Home » საზოგადოება » კითხვა ნორვეგიისა და თურქეთის ელჩებს – დაუშვებენ მათი ქვეყნები საკუთარი ბუნების განადგურებას ამ პირობით და ამ ფასად?!

კითხვა ნორვეგიისა და თურქეთის ელჩებს – დაუშვებენ მათი ქვეყნები საკუთარი ბუნების განადგურებას ამ პირობით და ამ ფასად?!

30 მარტს, კომპანია „ენკამ“ ფოკუსსესია მოაწყო „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით. „ნამოხვანჰესის“ აქციონერებს თურქული კომპანია „ენკა“ და ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი“ წარმოადგენენ. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით, სესიას თურქეთისა და ნორვეგიის ელჩებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას პროექტის მხარდამჭერი სიტყვით მიმართეს. უკეთეს შემთხვევაში, მათი მიმართვიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი ან არ იცნობენ სიღრმისეულად პროექტს, ან არიან მთავრობისა და კომპანია „ენკას“ ერთობლივი პროპაგანდის მსხვერპლნი. უარეს შემთხვევაში, ისინი მხარს უჭერენ იმას, რასაც, როგორც მოქალაქეები, საკუთარ ქვეყანაში მხარს არ დაუჭერდნენ. მაგრამ ყველაზე სამწუხაროა ის, რომ მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში, მთავრობის პროპაგანდის მსგავსად, მათაც  ქსენოფობია, გაუთვითცნობიერებლობა და ჰესების წინააღმდეგ აკვიატებული გაჯიუტება ამოიკითხეს.

ვერავინ ურყოფს იმ ზიანს, რაც „ნამოხვანჰესის“ პროექტის განხორციელებას გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ახლავს თან. მიკროკლიმატის ცვლილების გამო საფრთხე ექმნება კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების რამდენიმე ძეგლს, მათ შორის, ტვიშის უნიკალურ მიკროზონასა და ზუთხის უნიკალურ სახეობას. არაფერს ვამბობ გეოლოგიურ და სეისმურ რისკებზე, რომლებიც ამ მასშტაბის პროექტებს ახლავს თან და კლიმატის ცვლილების შედეგად ატმოსფერული ნალექის ინტენსივობის არაპროგნოზირებად ხასიათზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნებისმიერი მოცულობის ჰესის მიზანშეწონილობას.

ცხადია, ეს ჩამონათვალი სრულად არ ასახავს იმ ზიანს, რაც რიონის ხეობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოს შეიძლება მიადგეს. ამაზე მოწმობს სწორედ კომპანია „ენკას“ მიერ გამოთქმული მზაობა, გარემოზე ზემოქმედების შესწავლის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ. არც კომპანია Clean Energy-ს, ნამოხვანის ერთ-ერთ ინვესტორს, აქვს უმწიკვლო რეპუტაცია საქართველოში. სწორედ ის იყო იმ კონსორციუმის მონაწილე, რომლის აშენებული ჰესის გვირაბი 2 თვეში ჩამოინგრა.

კაცობრიობის ისტორია ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ამბავია. ცხადია, ადამიანები უხსოვარი დროიდან პროგრესისა და განვითარებისთვის ცდილობდნენ ბუნების დამორჩილებას და ვერც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. მაგრამ რას ვშვრებით მაშინ, როცა ზიანი აჭარბებს იმ სიკეთეს, რომელიც შეიძლება, ამ მცდელობას მოჰყვეს შედეგად?!

ეკოლოგიურ რისკებზე უკვე ვისაუბრე. ახლა გადავიდეთ იმ ზიანზე, რაც ქვეყნის ეკონომიკას შეიძლება მიადგეს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 830 მილიონი დოლარია. სახელმწიფოსა და კომპანია „ენკას“ შორის გაფერმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით სახელმწიფოს კომპანიისთვის, 15 წლის განმავლობაში, დღევანდელი კურისის გათვალისწინებით, 724 მილიონი დოლარის (2,46 მილიარდი ლარი დღევანდელი კურსით) გადახდა მოუწევს. ამას ემატება ის შემოსავალიც, რომელსაც კომპანია „ენკა“ გარანტირებული შესყიდვის მიღმა, გამომუშავებული ენერგიის ბაზარზე გაყიდვით მიიღებს.

