Home » საზოგადოება » კელი დეგნანი: მსურს ამ შაბათს ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობა ვიხილო

კელი დეგნანი: მსურს ამ შაბათს ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობა ვიხილო

მსურს, ამ შაბათს ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობა ვიხილო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონმა მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

„საქართველოში ჩვენ ოც წელზე მეტია, ვუჭერთ მხარს არჩევნების ჩატარებას. ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, მისი სისტემებისა და პროცედურების შესაქმნელად. ვეხმარებით საკანონმდებლო ორგანოს, განავითაროს საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ვეხმარებით პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი პლატფორმებისა და პროგრამების ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე ფოკუსირებაში, ამ ძალიან გამყოფი ინდივიდების პოლიტიკის ნაცვლად. წელს, ასევე განსაკუთრებით ვიმუშავეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა კოვიდპანდემიის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის ხმის მიცემა უსაფრთხო გარემოში, დაცული იყოს ამომრჩეველი და მისი პირადი ინფორმაცია პოტენციური კიბერშეტევებისგან, ასევე ვეხმარებით ცესკოს თავიანთი სისტემების გაძლიერებაში, დეზინფორმაციის კამპანიის სახით არსებული უცხოური ჩარევებისგან დასაცავად“, – განაცხადა დეგნანმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.

„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, როგორიცაა „საია“, ISFED, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და PMMG, საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა IRI, NDI და IFES. ეს ძალიან პატივსაცემი, პროფესიონალური ორგანიზაციებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ არჩევნებში, აკვირდებიან როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე არჩევნების დღეს, აფიქსირებენ დარღვევებს და უზრუნველყოფენ, რომ ქართველებმა საარჩევნო კამპანიის წარმოება და ხმის მიცემა უსაფრთხო, დაცულ გარემოში შეძლონ“, – განაცხადა დეგნანმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

Share