Home » ფინანსები » კობა გვენეტაძე: ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ დონესთან ახლოს შენარჩუნდება
კობა გვენეტაძე: ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ დონესთან ახლოს შენარჩუნდება

კობა გვენეტაძე: ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ დონესთან ახლოს შენარჩუნდება

“ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები 2018 წელს მოსალოდნელზე უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვიდეომიმართვაში საქართველოში დღეს არსებულ ინფალაციის დონესა და მის გამოწვევ მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი 3 პროცენტიან მიზნობრივ დონესთან ახლოს შენარჩუნდება, თუმცა მისივე განმარტებით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლი არ ნიშნავს ინფლაციის ლიმიტს და როდესაც ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია, ის არ გულისხმობს. რომ ინფლაცია ნულიდან სამ პროცენტამდეა, არამედ ნაგულისხმებია, რომ ინფლაცია 3 პროცენტთან ახლოსაა საშუალოვადიან პერიოდში.

“მოგეხსენებათ, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკისა და დასაქმების გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. როგორც მოსალოდნელი იყო, ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალებასთან ერთად, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და აპრილში 2.5 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი 3 პროცენტიან მიზნობრივ დონესთან ახლოს შენარჩუნდება. მიუხედავად საკმაო მაღალი ეკონომიკური აქტივობისა, ერთობლივი მოთხოვნა პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება და, ამდენად, ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გამოვლენილი ბოლო პერიოდის მერყეობის ფონზე, გაიზარდა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის ალბათობა. შედეგად, 1 მაისის სხდომაზე მონეტარული კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 7.25 პროცენტზე დატოვება.

პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილების დაწყებას კომიტეტი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების საკმარისად შესუსტების შემდეგ განიხილავს. მინდა დავამატო, რომ პოლიტიკის განაკვეთი არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის დანაპირებს მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გადაწყვეტილებებზე. ის ასახავს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას დღეისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და პროგნოზების საფუძველზე.ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები 2018 წელს მოსალოდნელზე უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. ამის გამო, ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტიდან 4.8 პროცენტამდე გაზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად, საგარეო სექტორის გაუმჯობესებით არის განპირობებული.

ასევე მინდა განვმარტო, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი საშუალოვადიან პერიოდში 2018 წლიდან. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შოკები მუდმივად ხდება და ინფლაციაც მიზნობრივი დონისგან ყოველთვის განსხვავებული იქნება: ის ზოგჯერ იქნება მიზნობრივზე უფრო მაღალი და ზოგჯერ მიზნობრივზე უფრო დაბალი, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის იმოძრავებს მიზნობრივი მაჩვენებელისაკენ. ასეთი მიდგომით, რასაც ინფლაციის თარგეთირება ეწოდება, ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და მდგრადია.

მას შემდეგ რაც ეროვნული ბანკი გადავიდა ინფლაციის თარგეთირებაზე, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 3.5 პროცენტია. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლი არ ნიშნავს ინფლაციის ლიმიტს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას ნულიდან სამ პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და პროგნოზებსა და შეფასებებს მონეტარული პოლიტიკის განახლებული ანგარიშით წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას”, – აცხადებს გვენეტაძე.

მოამაზადა ბაჩანა ჯინჭარაძემ

Share