Home » ბიზნესი » „ხორბლის მარაგები სასურსათო უსაფრთხოების უმთავრესი კომპონენტია, რომელზე პასუხისმგებელი ორგანოც დღეს საქართველოში არ არსებობს“
„ხორბლის მარაგები სასურსათო უსაფრთხოების უმთავრესი კომპონენტია, რომელზე პასუხისმგებელი ორგანოც დღეს საქართველოში არ არსებობს“

„ხორბლის მარაგები სასურსათო უსაფრთხოების უმთავრესი კომპონენტია, რომელზე პასუხისმგებელი ორგანოც დღეს საქართველოში არ არსებობს“

„სამწუხაროდ, სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის ყოველთვის არის ლარის კურსი“

„2000 წლის შემდეგ, წელს ჩვენთან ამერიკული ხორბალი პირველად შემოვა“


არსებობს თუ ქვეყანაში ხორბლის მარაგი, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში უნდა იქნას გამოყენებული, რას გულისხმობს ხორბლის მარაგების მართვის უშიშროების საბჭოზე გადაცემა და რამდენად მოსალოდნელია უახლოეს მომავალში საქართველოში პურზე ფასების ზრდა, თემაზე „ბანკები და ფინანსები“ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტრს, ლევან სილაგავას ესაუბრა.

– თქვენ ინიციატივით გამოხვედით, რომ ხორბლის მარაგების მართვა დაევალოს უშიშროების საბჭოს. რას გულისხმობს აღნიშნული ინიციატივა და რატომ არის მისი განხორციელება აუცილებელი?

– ხორბლის მარაგები სასურსათო უსაფრთხოების უმთავრესი კომპონენტია. დღეს ამაზე პასუხისმგებელი ორგანო საქართველოში არ არსებობს. ჩვენთან მარაგების ქონა ცოტა ქაოტურადაა. პოლიტიკას მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ასახავს სახელმწიფო. ის რომ მარაგებს ითვლიდეს ვინმე და ტარდებოდეს მონიტორინგი, ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ რადგან დარგობრივი ასოციაცია ვართ, ფინანსთა სამინისტროს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, დაახლოებით შეიძლება შევიქმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ რა რაოდენობის ხორბლის მარაგები შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში. თვითონ გამოკითხვის პრინციპი, იგივე ასოციაციის წევრებს შორის, აკრძალულია და არც ვაკეთებთ. ეს კონკურენციის კანონის პირდაპირი დარღვევა იქნებოდა. თუ გამოკითხვას ატარებს ასოციაცია, ან თუნდაც რომელიმე სამინისტრო, დიდია ალბათობის ინფორმაციის გაჟონვის. თანაც, თუ ამის ეჭვი აქვს ეკონომიკურ აგენტს, ის არ იძლევა ზუსტ და სწორ ინფორმაციას. შესაბამისად, მთლიანობაში ზიანდება მარაგების სტატისტიკა. პური და ხორბალი კრიზესების პერიოდში ისედაც ყურადღების ქვეშაა და საჭიროა ის იყოს ლეგიტიმური ორგანოს ხელში.

 – ამ მიმართულებით, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?

– ზოგადად ეს პრაქტიკა მსოფლიოში აპრობირებულია. ყველა ქვეყანას აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია. ეკონომიკურ გამოწვევებში უმთავრესი არის სასურსათო უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში იანგარიშება სასურსათო უსაფრთხოება ერთ სულ მოსახლეზე რამდენია ხორბლის მარაგი ქვეყანაში. 2008 წ;ის მსოფლიო კრიზის შემდეგ, გაერომ ქვეყნებისათვის დადო რეკომენდაცია, რომ მთლიანი მოხმარების ორი თვის სასურსათო მოხმარების ხორბლის მარაგი უნდა არსებობდეს ქვეყანაში. რეკომენდაცია სხვა პროდუქტებსაც მოიცავს, თუმცა ხორბალი უმთავრესია. რიგ ქვეყნებში არსებობს უშიშროების საბჭოები, კრიზისული საბჭოებში, აზერბაიჯანში არსებობს „ემ-ჩე-ესი“, ანუ საგანგებოთა სიტუაციის სამინისტრო.

– თქვენი ინფორმაციით, ხორბლის ყაზახურ კომპანიებს სურვილი აქვთ ხორბლის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით გააკეთონ. თუ ფლობთ ინფორმაციას ამ ეტაპზე რა სიტუაციაა ამ მიმართულებით და რა ბენეფიტების მომტანი იქნება ეს საქართველოსთვის?

