Home » ფინანსები » “ხვდება თუ არა მთავრობა, რომ კერძო „დოტაციის“ პიარი, მალე შეიძლება ბუმერანგივით შემოუბრუნდეს?”
"ხვდება თუ არა მთავრობა, რომ კერძო „დოტაციის“ პიარი, მალე შეიძლება ბუმერანგივით შემოუბრუნდეს?"

“ხვდება თუ არა მთავრობა, რომ კერძო „დოტაციის“ პიარი, მალე შეიძლება ბუმერანგივით შემოუბრუნდეს?”

„საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრი“-ს ვიცე პრეზიდენტი,
ეკ. აკადემიური დოქტორი ნიკა შენგელია
არაერთხელ გამოგვითქვავს გულისწუხილი საბანკო ოლიგოპოლიისა და მათი აფილირებული კომპანიების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შეფერხების შესახებ, თუმცა აღნიშნულის შესახებ მთავრობის ეკონოიკურ გუნდსა და ეროვნულ ბანკს რეალური ნაბიჯები არ გადაუდგამთ. საბანკო ოლიგოპოლიისთვის და აფილირებული კომპანიების „აფრები“-ს გაშლის ხელშეწყობამ ქვეყნის ეკონომიკაში საერთოდ გააქრო ტერმინი კონკურენტული გარემო და სიტყვა კონკურენცია. სწორედ მათ ხელშია დღეს მსხვილი ბიზნესის 70% -მდე, რომლის ხარჯზეც მოდის ქვეყნის ეკონომიკის თუნდაც 5- 6%- მდე ზრდა, რაც სტატისტიკით შეინიშნება. როდესაც ბანკების აფილირებულ კომპანიებზე ვსაუბრობთ ვგულისხმობთ სამშენებლო სექტორს, სადაზღვევო კომპანიებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ჰოსპიტალურ სამედიცინო ბიზნესს, მსხვილ სავაჭრო ქსელებს, ზოგიერთ მათგანს უნიცერსიტეტიც კი აქვს გახსნილი.

ახლა მინდა შევეხო საკითხს, რომელიც 600 000 კრედიტორზე ძველი დავალიანების სესხების დაფარვას ეხება. მოდით გავერკვათ, რამ წარმოშვა ჭარბვალიანობა, ამის ერთ-ერთ ძირითდ ფაქტორად სწორედ საბანკო სისტემის აფილირებული მიკროსაფინანსოების შეუზღუდავი საქმიანობაა. (თუნდაც დავინახეთ „ვივუსი“-ს მაგალითი, რომლის უკან პირდაპირ თუ ირიბად ლიბერთი ბანკი ასოცირდება). იბადება კითხვა, სად იყო მაშინ ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი ? რატომ არ შემოიღეს დროულად რეგულაციები? რატომ შეიყვანეს მოსახლეობა ვალების ჭაობში? რატომ იყო, რომ ბანკები შეღავათიან სესხებს არ გასცემდნენ მოსახლეობაზე და მათ საკრედიტო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისკენ ამისამართებდა, სადაც მარტივად მხოლოდ ქონების უზრუნველყოფით მაღალ პროცენტებში ხდებოდა სესხების გაცემა (არ ვსაუბრობთ მთავრობის ყოფილ და ახლანდელ ჩინოვნიკებზე, რომლებიც მიკროსაფინანსოების რეალური მეპატრონეები იყვნენ ან არიან).

პასუხი ყველაფერ ამ საკითხზე ცალსახაა, ამ ქმედებით სარგებელი ნახა საბანკო საფინანსო სექტორმა, იმ საბანკი საფინანსო სექტორმა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხერხემალს ნამდვილად არ წარმოადგენს და მთავრობას სურვილი არა აქვს, ან არ შეუძლია მოერიოს საბანკო ელიტარულ ლობს. ამ საკითხის გარშემო სასაუბრო-საკრიტიკო ძალიან ბევრია , მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ კონკრეტულ აქტუალულ საკითხს, რომელიც ეხება 600 000 მსესხებლის სესხების განულებასა და მის სავარაუდო შედეგებს.

