Home » ფინანსები » კომერციული ბანკები ეკონომიკას ვეღარ აკრედიტებენ
კომერციული ბანკები ეკონომიკას ვეღარ აკრედიტებენ

კომერციული ბანკები ეკონომიკას ვეღარ აკრედიტებენ

კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება მკვეთრად შემცირდა. 16%-მდე ჩამოვიდა მონეტიზაციის კოეფიციენტი. სპეციალისტები, ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის ნიშნებს ხედავენ.

2016 წლის მარტამდე ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა აპრილიდან ბანკებმა სესხების მოცულობები შეამცირეს და პროცესი საპირისპირო მიმართულებით წარიმართა. აპრილში მარტთან შედარებით, ეკონომიკის დაკრედიტების მოცულობა 166,4 მილიონი ლარით შემცირდა, მაისში – 517 მილიონი ლარით, ხოლო ივნისში – 262,472 მილიონი ლარით. სამ თვეში ეკონომიკის დაკრედიტება, მილიარდამდე, 945,9 მილიონი ლარით შემცირდა.

დაფინანსებამ იკლო სოფლის მეურნეობაში, მრეწველობაში, მშენებლობაში. 3 თვეში, თითქმის 100 მილიონი ლარით შემცირდა ვაჭრობის დაფინანსება, რომელიც წლების განმავლობაში დაკრედიტების ყველაზე მზარდი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. მცირე რყევებია ჯანდაცვისა და სამომხმარებლო სესხების დაფინანსების კუთხით. ბანკების საკრედიტო პორტფელში ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად ვაჭრობასა და სამომხმარებლო სესხებს უკავია.

საბანკო სპეციალისტი ლია ელიავა აღნიშნავს, რომ მთლიან შიგა პროდუქტთან შედარებით ფულის მასაც შემცირდა, ხოლო ეკონომიკის მონეტიზაციის კოეფიციენტი 16%-მდე ჩამოვიდა, როდესაც წინა პერიოდებში 17-18% იყო.

“მონეტიზაციის კოეფიციენტის ახალი მონაცემები ეროვნული ბანკს არ აქვს გამოქვეყნებული, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად იქნება შემცირებული. საქმე იმაშია, რომ ეკონომიკის დაკრედიტების მნიშვნელობა მარტო ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ფულის მიწოდება არ არის, მთლიანად ეკონომიკაშია ფულის “შიმშილი”. ეს ნიშნავს ნაკლებ მოხმარებას და ეკონომიკური კრიზისისაკენ გადადგმულ ნაბიჯს”, – აცხადებს ლია ელიავა და დასძენს, რომ დღეს საქართველოში ეკონომიკური კრიზისის სერიოზული ნიშნებია, რომელიც 2015 წლის სავალუტო კრიზისის შედეგად გაჩნდა. ამიტომაც, არსებობს საკრედიტო რესურსზე ნაკლები მოთხოვნა.

მოსახლეობა არამარტო ვერ ერევა მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, ამასთანავე ვერ ხედავს მათი ინვესტირების ოპტიმალურ გზებს.

“ქვეყანაში ვითარდება ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც ბუნებრივი ასახვა ჰპოვა კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკისთვის ფულის მიწოდებაზე. ყველაზე უარეს პერიოდებში, მახსოვს, რომ მონეტიზაციის კოეფიციენტი 13% და 14% იყო და არ გამორიცხავ, რომ ეს პერიოდიც დადგეს”, – ამბობს ლია ელიავა.

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თუკი განვითარებად ქვეყნებში მონეტიზაციის კოეფიციენტი 30%-ზე ნაკლებია, ის ქვეყნების ეკონომიკა “კუს ნაბიჯებით” მიიწევს წინ, ვინაიდან ეკონომიკას ფული აკლია. ელიავა ფიქრობს, რომ ამ ვითარების გამოსწორება ეროვნული ბანკს იაფი ფულის პოლიტიკის გატარებით შეუძლია.

ეკონომისტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ დაკრედიტების შემცირება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში გატარებული პოლიტიკა არ არის სახარბიელო ინვესტირებისთვის და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძის აზრით კი, კომერციულ ბანკებს წელს საკმაოდ დიდი ვალი აქვს გადასახდელი და არ არის გამორიცხული, რომ თავისუფალი სახსრები დიდ წილად ამ ვალების მომსახურებისკენ მიემართებოდეს.

