Home » ფინანსები » KfW საქართველოს ნარჩენების მართვისთვის 30 მლნ ევროს გამოუყოფს
KfW საქართველოს ნარჩენების მართვისთვის 30 მლნ ევროს გამოუყოფს

KfW საქართველოს ნარჩენების მართვისთვის 30 მლნ ევროს გამოუყოფს

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი KfW საქართველოს ნარჩენების მართვისთვის 30 მლნ ევროს ხელსაყრელ კრედიტს გამოუყოფს.

საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, თანხა დაიხარჯება კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ორი რეგიონალური ნაგავსარელისათვის და ასევე ნარჩენების კონტეინერებისა და სპეციალური მანქანებისთვის.

საელჩოში აღნიშნავენ, რომ ნარჩენების თანამედროვე მენეჯმენტის განვითარებით სარგებელს ნახავს დაახლოებით 675 ათასი ადამიანი.

პროექტს განახორციელებს ფირმა Solid Waste Management Company of Georgia ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, რომლებიც გარდა ხსენებული ინვესტიციისა, მიიღებენ ასევე 2 მილიონი ევროს ოდენობის სუბსიდიას საკონსულტაციო ღონისძიებებისათვის.

ნარჩენების ტრანსპორტირებისა და წესისამებრ დეპონირების გარდა  დაგეგმილია საინფორმაციო და სარეკლამო კამპანიებისა და საპილოტე ღონისძიებების ჩატარების მხარდაჭერა. მაგალითად კახეთში მეღვინეებს შესთავაზებენ ყურძნის ნარჩენების კომპოსტირებასა და სანაცვლოდ კომპოსტის მიღებას სასუქისათვის.

პროექტი ტურიზმის ხელშეწყობასაც გულისხმობს.

„ტურიზმი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფაქტორად იქცა, მაგრამ ლანდშაფტურ იდილიასა და სხვადასხვა ღვინოების დეგუსტაციას ხელს უშლის ნაგავი, რომელიც ეზოებში იწვება ან არასათანადოდ იყრება”, –  აცხადებენ საელჩოში.

GBC.ge

Share