– ეს საკითი ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველი ნაწილი ის არის, რომ ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირება გვჭირდება. შესაბამისად, ყაზახეთი არის ხორბლის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი ქვეყანა. 3 თვის წინ, მთავრობასთან ერთად გარკვეული მოლაპარაკება გავმართეთ, რომ ყაზახეთიდან წამოსული ხორბალი ყაზახური მხრიდან დასუბსიდირებულიყო. საუბარია ტრანსპორტირების სუბსიდირებაზე. პრინციპში ეს ყაზახეთისთვისაც მისაღები იყო და ეს მექანიზმი მზად არის, მაგრამ ყაზახეთმა წელს, სამწუხაროდ, საკმაოდ დაბალი მოსავალი მიიღო, 3 მილიონით ნაკლები, ვიდრე შარშან. დღეისათვის ის რაოდენობა ვერ მოგვაქვს, მაგრამ შარშან თუ იყო 70 000 ტონა, წელს 40 000 კი შემოვიტანეთ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც გვინდოდა. თუმცა, ეს მექანიზმის მაინც მზად არის და თუ კრიზისი იქნა რუსეთის მხარეს, ჩვენ ყაზახეთიდან შემოვიტანთ სუბსიდირებით. ასევე, ამერიკიდან მოგვდის ხორბალი, რომელიც ერთ-ერთ კომპანიას შემოაქვს. 2000 წლებიდან მოყოლებული ჩვენთან ამერიკული ხორბალი არ შემოსულა და წელს შემოვა, რაც დივერსიფიცირებისთვისაა კარგი.

რაც შეეხება ყაზახური კომპანიების მხრიდან დაინტერესებას, ყაზახური კომპანიები დაინტერესებულნი არიან ხორბლის ექსპორტით, რადგან ქვეყანა მსოფლიოში ხორბლის მომყვანი ქვეყნების ექვსეულში შედის. 2007 წელსაც არსებობდა ეს ინტერესი. მათ უნდოდათ ხორბლის ტერმინალის შესყიდვა, ან ბათუმში მისი გაკეთება. შემდეგ, 2013 წელს ისევ გააქტიურდა ეს თემა. თემა მდგომარეობს შემდგომში, რომ ყაზახეთი გეოგრაფიულად ჩაკეტილია. მას გასასვლელი არ აქვს ზღვაზე. გარდა იმისა რომ წარმოებული ხორბალიტ თავს იკმაყოფილებენ, ისინი ხორბალს ძირითადად ავღანეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს აწვდიან. შესაბამისად, შავ ზღვაზე გასასვლელი უნდათ იმიტომ, რომ ფაქტობრივად, მათ სხვა გასასვლელი არ აქვთ. რუსეთს ისედაც მოჰყავს დიდი რაოდენობით ხორბალი და ასევე, უკრანისაც დიდი რაოდენობის ხორბალი მოჰყავს. ის პორტები ჯერ თავის ხორბალს უშვებენ და შემდგომ ყაზახურს.

მას შემდგომ ქართული ინვესტიციით ფოთში აშენდა 50 000 ტონაზე გათვლილი ფოთის საპორტო ტერმინალი, საიდანაც გარკვეული რაოდენობა ყაზახური ხორბლის გადის. თუმცა, ეს სიმძლავრე მათთვის სასურველი არ არის. ეს ინტერესი კვლავ არსებობს, რომ ფოთის და ბათუმის პორტებით მოხდეს ამ თემის უკეთ დამუშავება. მეორე საკითხია ყარსიდან საკონტეინერო გადაზიდვა, რომელსაც თავისი სპეციკა გააჩნია და ამაზეც სამუშაოა.

– რა ხდება ხორბლის საერთაშორისო ბაზრზე, ასევე რა სიტუაციაა ადგილობრივ ბაზარზე, რა გამოწვევების წინაშეა დღეს ადგილობრივი ხორბლისა და ფქვილის სექტორი და აქვე, მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში პურზე ფასის ზრდას?

– ხორბლის საერთაშორისო ბაზარი დღეს გარკვეულწილად სტაბილურია. შარშან მსოფლიო ბაზარზე რეკორდული მოსავალი იყო. შარშანდელთან შედარებით კი საშუალო მოსავალია. იმ ქვეყნეში, საიდანაც ხორბალი მოგვაქვს, სიტუაცია სტაბილურია. სამწუხაროდ, სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის ყოველთვის არის ლარის კურსი, მისი მერყეობა. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ იმპორტი გვაქვს 90%-ის, დამოკიდებული ვართ დოლარის კურსზე. დღეს არსებული კურსით ბაზარზე ერთი ტომრის ფასია 49-50 ლარი. 2018 წელს, დეკემბერში როცა სერიოზული რყევა იყო, ფასი გაიზრდა 10 თეთრით პურზე. ამ წუთას რაიმე სერიოზული არ ხდება, თუმცა გამოწვევად კვლავ ლარის კურსი რჩება.

კიდევ ერთი გამოწვევაა ადგილობრივი წარმოების ხორბლის მოცულობა, რომელიც დღეს საერთო მოცულობის 10%-ია. აქ მნიშვნელოვანია განათლება და ტექნოლოგიები. ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, თუმცა ცოდნით შეგვიძლია მოსავლიანობა გავზარდოთ ერთ ჰექტარზე. დღეს 2 ტონაა საშუალო მოსავლიანობა, როცა საშუალო ევროპული მოსავლიანობა 5 ტონაა. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ საშუალოდ 2-2.5-ჯერ მეტ მოსავალს მივიღებთ იმ ჰექტარზე, რაზეც დღეს დათესილია ხორბალი. ეს სასურსათო უსაფრთხოების თემაც არის და თვითკმაყოფადობის პროცენტიც მეტი გვექნება.

ესაუბრა ბაჩანა ჯინჭარაძე

Share