როგორც ირკვევა, ძირითადად საუბარი გაცემულ ონლაინ სესხებზეა, რომლებიც მსესხებლებს სახლიდან გაუსვლელად „პანტა-პუნტით“ უმტკიცდებათ და მათი მაქსიმალური „ძირი თანხის“ ზღვარი არ აჭარბებდა 2000 ლარს. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, სესხების განულება ძირითადად შეეხება იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ბოლო ერთი წელია ვერ იხდიან ძირ თანხას და მათზე დარიცხულ პროცენტებს. მოდით, ჩავეძიოთ ნიუანსებს.

გაცემული ონლაინ სესხების უმეტესობაზე მსესებელი თავიდან, რამდენიმეჯერ იხდიდა დარიცხული პროცენტის ან დასაფარი თანხის დაგვიანებისთვის დაწესებულ მაღალ ჯარიმას, მათი რაოდენობა საერთო ჯამში იმდენი გამოდიოდა, რომ უმეტეს შემთხვევაში გაცემულ სესხზე რამდენიმეჯერ გადახდილი ჯარიმა და პროცენტი ნასესხებ თანხაზე მეტს შეადგენდა. გასანულებლად გამოყვანილი 1,5 მილიარდი ლარი შედგება ძირი თანხის, მასზე დარიცხული საურავებისა და პროცენტებისგან შემდგარ საერთო დავალიანებას. აქ სესხად გაცემული ძირი თანხა სრულიად შესაძლებელია 400 000 ლარს შეადგენდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი დასაწყისში იხდიდა ჯარიმასა და მაღალ დარიცხულ პროცენტს, ამით რა თქმა უნდა, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები თავიანთი სახსრების ძირითად თანხებს უკან წარმატებით იბრუნებდნენ. დარჩენილი დაუბრუნებელი სესხები და მათზე დარიცხული პროცენტები გადამისამართდებოდა პრობლემური სესხების განყოფილებაში და ამოღების უზრუნველყოფის მიზნით ძირითადად ხდებოდა მათი გაყიდვა დისკონტით. აქ საუბარია საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც საშუალებას იძლევა შეისყიდო სხვისი სავალო ვალდებულებები იაფად. ცნობილია და უცხო არაა, რომ საკრედიტო ორგანიზაციები ასეთ ამოუღებელ გაცემულ სესხებს ყიდდნენ 50% და 80 % – იანი ფასდაკლებებით. შემდგომ ასეთი აქტივის მყიდველი კომპანიები სხვადასხვა ხერხებით (შეშინებით ან მუქარით, რომ მივიდოდნენ და დაუყადაღებდნენ პირად ნივთებს, შეთავაზებებით დაეფარათ 40-50 პროცენტი ვალისა და ამის შემდგომ დარჩენილ ვალს ან გადაუნაწილებდნენ თეების მიხედვით ან საერთოდ გაუნოლებდნენ) ახერხებდნენ მსესხებლებისგან თანხების ამოღებას.

ბევრი რომ აღარ ვისაუბრო, აღნიშნული სქემებისა და მეთოდების შესახებ, იმის თქმა გვინდა, რომ 1,5 მილიარდნახევრიანი სასესხო დავალიანება, რომელიც ფაქტობრივად ამოღების თვალსაზრისით გამოწურულია და გახლავთ მკვდარი თანხა, რომლის ამოღების მექანიზმი არ არსებობს, ანუ ეს დავალიანება პრინციპში ჩამოსაწერადაა გამზადებული და ასეთი მკვდარი, უიმედი დავალიანების შესყიდვა მაქსიმუმ 5%- 10%- ად არის შესაძლებელი.

ამიტომ ზოგიერთი მთავრობის წევრის მიერ ,ტელეკამერების წინ კერძო ინიციატივის პიარი წინასაარჩევნოდ და თითქომ აღნიშნული სესხების დაფარვა 1,5 მილიარდი ჯდება, მოსახლეობისათვის თვალებში ნაცრის შეყრაა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რეალურად სესხისა და დარიცხული პირგასამტეხლოების ის ნაწილი, რომლებსაც მსესხებელი უკვე ერთი წელიწადია არ თუ ვერ იხდის, მისთვის ფაქტობრივად სულერთია დაუფარავენ თუ არა მას. აქ მსესხებლისათვის საინტერესეო და სასარგებლოა ეგრეთ წოდებული „შავი სიის“ გამოსყიდვის თემა.
აღნიშნული ინიციატივით, რომელიც ქართუ ჯგუფმა გააჟღერა, აპირებენ აღნიშნული სიის „გათეთრებას“, იმ გზით რომ აღნიშნული დაუფარავი სესხების გამო „გაშავებული“ პირები სესხების განულების შემდეგ კვლავ ისარგელებენ საფინანსო ინსტიტუტების მომსახურეობით.

