Home » ბიზნესი » ,,ხშირად ინიშნება არა მხოლოდ უფრო ძვირი მედიკამენტი, არამედ წამალი, რომელიც საერთოდ არ სჭირდება ადამიანს“

,,ხშირად ინიშნება არა მხოლოდ უფრო ძვირი მედიკამენტი, არამედ წამალი, რომელიც საერთოდ არ სჭირდება ადამიანს“

„კონკურენციის სააგენტოს დასკვნა დაფუძნებულია პრინციპზე, შეისწავლოს ურთიერთჩანაცვლებადი მედიკამენტების კონკურენტული წნეხის არსებობა“, – ამის შესახებ ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაციის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტომ, დასკვნა ასოციაციასთან მჭიდრო კოორდინაციით მოამზადა და მიზნად ისახავს, ბაზარზე არსებული რისკების შემცირებას.

„საქართველოს ჯანდაცვის სექტორი არის უნიკალური, რასაც უდიდესი ნაწილი კერძო სექტორის მფლობელობაშია და ძალიან მცირე ნაწილი სახელმწიფოსი, ვგულისხმობ, ჰოსპიტალურ სექტორს. რაც შეეხება ფარმაცევტულ ნაწილს, ჩვენ გვყავს მეწარმეები, რომლებიც ამავდროულად აწარმოებენ წამლებს, აქვთ კლინიკები და არიან საცალო და საბითუმო ბაზარზე. კონკურენციის სააგენტომ ჩაატარა კვლევა, რამდენად ახდენს ეს ყველაფერი გავლენას ღირებულებაზე და პაციენტთა კეთილდღეობაზე. ეს დასკვნა 3 წელი მზადდებოდა და ძალიან ინტერაქტიულად მუშაობდნენ ჩვენთან, რისთვისაც მადლობას ვუხდი. დასკვნა ეხება ყველა საკითხს, რომელიც რისკის ჯგუფს წარმოადგენს. როცა კლინიკა და აფთიაქი ერთი მფლობელის ხელშია, რა თქმა უნდა, რისკი არის. კვლევის მთავარი შედეგი რეკომენდაციის ნაწილია, როგორ უნდა შევამციროთ რისკები.

კონკურენციის სააგენტოს დასკვნა დაფუძნებულია პრინციპზე, შეისწავლოს ურთიერთჩანაცვლებადი მედიკამენტების კონკურენტული წნეხის არსებობა. დღეს საქართველოში ბაზარზე დაახლოებით 11 000 მედიკამენტია, რაც აჩენს კითხვას – არის თუ არა 10-15 ერთი და იგივე დასახელების და რის მიხედვით ინიშნება რომელიმე. ეს კვლევა და კონტროლი რომ განხორციელდეს, უნდა გვქონდეს კანონი, რომელიც არ გვაქვს. ერთადერთი საკანონმდებლო აქტი 2009 წელს მიღებული ამ კანონის არსი კი მხოლოდ დერეგულაციაა. კონკურენციის სააგენტოს დასკვნაშიც წერია, თუ ჩვენ არ შევცვალეთ კანონი და ხარისხობრივად ურთიერთ ჩანაცვლებადი მედიკამენტები არ გვექნება მივდივართ თანხის ნაწილთან 1 დახარჯული ლარი არის თუ არა თანაფარდი სარგებელი მომხმარებლისთვის“ – ამბობს მარგველაშვილი.

მისივე თქმით, რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, შესაძლებელია წამლის ფასის მოკლე დროში კლება.

,,არსებობს რესურსი, წამლის ფასმა დაიკლოს. რამდენიმე ასპექტი უნდა გამოიყოს ჩვენ ვამბობთ, რომ არის ფასნამატები. ამის შესაცვლელად შეიძლება გაკეთდეს ფასდერეგულაცია საბითუმო და საცალო ბაზარს შორის. ჩვენი მედიკამენტი ის კი არ არის, კონკრეტული მედიკამენტის ფასმა დაიწიოს, ჩვენ ნაკლები მედიკამენტი უნდა დაგვჭირდეს.

კონკურენციის სააგენტომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო ფარმაცევტულ კომპანიებსა და სამედიცინო პერსონალს შორის ურთიერთობას. როცა საუბარია იმაზე, რომ ფარმაცევტული წნეხის ქვეშაა სამედიცინო პერსონალი, კანონი კი ამას არ არეგულირებს.

ხშირად ინიშნება არა მხოლოდ უფრო ძვირი მედიკამენტი, არამედ წამალი, რომელიც საერთოდ არ სჭირდება ადამიანს. ყველაზე სწრაფი მეთოდია, ფასნამატებზე რეგულაცია, ურთიერთობის დარეგულირება სამედიცინო პერსონალსა და ფარმაცევტულ სექტორს შორის. მერწმუნეთ, ეს არ არის რთული. ბევრად რთულია ჰოლდინგური კომპანიების დაშლა, რომლის ალტერნატივაც ახლა ბაზარზე არ გვაქვს. კონკურენციის სააგენტოს დასკვნაშიც წერია, რომ მსხვილ ქსელურ კომპანიებს, რომლებიც ასეთ ჰოლდინგებში შედიან, ფასნამატი დაახლოებით 15-26% აქვთ, მაშინ, როცა ნაკლები ზომის კომპანიებს 200-1 000% აქვთ ფასნამატი“,- განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა ,,საქმეში“.

BPN.GE

Share