Home » ბიზნესი » კატარში Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა

კატარში Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და სპარსეთის ყურის რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელების კომპანია Lulu Hypermarket-ის მრავალთვიანი ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა. ინფორმაციას ამის შესახებ კატარში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, 9 ივნისიდან დოჰასა და კატარის სხვა ქალაქებში არსებულ Lulu Hypermarket-ის 14 სავაჭრო ობიექტში კატარელი მომხმარებლები შეძლებენ სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქტების შეძენას.

„მინერალური წყალი, ნატურალური წვენები, ჩაი, ყავა, კომპოტი, ჩირი, შოკოლადი – ამ და სხვა მზა პროდუქციასთან ერთად, სავაჭრო ქსელში განთავსდა ქართული სეზონური ხილი და ქართული ცხვრის ხორცი.

ქართული პროდუქციის Lulu-ს ქსელში განთავსების აღსანიშნავი ღონისძიება, სლოგანით „ქართული პროდუქტების ფესტივალი 2021“, საზეიმო ვითარებაში გახსნეს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და Lulu Group International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ალტაფმა.

ფესტივალის ფარგლებში, მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ობიექტებში განხორციელდება სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები კატარულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

Share