონ ლარს აღწევს. შარშან მთელი წლის განმავლობაში ბანკებმა ფასიანი ქაღალდებიდან 173 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.  საკომისიოებიდან მიღებულმა თანხამ კი 132,2 მილიონ ლარს მიაღწია. საბოლოო ჯამში, იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 290,7 მლნ ლარია.

ერთად ერთი მსხვილი ბანკი, რომელსაც მოგება შეუმცირდა ბანკი “რესპუბლიკაა”. ეს დიდად გასაკვირი არც არის, ვინაიდან “სოსიეტე ჟენერალმა” მისი გაყიდვა გადაწყვიტა და ამ დროისთვის “ჰუალინგ ჯგუფთან” მოლაპარაკებები გრძელდება.

ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, ივნისში, წინათვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2.0 მლრდ ლარით, ანუ 8.8 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.2პროცენტით) და 25.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.6 პროცენტია.

საბანკო სპეციალისტი ლია ელიავა აღნიშნავს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი დარგია. “ეს არის ბიზნესი, რომელიც შეუძლებელია წამგებიანი იყოს, თუ მენეჯმენტმა არ გააფუჭა საქმე. ის რომ კომერციული ბანკების მოგება იზრდება ეს არის ბუნებრივი, ვინაიდან იზრდება მათი აქტივები და შემოსავალი”, – ამბობს ლია ელიავა.

მისი განცხადებით, ამასთანავე, სხვა ფინანსურ სექტორებთან შედარებით კომერციულ ბანკებში მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნიათ. საქართველოში ძალიან კარგი გადამხდელები არიან და ყველა ცდილობს საკუთარი ცხოვრების გაუარესების ფონზე საკრედიტო ვალდებულებები პირნათლად შეასრულონ.

“კომერციული ბანკების წინაშე დავალიანება არის ძალიან მცირე. ადამიანები, მცირე გამონაკლისის გარდა, თავიანთ საკრედიტო ვალდებულებებს პატიოსნად იხდიან. შესაბამისად, კომერციული ბანკების ზარალიც ამ შემთხვევაში მინიმალურია”, – აღნიშნავს ლია ელიავა და იგი ყურადღება სავალუტო კურსის თამაშზეც ამახვილებს.

“არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია სავალუტო კურსზე თამაში. კომერციული ბანკებისთვის ამასაც საკმაოდ დიდი მოგება მოაქვს. თუ ბანკი არ არის ხარბი და არ აქვს დიდი ხარჯი, მისთვის მოგება ნებისმიერ სიტუაციაში გაიზრდება”, – მიიჩნევს ლია ელიავა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით, ეკონომიკური განვითარების ტემპების ვარდნის მიუხედავად ბანკების მიერ მოგების მარჟის შენარჩუნება და კიდევ უფრო ზრდა გარკვეულწილად ეროვნული კურსის ცვალებადობასაც უკავშირდება.

“ფულს გააჩნია რეალური ღირებულება დროში ანუ რაც დრო გადის მისი ღირებულება იცვლება და შესაბამისად ბანკებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რომ არ უნდა გასცენ ისეთი სახის ფული, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ გაუფასურდება. ამას ემატებოდა ფულის გაუფასურების ბუნებრივი პროცესი”, – ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი და დასძენს, რომ კომერციულმა ბანკებმა პრევენციის მიზნით ლარში გაცემულის სესხებიც დოლარის კურსს მიაბეს, რათა სესხის დაბრუნება მიმდინარე კურსზე გადაანგარიშებით მომხდარიყო.

შესაბამისად, ბანკებმა კურსის ცვალებადობით არამარტო დოლარში გაცემული სესხებიდან მიიღეს მოგება, არამედ ლარში გაცემული სესხებიდანაც.

“ასეთი გათვლით ლარის დევალვაციის შედეგად მათ საკმაოდ დიდი მოგება მიიღეს. მათი მასშტაბური მოგება მეტყველებს იმაზედ, რომ დევალვაციის შედეგად მათი ფულის ნომინალური ღირებულება გაიზარდა”, – ამბობს მიხელ თოქმაზიშვილი.

ცნობისათვის, შარშანდელი წელი ბანკებმა რეკორდული მოგებით დაასრულეს – ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი.

მარიამ ხიდაშელი

[wpolling id=”13″ width=”” height=””]

 

Share