Home » საზოგადოება » კელი დეგნანი – 1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი

კელი დეგნანი – 1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი

1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანის კომენტარს აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი. ბერლინის კედლის დაცემიდან ტიანანმენის მოედანზე გმირულ გამოსვლამდე, მსოფლიო უყურებდა, როგორ დადგნენ მოქალაქეები დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად; ბალტიის ქვეყნებში ორმა მილიონმა ადამიანმა სოლიდარობის ნიშნად ხელი ხელს ჩაჰკიდა; უნგრეთში გახსნეს საზღვარი ავსტრიასთან პიკნიკის მოსაწყობად, ხოლო აქ, საქართველოში, 9 აპრილს 21-მა ადამიანმა უმაღლესი საფასური გადაიხადა, ასობით ადამიანი კი დაშავდა საბჭოთა არმიის ხელით თავისუფლებისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს.

დღეს პატივს მივაგებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, რათა უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავალი გვქონოდა. მოდით, ვიყუროთ ასევე წინ სიამაყით, რადგან ჩვენ – ამერიკელები და ქართველები ვზეიმობთ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს“.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

Share