Home » საზოგადოება » კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი – „ნენსკრა ჰიდროსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80-მდე ადამიანს ვამზადებთ
კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი - „ნენსკრა ჰიდროსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80-მდე ადამიანს ვამზადებთ

კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი – „ნენსკრა ჰიდროსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80-მდე ადამიანს ვამზადებთ

„ნენსკრა ჰიდროსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ამ ეტაპზე მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 80-მდე ადამიანს ვამზადებთ,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ სოციალურ პროექტზე საუბრისას განუცხადა, რომელსაც კოლეჯი კომპანია „ნენსკრა ჰიდროსთან“ ერთად სვანეთში ახორციელებს.

მათე ტაკიძის განმარტებით, ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობისთვის მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის საერთაშორისო სამშენებლო კომპანიების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა. სასწავლო ტრენინგში ჩართვა აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეებს შეუძლიათ, სწავლების ღირებულებას კი „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად ფარავს.

„ადგილზე იყვნენ ჩასული კოლეჯის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილობრივ მოსახლეობას გადამზადების პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პირველი ეტაპისთვის გადამზადების პროცესში 80 ადამიანი ჩაერთო და ეს რაოდენობა მზარდია. ისინი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადიან და ეუფლებიან თვითმცლელის, ექსკავატორის, გრეიდერისა და სატვირთველის გამოყენებას. გადამზადების კურსის ხანგრძლივობა 5 კვირაა. თეორიული ნაწილი ჭუბერსა და ნაკრაში ტარდება, პარალელურად კი ამ ეტაპზე თბილისში მიმდინარეობს პრაქტიკული სწავლება სიმულატორების გამოყენებით,”-განაცხადა ტაკიძემ.

მისივე თქმით, პროექტში ჩართული მოსახლეობის დაინტერესება და დაკმაყოფილება საკმაოდ მაღალია და ტრენინგ-კურსი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მსურველი არ გადამზადდება.

„კიდევ ვაგრძელებთ მსურველთა მიღებას. კოლეჯი ამ ადამიანებს მისცემს კურსის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატებს, რომელიც ვალიდურია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე. „სპექტრი“ აქტიურად თანამშრომლობს „ნენსკრა ჰიდროსთან“ და ეს პროექტი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინებაა“, – განაცხადა მათე ტაკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ, სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობისთვის მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამის განსახორციელებლად კოლეჯ „სპექტრთან“ ხელშეკრულება გასულ თვეში გააფორმა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლისას 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, პრიორიტეტი კი ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება.

Share