Home » ფინანსები » კომერციული ბანკები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს იტაცებენ
კომერციული ბანკები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს იტაცებენ

კომერციული ბანკები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს იტაცებენ

 

შიდა ვალი სტაბილურად იზრდება   

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე ტაციაობაა. თებერვლის ბოლოდან მოყოლებული სახაზინო ვალდებულებებსა და ობლიგაციებზე მოთხოვნა მიწოდებას 3-4-ჯერ აჭარბებს. ამასთანავე, აუქციონში მონაწილე ბანკების რაოდენობაც იზრდება. ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაზე მოულოდნელად გახსნილმა მადამ ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთებიც შეამცირა.

19 მაისს ეროვნული ბანკის აუქციონზე 45 მილიონი ლარის 1 წლიანი სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა. აუქციონში 9 კომერციული ბანკი მონაწილეობდა. ბანკები 144,3  მილიონ ლარს ითხოვდნენ. საშუალო საპროცენტოი განაკვეთი 7,9%-ის დონეზე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 30 აპრილის შემდეგ სახაზინო ვალდებულებები ყველაზე დაბალ პროცენტად გაიყიდა. წლის განმავლობაში კი მაქსიმალური პროცენტი 11,7% იყო, რომელიც 28 იანვრის აუქციონზე დაფიქსირდა. მთლიანობაში 2016 წლის იანვრიდან მოყოლებული, ფინანსთა სამინისტრომ  280 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულების ემისია განახორციელა.    

რაც შეეხება სახაზინო ობლიგაციებს, ამ ფასიანი ქაღალდების შესაძენად ბოლო ვაჭრობა 13 მაისს შედგა. აუქციონზე 2 წლიანი, 20 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაცია გაიყიდა. ამ შემთხვევაში მოთხოვნამ მიწოდებას 4-ჯერ გადააჭარბა. ამ შემთხვევაშიც, ერთწლიან პერიოდში, ობლიგაციებზეც ყველაზე დაბალი საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა  – 9,7%. ობლიგაციები ყველაზე მარალ პროცენტად 25 თებერვლის ვაჭრობაზე გაიყიდა –  15,4%. ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის აუქციონებზე მთლიანობაში 210 მილიონი ლარის ობლიგაცია გაასხვისა. სახაზინო ობლიგაციები, ძირითადად, 2-5-10 წლიანია. ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების ემისია 2010 წლიდან დაიწყო. თუმცა, 2014 წლამდე ობლიგაციის მოცულობა 20 მილიონ ლარს არ ასცილებია. წელს, ჯამში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიამ 490 მილიონი ლარი შეადგინა.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ვალდებულებებით ფინანსთა სამინისტრო 1998 წლიდან ვაჭრობდა და ის 2006 წელს შეწყდა, როდესაც ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის აუქციონზე საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 19,7-ს მიაღწია. თუმცა, 2000-ათასიან წლებში, მუდმივი სეკვესტრის რეჟიმში მყოფი,  სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ნდობის ხარისხი იმდენად დაბალი იყო, რიმ ფინანსთა სამინისტო 80%-ის გადახდაზეც ყაბულს იყო.   2009 წლის აგვისტოდან კი ფინასური ბაზრის განვითარების მიზეზით შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დანერგილი პრაქტიკა აღდგა და თანაც ისე  სწრაფად, რომ ვალმა ასეულობით მილიონ ლარს გადააჭარბა.

2016 წლის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულია 938 მილიონი ლარის ემისია, აქედან  738 მილიონი ლარი ძირითადი თანხის დაფარვას მოხმარდება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით შიდა ვალის ზრდა, ეს არის ფინანსური პირამიდა. იღებ ვალს, ნაწილით ძველ ვალს ფარავ, ნაწილს გარკვეული ვალდებულებების დასაფინანსებლად იყენებ, შემდეგ ეს პროცესი ისევ მეორდება. უბრალოდ, ამ პროცესში მთავარი მოთამაშე სახელმწიფოა.

