Home » ფინანსები » კობა გვენეტაძის 9 გამოწვევა, ანუ რა უნდა შეცვალოს ეროვნული ბანკის ახალმა პრეზიდენტმა
კობა გვენეტაძის 9 გამოწვევა, ანუ რა უნდა შეცვალოს ეროვნული ბანკის ახალმა პრეზიდენტმა

კობა გვენეტაძის 9 გამოწვევა, ანუ რა უნდა შეცვალოს ეროვნული ბანკის ახალმა პრეზიდენტმა

ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის კობა გვენეტაძის 9 გამოწვევაზე წერს.  გთავაზობთ დუნდუას მოსაზრებას უცვლელად:

,,ბაზელ 3-ზე გადასვლა, რის განხორციელებასაც კობა გვენეტაძის მმართველობის პირობებში მოველი, ნიშნავს მეწარმეებისათვის ბიზნეს სესხების ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან ზრდას.

დღეისათვის თეორიულად, ბიზნესისათვის ხელმისაწვდომია საბანკო პროდუქტების ფართო სპექტრი, მაგრამ პრაქტიკულად სესხების გაცემა ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, მეტისმეტად შეზღუდულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ბიზნეს სესხების გაცემა საქართველოში ძალიან კონსერვატიულია. ეროვნული ბანკის არაეფექტური და დრომოჭმული რეგულაციების ფონზე, ძალიან ბევრი შემზღუდველი მოთხოვნაა, რომელსაც ბანკები უწესებენ ბიზნესს, რაც უკიდურესად ართულებს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სესხების მიღებას:

1. სესხები სრულიად უზრუნველყოფილი უნდა იყოს. ჩვეულებრივ დაფარვის კოეფიციენტი არის 130% – 180%;
2. ერთადერთი საუზრუნველყოფო ქონებრივი გარანტია რომელსაც ბანკები განიხილავენ არის ის, რომლის გაყიდვაც შესაძლებელია ბაზარზე ორი თვის განმავლობაში. ეს ეხება უძრავ ქონებას თბილისში, მაგრამ ნაკლებად ეხება უძრავ ქონებას რეგიონებში ან მოძრავ აქტივებს, რომლებზედაც ბანკი ადგენს დიდ ფასდაკლებას.
3. მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების შესაძლებლობის გამოთვლა ხდება მხოლოდ მიმდინარე შემოსავალზე დაყრდნობით; არ ხდება ინვესტიციებიდან მომავალში მიღებული შემოსავლების გათვალისწინება;
4. მოთხოვნა მაღალ საწესდებო კაპიტალზე, ჩვეულებრივ პროექტების ღირებულების 20-50%;
5. სესხების სრული ამორტიზაცია უნდა მოხდეს საკრედიტო პერიოდის 5-10 წლის განმავლობაში; რეფინანსირება არ არის დაგეგმილი;
6. არ ხდება „სტარტ-აპების“ (ახლად შექმნილი კომპანიების) დაფინანსება, ბიზნესი უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ 6 თვის მანძილზე.

გარდა ამისა, ბანკებს არ აქვთ შესაბამისი ბიზნეს ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის სექტორში:

1. არ არსებობს სპეციალურად ბიზნესის ან სამომხმარებლო სეგმენტისთვის გამოყოფილი სესხის ოფიცრები და მათ აქვთ შეზღუდული ცოდნა კონკრეტულ ბიზნეს სექტორებში;
2. არ არის მომხმარებლებთან ადგილზე მისვლისა და ბიზნესის სათანდოდ შეფასების სურვილი, განსაკუთრებით კი სოფლის დასახლებებში;
3. უზრუნველყოფის „რეალური“ ღირებულების შეზღუდული შესაძლებლობა; შეფასება ხდება სტატისტიკის საფუძველზე.

ბანკების მიერ უძრავ ქონებაზე, როგორც უზრუნველყოფაზე, ძლიერი და სულ უფრო მზარდი დამოკიდებულება აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ მათ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები გასცენ კრედიტები რომლებიც მეწარმეების საჭიროებებზე იქნება მორგებული. სხვა ქვეყნებში, უფრო განვითარებულ კორპორატიული საბანკო მომსახურებისა და პროექტების დაფინანსების სფეროებში ბანკები უფრო მეტად არიან დამოკიდებული მოძრავ აქტივებზე და მომავალ ფულად ნაკადებზე, ვიდრე უძრავ აქტივებზე. საქართველოში, ტრენდი ამის საწინააღმდეგოა და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების წილი გაორმაგდა 2008-2014 წლებში ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე და ორჯერ მეტად გაიზარდა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე”, – წერს მიხეილ დუნდუა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

1

Share