Home » საზოგადოება » კობა გვენეტაძე: პოპულისტური მეთოდით კურსის დაჭერა მეტ ადამიანს დააკარგვინებდა სამსახურს

კობა გვენეტაძე: პოპულისტური მეთოდით კურსის დაჭერა მეტ ადამიანს დააკარგვინებდა სამსახურს

“პოპულისტური მეთოდით კურსის დაჭერა მეტ ადამიანს დააკარგვინებდა სამსახურს,” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძე პარლამენტში, საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტში ქვეყნის ცენტრალური ბანკის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, პანდემიამდე გაუფასურება რუსეთის ფედერაციის მიერ 2019 წლის ივნისში შეჩერებულმა ფრენებმა გამოიწვია, რამაც ტურისტების ნაკადის შემცირების მოლოდინი გააჩინა, 2018 წელს კი გაუფასურების მიზეზი კი თურქული ლირას მკვეთრი გაუფასურება იყო.

“რაც შეეხება 2020 წელს, ქვეყანამ ტურიზმიდან ვერ მიიღო დაახლოებით $3 მლრდ შემოსავალი, როგორ ფიქრობთ რას უნდა დაეკომპენსირა ეს?

მაკროეკონომიკურად და ეკონომიკურად შეუძლებელი იყო სხვანაირად მომხდარიყო. ან რომც შენარჩუნებულიყო კურსი, ეს ნიშნავს რომ მოთხოვნაც უნდა შემცირებულიყო, ზუსტად ამის ფასად, რასაც შედეგად მოყვებოდა ის, რომ კომპენსაცია გაგვეკეთებინა.

რაღაც რომ გვაკლდება, ან დამატებით უნდა მივიღოთ ან სხვა რაღაცის კორექტირება უნდა მოხდეს. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები ძალიან უნდა გაგვეზარდა, რომ ისედაც შემცირებული მოთხოვნა კიდევ შემცირებულიყო და შედეგად ეკონომიკური ვარდნა, ზუსტად ვერ ვიტყვი, თუმცა იქნებოდა ორნიშნა რიცხვი.

ეს ცუდია რადგან პოპულისტური მეთოდებით “კურსის დაჭერა”, გამოიწვევდა იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დაკარგავდა სამსახურს და უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა,” – ამბობს გვენეტაძე.

Share