Home » საზოგადოება » “კიდევ ერთხელ განმიმტკიცა რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობა უნდა არსებობდეს“
"კიდევ ერთხელ განმიმტკიცა რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობა უნდა არსებობდეს“

“კიდევ ერთხელ განმიმტკიცა რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობა უნდა არსებობდეს“

“სახელმწიფოს მხრიდან როგორც ცემენტის მწარმოებლების, ასევე მეტალურგების მხრიდან წამოსულ პრეტენზიებზე დროული რეაგირება, არ არის მხოლოდ ამ ორი წარმოებისათვის მხარდაჭერის გამოვლინება, არამედ ეს ნათელს ხდის, რამდენად მდგრადია ჩვენი ნება, რომ ვიყოთ წარმოების მხარდამჭერები, ამიტომ შეძლებისდაგვარად სწრაფად თავისუფალი ბაზრის პირობებში არსებული ყველა ბერკეტი უნდა ავამუშაოთ.

კიდევ ერთხელ განმიმტკიცა რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. ისევე როგორც ძალიან მკაცრად უნდა მოწმდებოდეს საზღვარზე ყველა პროდუქცია. მათ შორის ის პროდუქცია, რომელიც კონკურენციაში შედის ჩვენთან წარმოებულ ადგილობრივ წარმოებასთან“, — განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ შეხვედრაზე, სადაც დემპინგის თემაზე  დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

კომიტეტში გამართულ შეხვედრას რომან კაკულიასთან ერთად ესწრებოდნენ მისი პირველი მოადგილე, გიორგი ბეგაძე, რუსთავის ფოლადის დირექტორი ნუგზარ კაჩუხაშვილი, დირექტორის მოადგილე, არჩილ მელიქაძე, „ჰაიდელბერგცემენტის“ დირექტორი მიხაელ ჰამპელი, „ჯეოსტილის“ წარმომადგენლები ჰარდიფ სინგჰი და ჯასპალ სინგჰი.

ყურადღება გამახვილდა იმ პრობლემაზე, რომლებიც რამდენიმე თვის წინ წამოიჭრა ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან და რაც ირანული პროდუქციის დემპინგური ფასიდან გამომდინარე შეექმნა წარმოებას.

სტუმრებმა განაცხადეს, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგა ადგილობრივი მეტალურგიული წარმოებაც, რომელიც ასევე უჩივის უცხოური, კერძოდ ირანული არმატურის შემოტანას დემპინგურ ფასად, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ საწარმოებს. მხარეებმა ისაუბრეს პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და ვადებზე.

რომან კაკულიას განცხადებით, აღნიშნულ პრობლემებს სპეციალური საკომიტეტო მოსმენა მიეძღვნება .

„ჩვენ ვაპირებთ სპეციალური საკომიტეტო მოსმენა მივუძღვნათ ამ ორი მწარმოებლის პრობლემებს. მოვიწვევთ ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს, რომ თავისი სახელი დავარქვათ არსებულ პრობლემას და დავსახოთ მისი გადაწყვეტის გზები და ვადები. იმიტომ, რომ, როგორც მწარმოებლები ამბობენ, დრო არის ძალიან კრიტიკული. რადგან საქმე ეხება ქარხნების გარკვეული ნაწილის შეჩერებას და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას. ამიტომ აქ შეყოვნება და არაეფექტურობა დაუშვებელი იქნება” – განაცხადა კაკულიამ.

Share