ამ დროისთვის სახაზინო ვალდებულებებითა და ობლიგაციების გამოშვების შედეგად სახელმწიფოს შიდა ვალმა 2,215 მილიარდ ლარს მიაღწია. იანვრის შემდეგ შიდა ვალი მხოლოდ 17 მილიონი ლარით არის გაზრდილი. ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 126 მილიონი ლარით აღემატება. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი შიდა ვალი 1 მილიარდი ლარით გაიზარდა. საყურადღებოა, რომ ამ მონაცემებში არ შედის ეგრეთწოდებული, ისტორიული ვალები, რომელიც ხელისუფლებას წინა საარჩევნოდ ახსენდება ხოლმე. აღსანიშნავია, რომ წინა არჩევნების შემდეგ ამ ვალების დასადგენად, კიდევ ერთხელ,  სპეციალური კომისია შეიქმნა, თუმცა დღემდე არავის არაფერი დაუდგენია.  

სავარაუდო მონაცემებით კი “ისტორიული ვალი’’ 700 მილიონი ლარია. აქ შედის, როგორც კოპერაციული ბინათმშენებლობის ვალი, ასევე საბანკო ანაბრების ვალიც. კოპერაციულ ბინათმშენებლობაზე, სავარაუდოდ, 170 მილიონი მოდის, დანარჩენი კი – ანაბრებზე. საუბარია, იმ ბინათმშენებლობაზე, რომლის თანხა მოსახლეობას მთლიანად გადახდილი აქვს 1980-იანი წლების ბოლოს და მშენებლობების დასრულება კი, 1990-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო ვერ მოხერხდა. ეს თანხა ჯერ გამსახურდიას, შემდეგ კი შევარდნაძის და სააკაშვილის მთავრობამ შიდა ვალში აიღეს, როგორც საბჭოთა მთავრობის სამართალმემკვიდრეებმა. მოსახლეობის ნაწილს დღემდე სჯერა, რომ მთავრობა ამ ვალს როცა იქნება გაუსტუმრებს.

ანუ ვალი არის ორის სახის: ქვეყნის შიდა რესურსებით აღებული ვალი (მაგალითად, კომერციული ბანკებისგან) და ის ვალი, რომლებზედაც ხელშეკრულებები არ არსებობს – კოოპერატიული ბინათმშენებლობის, რომელიც სახელმწიფომ შიდა ვალად აღიარა. სახელმწიფო, ძირითადად, მიმდინარე შიდა ვალებს ისტუმრებს, “ისტორიულ ვალები” კი ხელშეუხებელი რჩება.

დღემდე, მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური საბჭოთა ანაბრების დაბრუნებაა. ბევრმა ქვეყანამ ანაბრები სახელმწიფოს შიდა ვალად აღიარა და კომპენსაციების გაცემაც დაიწყო, ზოგიერთმა სახელმწიფომ კი თანხის გაცემის ზუსტი თარიღი დაასახელა. საქართველოში, მართალია, საბჭოთა ანაბრები სახელმწიფოს შიდა ვალად აქვს აღიარებული, მაგრამ თანხის გაცემაზე კონკრეტული პროექტი და სქემა დღემდე არ არსებობს.

ცნობისთვის, 1992 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ყოფილი საბჭოთა კავშირის “სბერბანკის’’ საქართველოს ფილიალში ანაბრებზე აქტივების სახით ირიცხებოდა 13 მლრდ საბჭოთა მანეთი, ანუ დაახლოებით 8,5 მლრდ დოლარი. 1993 წელს სახელმწიფო საბჭომ, ინფლაციური პროცესების გამო, მიიღო გადაწყვეტილება და მოხდა ამ თანხის აფასება. აფასების კოეფიციენტი შეადგენდა 50%-ს, რის შედეგადაც აქტივების მოცულობა დაახლოებით 19 მლრდ რუსულ რუბლამდე გაიზარდა.

მომოქცევაში ქართული კუპონის შემოსვლის შემდეგ, ერთ საბჭოთა მანეთზე განისაზღვრა ერთი კუპონი, თუმცა შემდგომ კუპონმა 1300-1900%-იანი ინფლაცია განიცადა, რის შედეგადაც რეალური კურსის დადგენა შეუძლებელი გახდა. ლარის შემოსვლის შემდეგ კი გამოიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვით სახელმწიფომ საბჭოთა ანაბრების შიდა ვალად აღიარა და მისი მოცულობა 502 მილიონი ლარით განსაზღვრა.

მაკა ვარადაშვილი

 

Share