Home » ფინანსები » ხათუნა ბურკაძე: ლარის გაციფრულებისთვის აუცილებელია კიბერუსაფრთხოების გაძლიერება

ხათუნა ბურკაძე: ლარის გაციფრულებისთვის აუცილებელია კიბერუსაფრთხოების გაძლიერება

„ჯეოქეისის” ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) პროფესორი ხათუნა ბურკაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ციფრული ლარის გამოშვებაზე „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის ციფრული ვერსიის შექმნა ქვეყანაში ციფრული ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს.

მისი განცხადებით, ციფრული ლარი ეროვნული ბანკის მიერ უნდა იყოს რეგულირებული. ასევე, პროექტის განხორციელება შესაბამისი ელექტრონული პლატფორმის განვითარებას საჭიროებს.

„რაც შეეხება ამ ინიციატივის დადებით მხარეებს, ციფრული ლარი მომხმარებელს გადახდის ახალ და სწრაფ შესაძლებლობებს შესთავაზებს. ტრანზაქციები დროში მაქსიმალურად მოქნილი იქნება. ამასთანავე, ვირტუალური ეროვნული ლარის გამოშვება და მისი მეშვეობით შესრულებული ოპერაციები ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს. მიუხედავად უპირატესობებისა, ამ პროცესის წარმატებით მართვისათვის აუცილებელია კიბერუსაფრთხოების გაძლიერება, რათა აღნიშნული ელექტრონული პლატფორმა ჰაკერების სამიზნე არ აღმოჩნდეს. საგადასახადო სფერო უნდა იყოს როგორც ეფექტიანი, ასევე უსაფრთხო,” – აცხადებს ბურკაძე.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვებას გეგმავს. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა.

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვება ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესებას ისახავს მიზანად. CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება.

business-partner.ge

Share