12 წელიწადში კომპანიის შემოსავალი, დაახლოებით, 971 მილიონი დოლარი იქნება, რაც სრულიად დაფარავს მის დანახარჯს, მთავრობის მიერ გაცხადებული გადასახადების გათვალისწინებით, 15 წელიწადში კი კომპანიის შემოსავალი 1,26 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. თან აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰესი, ამ 15 წლის გასვლის შემდეგაც, მუდმივად რჩება კომპანიის საკუთრებაში. არადა, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნაკლებად კაბალური ხელშეკრულებების შემთხვევაშიც კი, გარკვეული პერიოდის მერე, ჰესი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

ცხადია, გარანტირებული შესყიდვის პრაქტიკა სხვაგანაც არსებობს, მაგრამ იქ ინვესტორის მიერ დახარჯული ფული, მთლიანად თუ არა, მისი უდიდესი ნაწილი, რჩება ქვეყანას. ჩვენ შემთხვევაში, დანადგარებისა და აგრეგატების იმპორტის აუცილებლობისა და უცხოელი ექსპერტებისა და მომსახურე პერსონალის ანაზღაურების გამო, ინვესტირებული ფულის დიდი ნაწილი დატოვებს ქვეყანას. გარდა ამისა, იშვიათია შემთხვევა, როცა ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მიწა კომპანიის საკუთრებაში გადადის.

ეს ვითარება ნათლად ანახვებს, რომ არა კომპანია, არამედ სახელმწიფოა რეალური ინვესტორი. სახელმწიფო ანუ ჩვენ, ხალხი, ვიხდით, ვაშენებთ ჰესს, ხოლო მოგება მიაქვს კომპანიას, ანუ ჩვენ ვანადგურებთ გარემოს, ვღარიბდებით, ხოლო მდიდრდება კომპანია, იქნება ეს ადგილობრივი თუ უცხოელი.

ცუდი გამოცდილება დაგროვდა საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით – ბუნებრივი რესურსისა და წიაღისეულის ათვისების თვალსაზრისით. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და კომპანია „ფრონტერას“ მაგალითიც საკმარისია. მდიდრდებიან ერთეულები, გარემოსა და ადამიანების ექსპლუატაციის ხარჯზე.

შეიძლება, ჩვენს მთავრობას ეს არ ესმის ან განზრახ ხუჭავს თვალს ამ გარემოებაზე, მაგრამ როცა მას ზურგს უკვე სხვა ქვეყნის ელჩი ან პოლიტიკოსი უმაგრებს, ეს უკვე კოლონიური დამოკიდებულების შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ, არ არის სასიამოვნო, როცა რომელიმე ქვეყნის ელჩი საქართველოში საკუთარი ქვეყნის კომპანიების ინტერესებს მასპინძელი ქვეყნის ხალხის ინტერესების დაკნინების ხარჯზე იცავს.

თუ ჩვენი მთავრობა უუნაროა, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ სხვა ქვეყნის მთავრობამაც საქართველო მხოლოდ გეოგრაფიულ არეალად აღიქვას და ისე მოექცეს, თითქოს იქ მცხოვრებ ხალხს არ გააჩნია საკუთარი კულტურული, ეკონომიკური თუ სოციალური მისწრაფებები.

ამიტომ ადამიანები, რომლებიც „ნამოხვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ, არც ქსენოფობები არიან და არც მოწოდების „არა ჰესებს!“ აკვიატებით შეპყრობილი.

ეს არა რომელიმე ერის ან კომპანიის წინააღმდეგ მიმართული პროტესტია, არამედ – ნეოლიბერალიზმისა და თანამედროვე კოლონიალიზმის. ამიტომ ჩნდება კითხვა: დაუშვებდნენ კი მათი ქვეყნის მთავრობები საკუთარი ბუნების განადგურებას, თუნდაც ჰესის სანაცვლოდ, ამ პირობით და ამ ფასად?!

ბექა ნაცვლიშვილი არის საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკური ეკონომიკისა და პოლიტიკური სოციოლოგიის ლექტორი. იგი ასევე ,არის სამოქალაქო ინიციატივის „სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის“ წევრი. ის დაკავებულია შრომითი და სოციალური პოლიტიკის ადვოკატირებით.

Share