Home » საზოგადოება » „კობა გვენეტაძე დანაზოგის 75%-ზე მეტს უცხოურ ვალუტაში ინახავს, ამ მაჩვენებლით ის ქართულ საბანკო სექტორსაც კი უსწრებს“

„კობა გვენეტაძე დანაზოგის 75%-ზე მეტს უცხოურ ვალუტაში ინახავს, ამ მაჩვენებლით ის ქართულ საბანკო სექტორსაც კი უსწრებს“

ეკონომისტი, ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც 2 დღის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ეხმაურება.

ჯანიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კობა გვენეტაძის პოსტის წავაწყდი, რომელიც 29 აპრილს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომის  შემდეგ გამოაქვეყნა. პოსტის ძირითადი პათოსი დედოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის პოლიტიკის ხელშეწყობის შეუქცევადობას შეეხებოდა.

დამაინტერესა ლარიზაციის მიმართ კობა გვენეტაძის პირადმა დამოკიდებულებამ. ეროვნული ვალუტის მიმართ ბანკირების პირადი რეალური დამოკიდებულება ყველაზე უკეთ ჩანს იმით, თუ რა ვალუტაში აქვთ მათ განთავსებული საკუთარი ფინანსური აქტივები. დამეთანხმებით, რომ გვენეტაძის, როგორც მიმდინარე მომენტში ქვეყნაში ნომერ პირველი ბანკირის შემთხვევა, ბუნებრივია, ყველაზე საინტერესოა. ანუ, რამდენად ენდობა ეროვნულ ვალუტას (გაგახსენებთ მის წინამორბედს საკუთარი დანაზოგი მთლიანად ლარში ქონდა).

მისი ფინანსები კი საჯაროა და განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიურის ვებგვერდზე. კობა გვენეტაძის ბოლოს შევსებული 2019 წლის 31 მაისის დეკლარაციის თანახმად ირკვევა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საკუთარი დანაზოგის დიდი წილი აშშ დოლარში აქვს განთავსებული საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საკრედიტო კავშირის ანგარიშებზე (მოგეხსენებათ, გვენეტაძე ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში დიდხანს მუშაობდა). ჯამში, უცხოურ ვალუტაში განთავსებული მისი დანაზოგების მოცულობა ერთი წლის წინ 415 ათას აშშ დოლარზე მეტი იყო.

იმავდროულად, კობა გვენეტაძის ხელთ არსებული რესურსიდან ქართულ ბანკებში, სადეპოზიტო და მიმდინარე სალარე ანგარიშებზე, მათ შორის სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით, 410 ათას ლარზე ოდნავ მეტია განთავსებული.

410 ათასი ლარი 415 ათასი აშშ დოლარის საპირწონედ. გამოდის, რომ კობა გვენეტაძე პირადი დანაზოგის 75% -ზე მეტს უცხოურ ვალუტაში ინახავს. ამ მაჩვენებლით ის ქართულ საბანკო სექტორსაც კი „უსწრებს“, რომლის დოლარიზაციის დონეც 65% -ია“, – წერს მერაბ ჯანიაშვილი.

Share