Home » მსოფლიო » ხორვატიამ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აშშ-დან გათხევადებული ბუნებრივი აირის მისაღებად ტერმინალი გახსნა

ხორვატიამ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით აშშ-დან გათხევადებული ბუნებრივი აირის მისაღებად ტერმინალი გახსნა

29 იანვარს ხორვატიული თხევადი ბუნებრივი აირის ახალი ტერმინალი კრკის კუნძულზე და მასთან დამაკავშირებელი მილსადენი ხორვატიის პრემიერ მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა გახსნა. ხორვატიაში 2.6 მილიარდი კუბური მეტრი წლიური სიმძლავრის მქონე თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა დასრულდა, რომლის ძირითად მიმწოდებლად ამერიკის შეერთებული შტატები განიხილება.

“ბლუმბერგის”ცნობით, თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთულმა ამერიკულმა გემმა ახალ ხორვატიულ ტერმინალში პირველ კარგო იანვრის დასაწყისში შეიტანა. ახალი საიმპორტო ტერმინალი მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგიონის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას.

თხევადი ბუნებრივი გაზის ახალი ტერმინალისა და ომიშალ-ზლობინის მილსადენის მშენებლობის პროექტმა, რომელიც ტერმინალს ხორვატიის გაზის გამანაწილებელ სისტემასთან აკავშირებს, ევროკავშირიდან 124 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.

ტერმინალი, რომლის წარმოების მაქსიმალური წლიური სიმძლავრე 2.6 მილიარდი კუბური მეტრია, გაზით მოამარაგებს ხორვატიის განაწილების ნაციონალურ ქსელს, რომელიც დაკავშირებულია უნგრეთთან, სლოვენიასთან და იტალიასთან, ასევე ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან, როგორებიცაა სერბეთი და მონტენეგრო. “სწავლისა და საქმიანობისთვის” განკუთვნილი გრანტის ფორმით ევროკავშირიდან მიღებული ფინანსური დახმარება ხელს უწყობს სამომავლო საჯარო და კერძო ინვესტიციების მოზიდვასაც ჯამში 182 მილიონი ევროს მოცულობით.

ინოვაციებისა და ქსელების აღმასრულებელი სააგენტოს (INEA) დირექტორმა დირკ ბეკერსმა განაცხადა: „კრკის თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ცენტრალური და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისა და გაზის მარაგების დივერსიფიკაციისთვის. ეს ასევე შეუწყობს ხელს ბუნებრივი გაზის სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურ ინტეგრაციას გაზის რეგიონულ ბაზართან და ზოგადად, გაზრდის რეგიონის კონკურენტუნარიანობას. მსურს მივულოცო ჩვენს ბენეფიციარებს – ხორვატიის თხევადი ბუნებრივი გაზის კომპანიას და Plinacro-ს. მათ ეფექტურად ითანამშრომლეს ინოვაციებისა და ქსელების აღმასრულებელ სააგენტოსთან (INEA) და, გამოწვევების მიუხედავად, შეძლეს პროექტის წარმატებით, გეგმის შესაბამისად შესრულება.

ტერმინალის მშენებლობის პროექტი ევროკავშირის საერთო ინტერესების პროექტის სტატუსს ატარებს (PCI 6.5.1). ეს ასევე ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ენერგეტიკული კავშირების ინიციატივის (CESEC) ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, რაც მიუთითებს ტერმინალის მნიშვნელოვან როლზე სოლიდარობის გაძლიერების და რეგიონის მასშტაბით მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის უსაფრთხო ენერგო მარაგებზე წვდომის შესაძლებლობის მიმართულებით.

ტერმინალზე კომერციული ოპერაციები 2021 წლის იანვრიდან დაიწყო. მისი სრული სიმძლავრით ამოქმედება შემდგომი სამი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

წყარო: საქართველო – სამი ზღვის ინიციატივა

https://ec.europa.eu/…/first-croatian-lng-terminal…

 

Share