Home » საზოგადოება » ხაზარაძე აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღის და ენგურის ხიდზე სიმბოლური მონუმენტის აღმართვის ინიციატივით გამოდის
ხაზარაძე აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღის და ენგურის ხიდზე სიმბოლური მონუმენტის აღმართვის ინიციატივით გამოდის

ხაზარაძე აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღის და ენგურის ხიდზე სიმბოლური მონუმენტის აღმართვის ინიციატივით გამოდის

გთავაზობთ დაინიშნოს აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ინიციატივით გამოდის, რომ ენგურის ხიდთან აღიმართოს სიმბოლური მონუმენტი, იმის ნიშნად, რომ მალე ეს კედელი დაინგრევა, ბლოკ პოსტი აღარ იარსებებს და ერთობა, მეგობრობა, სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს.

„26 წელი გავიდა სოხუმის დაცემის შემდეგ. 26 წელი გავიდა და ჩვენ ისევ ვერ მოვიშუშეთ ტკივილი, რომელიც აფხაზებისა და ქართველების სისხლისღვრას მოყვა, ომი, რომელიც რუსეთის იმპერიამ და მისმა აგენტურამ მოგვახვია თავს. ჩვენ დაგვსაჯეს თვითგამორკვევისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. დადგა დრო 26 წლის შემდეგ მაინც ვუთხრათ ჩვენს აფხაზ ძმებს, რომ ეს თავსმოხვეული ომი იყო, უდიდესი შეცდომა, რომ დღეს ერთმანეთს უნდა შევუნდოთ, რომ ამ ომში დაღუპული ქართველი და აფხაზიც ერთნაირად გვტკივა, რომ აფხაზის საფლავს, ისევე დავიტირებთ, როგორც ქართველის.

მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს – კაცსა და ქალს, ვინც საკუთარი ოჯახისთვის, იდეისთვის, ღირსებისთვის იბრძოლა და დაიღუპა. ჩვენ დღეს ერთნი უნდა გავხდეთ და ვუთხრათ ერთმანეთს მთავარი სათქმელი. სიტყვა, რომელიც ჩემმა აფხაზმა მეგობარმა მასწავლა: ჰაიგამზა – ჩვენ განუყოფელნი ვართ!

გთავაზობთ დაინიშნოს აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღე, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ, მოვინანიებთ, მივუტევებთ ერთმანეთს და ენგურის ხიდთან აღვმართავთ სადა, მაგრამ სიმბოლურ მონუმენტს, იმის ნიშნად, რომ მალე ეს კედელიც დაინგრევა, რომ ეს რუსული ბლოკ პოსტიც აღარ იარსებებს ჩვენს შორის და რომ ერთობა, მეგობრობა, სიყვარული ყველაფერზე იმარჯვებს!“- წერს ხაზარაძემ.

Share