“ერთ-ერთი მიზეზი არის ეს ბანკებს ეკონომიკის დაკრედიტებისთვის თავისუფალი სახსრები აღარ აქვთ”, – ამბობს ავთო სილაგაძე და აღნიშნავს, რომ ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარებაზე დაკრედიტების მოცულობის შემცირება ცუდად მოქმედებს.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კურსის ცვალებადობამ ბანკები იძულებულები გახადა, რომ მსხვილი სესხები კონსერვატული პოლიტიკით გასცენ, ვინაიდან წინა წლებთან შედარებით რისკები გაცილებით გაზრდილია.

აღსანიშნავია, რომ ლარიზაციის გაზრდის მიზნით ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ლარში მოზიდულ სახსრებზე დარეზერვების მაჩვენებელი ორი თვის წინ 15-დან 10%-მდე შეამცირა. ამის პარალელურად, მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკაც შეარბილა და რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთი 8-დან 7%-მდე შეამცირა. ამ ნაბიჯებს მიმოქცევაში მეტი ლარის ჩაშვება უნდა მოჰყოლოდა. თუმცა, შედეგად ძირითადად M2–ი ფულადი აგრეგატი (მიმოქცევაში არსებული ფული) რეკორდულად გაიზარდა. თუმცა M2–ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად მონეტარიზაციის კოეფიციენტი (როგორც წესი იზომება M2–ის შეფარდებით მშპ-სთან) მაინც შემცირდა. ასევე ზრდა დაფიქსირდა M0 და M1 აგრეგატებშიც, თუმცა განსაკუთრებული კლება M3 აგრეგატსა და სარეზერვო ფულს შეეხო.

დაკრედიტების შემცირებამ თავისი ასახვა ჰპოვა ინფლაციის მაჩვენებელზეც. მიუხედავად, იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასა გაზარდა, ბოლო თვეებია წლიური ინფლაცია იკლებს. ივნისში წლიური ინფლაცია 1,1%-ზე დაფიქსირდა, რაც ბოლო 3 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აქვე აღსანიშნავია, რომ წელს ეროვნული ბანკს მიზნობრივი ინფლაციის დონე 5%-ით აქვს განსაზღვრული. მომდევნო 3 წელიწადში კი მისი 3%-იანი ნიშნული ფარგლებში შენარჩუნება იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ეკონომისტთა ერთი ნაწილი მონეტარიზაციის მაჩვენებლის სიდიდესა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის პირდაპირ კავშირს ხედავენ, თუმცა მეორე მხრის შეფასებით მაღალი მონეტიზაცია მაღალ ეკონომიკურ ზრდას არ განაპირობებს. კერძოდ, რაც უფრო მაღალია ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში (მშპ ერთ სულ მოსახლეზე), მით მაღალია ეკონომიკის მონეტიზაცია, და არა პირიქით. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მონეტიზაცია იმ ქვეყნებშია მაღალი, სადაც მაღალია მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მაგრამ იმის თქმა, რომ მაღალი მონეტიზაცია იწვევს მაღალ შემოსავალს არასწორია.

ამდენად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ არის ცალსახად დამოკიდებული მონეტიზაციის დონეზე. მსოფლიო ბანკის მონაცემები ცხადყოფს, რომ მიუხედავად მონეტიზაციის მნიშვნელოვნად მაღალი კოეფიციენტებისა, ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპები ფიქსირდება. ეს ქვეყნები ძირითადად ფინანსურ ცენტრებს წარმოადგენენ, სადაც მაღალია ფულის ბრუნვა. მონეტიზაციის ექსტრემალურად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ლუქსემბურგში (465%), ჰონკონგში (335%), იაპონიაში (241%), შვეიცარიაში (187%), სინგაპურში (138%) და ა.შ. საპირისპიროდ, ეკონომიკის განვითარების იმ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო, მონეტიზაციის კოეფიციენტი 50%-ზე დაბალია, თუმცა ეკონომიკის ზრდა მაღალი ტემპებით ხასიათდება.

მაკა ვარადაშვილი

 

 

Share