Home » ახალი ამბები » ხაბეიშვილი – მიხეილ სააკაშვილის სახით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჰყავთ დატყვევებული

ხაბეიშვილი – მიხეილ სააკაშვილის სახით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჰყავთ დატყვევებული

მიხეილ სააკაშვილის სახით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჰყავთ დატყვევებული, რომელსაც არა საქართველოში, არამედ უკრაინაში იყენებდნენ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოსანახულებლად შესვლამდე განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას მთავარი სასაუბრო თემა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პრობლემები იქნება.

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ნიშნავს, რომ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელსაც შეუძლია 200 000-მდე სამუშაო ადგილი შექმნას საქართველოში, ჰყავთ მძევლად აყვანილი. ქვეყანაში ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები არიან ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა ამ მიმართულებით და გამოცდილება არ აქვთ. კარგად უნდა გავიაზროთ ის, რომ სააკაშვილი ინვესტიციების მოზიდვის და რეფორმების მიმართულებით აღიარებულია არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რეფორმატორია. ამ დროს, ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანის ტვინს, გამოცდილებას, კონტაქტებს და შესაძლებლობებს ვიყენებდეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ვხედავთ, რომ ქართველების ხელით რუსეთს ჰყავს გამოკეტილი ტყვეობაში.

დღეს ბევრს ვისაუბრებთ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებაზე. ასევე მინდა სააკაშვილს ვესაუბრო იმ სქემაზე, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს აწყობილი. ჩვენ 2016 წლამდე აზერბაიჯანიდან პირდაპირ ვყიდულობდით ელექტროენერგიას, 2016 წლის შემდეგ გაჩნდა შუამავალი უჩა მამაცაშვილის კომპანია, რომელიც დამატებით გადასახადს იღებს არაფერში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილის გამო გააუქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

„ვფიქრობ, რომ ეს სამსახური არ მოემსახურა ოლიგარქს და მოემსახურა კანონს და თქვა ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხორციელდებოდა, ვგულისხმობ, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას.

რა თქმა უნდა, მძიმეა იმის ყურება, რომ სააკაშვილის ექიმებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ეძლევა და ასევე ნორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობა ადვოკატებთან, თუმცა ეს დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

Share