თეორიულად ეს ასე უნდა იყოს, მაგრამ ქართული მენტალიტეტიდან და სამევახშეო საფინანსო სექტორის წარმომადგენლების აზროვნებიდან გამომდინარე, „შავი სიის“ დაკოპირებულ ვარიანტს დიდი ალბათობით შეინახავენ. ამით იმის თქმა გვინდა, რომ სესხების განულების აქციით რეალურად „გათეთრებულ“ პირს შემდგომში სესხზე უარს მაინც ეტყვიან, მაგრამ საფუძვლად „შავ სიაში“ ყოფნას არ დაასახელებენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რეალურად, როდესაც მსესხებელს ჩამოეწერება ერთი წლის გადაუხდელი ვალები , რომლებსაც ისედაც არ იხდიდა და „შავი სიის“ მიერ შექმნილი პრობლემები საფინანსო ინსტიტუტებიდან მომავალში კვლავ იგრძნო, მოლოდინის არგამართლებიდან მორალური ზიანი უფრო მეტი ექნება, ვიდრე ამ ყველაფრიდან მიყენებული სიკეთე. ასევე არის მეორეც, კერძოდ, ვგულისხმობთ იმ პირებს, რომლებიც უკვე დაუშვათ ბოლო 8 თვეა ვერ იხდიიან დავალიანებას, რა თქმა უნდა მორალურად ისიც ჩათვლის თავს დაჩაგრულად, მაგრამ სულ სხვაა თემა, რომელიც ეხება  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი პირების ბაზაში რეგისტრირებულ მოვალეებს ეხება, აქ საუბარია იმ საკრედიტო ვალდებულებებზე, რომელთა ნარჩენი ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს, ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და არ არის აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრამდე.

ასევე არსებობს მოლოდინი იმისა, რომ მომავალშიც იმ იმედით, რომ სესხებს ჩამოაწერენ კვლავ გაყოს გაჭირვებულმა მოსახლეობამ ვალების ჭაობში თავი.

მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო სექტორი იფიცება,რომ აწი მხოლოდ ახალი რეგულაციებით გაცემენ სესხებს და ამით გაუსაძლის პირობებში მყოფი ადამიანების „მევახშისაკენ“ მიერეკება.

დასკვნის სახით ვიტყოდით, რომ ის იმედები რაც მსესხებლებს „სესხის განულების იდეით“ ჩაესახათ, დიდი ალბათობით სავსებით შესაძლებელია ვერ გამართლდეს და რეალურად იგი შეიძლება ფართო მასებისათვის მორალურად ზიანის მომტანი უფრო აღმოჩნდეს. ყოველივე ამის რეალური შედეგები უკვე გაზაფხულზე იჩენს თავს და არჩევნების ზღურბლზე გახმოვანებული ეს იდეა შეიძლება ბუმერანგივით შემოუტრიალდეს მართველ ძალას.

სესხების“ განულების“ ეს ერთჯერადი აქცია უფრო გავს სოციალურ „დოტაციას“.

ვსვავთ კითხვას ,როდემდე უნდა ვებრძოლოთ „ეკონომიკური ავადმყოფობის“ შედეგებს ამ „ავადმყოფობის“ წყაროების უგულვებელყობით?

ჭარბვალიანობის მიზეზი „ზედაპირზე დევს „ და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ
1) მოსახლეობას არა აქვს შემოსავალი მძაფრი უმუშევრობის ფონზე;
2) უმუშევრობის მიზეზი მდგომარეობს ეკონომიკის რეალური სექტორის სტაგნაცაში;
3) ეკონომიკის განუვითარებლობა გამოწვეულია საექსპორტო პოტენციალში ინვესტიციების დეფიციტით.

აღნიშნული პრობლემატიკა ადვილად გადასაწყვეტია მხოლოდ ერთი პირობით, ესაა კომპეტენტური სპეციალისტების ჩართვა ქვეყნის ეკონომიკური მოდელის რეფორმის მიმართულებით.

Share