Home » მსოფლიო » კიმ ჩენ ინის ოჯახი – ჩრდილო კორეის დინასტიის საიდუმლოებები
კიმ ჩენ ინის ოჯახი - ჩრდილო კორეის დინასტიის საიდუმლოებები

კიმ ჩენ ინის ოჯახი – ჩრდილო კორეის დინასტიის საიდუმლოებები

ჩრდილო კორეაში, სხვა მრავალი რამის მსგავსად, კიმ ჩენ ინის ოჯახიც საიდუმლოებითაა მოცული. თუმცა სამხრეთ კორეის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ჩრდილო კორეის ლიდერსა და მის მეუღლეს, ლი სოლ ჟუს თებერვალში მესამე შვილი შეეძინათ. ჩრდილო კორეის პრეზიდენტის პირველი ორი შვილი დაახლოებით 2010-2013 წლებში გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, ჰყავს თუ არა კიმ ჩენ ინს მემკვიდრე.

პირველი და მესამე შვილის სქესი ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩრდილო კორეის ლიდერს მეორე შვილი გოგო ჰყავს. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში ამერიკელმა კალათბურთელმა, დენის როდმანმა განაცხადა, რომელიც ყველასათვის მოულოდნელად კიმ ჩენ ინის მეგობარი გახდა. როდმანი მაშინ საუბრობდა, ფხენიანში ვიზიტისას როგორ სიმშვიდეში გაატარა დრო ჩრდილო კორეის ლიდერის ოჯახთან. თავად კიმს ამერიკელმა სპორტსმენმა კარგი მამა უწოდა.

ჩრდილო კორეის მედიასაშუალებები თითქმის არაფერს საუბრობენ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის პირად ცხოვრებაზე. კიმ ჩენ ინის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. საჯაროდ ის პირველად მამის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2010 წელს გამოჩნდა. ჩრდილო კორეის ლიდერის დაბადების ზუსტი დროც კი უცნობია. ფიქრობენ, რომ კიმი 1983 ან 1984 წელს არის დაბადებული.

კიმის ბაბუა – ჩრდილო კორეის რესპუბლიკის დამფუძნებელი, კიმ ირ სენი საჯაროდ მეუღლესთან ერთად ხშირად ჩნდებოდა და წყვილს სურათების გადაღება ბავშვებთან ერთად უყვარდა. კიმის მამა, კიმ ჩენ ირი კი უფრო მეტად ჩაკეტილი ადამიანი იყო. მას ოთხი ცოლი ჰყავდა, ასევე სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

კიმ ჩენ ირის უმცროსი შვილი მემკვიდრეებს შორის ფავორიტად არ ითვლებოდა, იგი 2011 წელს დაიღუპა. კიმ ჩენ ირის ოჯახში არსებული რთული მდგომარეობა საყოველთაო განხილვის თემა მიმდინარე წლის თებერვალში, მალაიზიის დედაქალაქის აეროპორტში კიმ ჩენ ინის ძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობის შემდეგ გახდა.

2013 წლის აგვისტოში ჩრდილო კორეის სახელმწიფო მოწყობის ფუნდამენტური პრინციპები გადაიხედა. ახალი პრინციპები კიმის ოჯახის ხაზის უპირატესობას უსვამს ხაზს და ეს დინასტიური მმართველობის ლეგიტიმაციის საფუძველია.

კიმ ჩენ ინის მეუღლის შესახებ ფაქტობრივად არაფერია ცნობილი. ერთი პერიოდი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლი სოლ ჟუ მომღერალი იყო და კიმ ჩენ ინის ყურადღება სცენაზე გამოსვლის დროს მიიპყრო. ჩრდილო კორეაში არის მსგავსი სახელის მსახიობი, თუმცა ოფიციალური დადასტურება, რომ სწორედ ისაა კიმის მეუღლე, არასდროს ყოფილა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამბობენ, რომ კიმ ჩენ ინს სამი შვილი ჰყავს, მისი მეუღლის უეცარი გაუჩინარება და საჯარო სივრცეში გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გამოჩენაა. ჩრდილო კორეის ლიდერის ოჯახში ბავშვის დაბადების შესახებ ოფიციალური განცხადება არასდროს ყოფილა.

ჩაცმის სტილისა და ქცევის მშვიდი მანერის გამო, კიმ ჩენ ინის მეუღლეს ხშირად დასავლეთის ქვეყნების ლიდერების მეუღლეებსაც ადარებენ. ეს ფაქტორები ჩრდილო კორეის ახალგაზრდა ლიდერის უფრო ზომიერი და ლიბერალური მმართველობის იმედებს აჩენს. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს რაკეტების გამოცდის გამო არსებული მასშტაბური კრიტიკის ფონზე, ფხენიანის ურთიერთობა დანარჩენ მსოფლიოსთან მნიშვნელოვნად გაუარესდა.

წყარო: 1tv.ge

Share