Home » საზოგადოება » კობა გვენეტაძემ პანდემიის ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე სამეცნიერო კონფერენციაზე ისაუბრა

კობა გვენეტაძემ პანდემიის ზეგავლენის შერბილების ღონისძიებებზე სამეცნიერო კონფერენციაზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ბანკისა და პოლონეთის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას 30 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. წლევანდელი კონფერენციის თემა – პოლიტიკის ჩარჩო მუდმივად ცვალებადი სამყაროსთვის იყო. ცენტრალური ბანკის ეკონომისტებმა, მეცნიერებმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა პოლიტიკის შემუშავების ტრადიციული სტრატეგიების ეფექტიანობისა და ინსტრუმენტების შესახებ იმსჯელეს.

მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პანდემიის საპასუხოდ დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შეფერხდა ეკონომიკური საქმიანობა, რამაც კრიზისამდე მიიყვანა როგორც განვითარებული, ასევე მზარდი და განვითარებადი ქვეყნები.

კობა გვენეტაძემ ისაუბრა, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ მონეტარული პოლიტიკის გამტარებლები ფასების, ფინანსური სტაბილურობის და ეკონომიკური ზრდის ამოცანების დაბალანსების მიმართულებით. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და ასევე შეეხო ფაქტორებს, რომლებიც ამ ამოცანების შესრულებას ართულებს.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა ის გამოწვევები, რომლებსაც მაღალი დოლარიზაცია ქმნის მონეტარული პოლიტიკის გამტარებლებისთვის მცირე, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ასევე განხილულ იქნა მაღალ დოლარიზაციასთან დაკავშირებული სხვა მაკროეკონომიკური რისკები.

„ეკონომიკაზე საგარეო შოკების უარყოფითი გავლენის შესარბილებლად, დედოლარიზაციის პოლიტიკის წახალისება ისევ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

„აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, ონლაინ ლექციების კურსი გაიმართა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე – ცენტრალური ბანკების ანტიკრიზისული პოლიტიკა. არჩილ მესტვირიშვილმა სტუდენტებს გააცნო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო და ისაუბრა Covid-19-ის ფონზე შექმნილ გამოწვევებსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ საგანგებო ღონისძიებების შესახებ. ეროვნული ბანკის მოწვევით, ლექციას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ“,- აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

Share