Home » ფინანსები » კაპიტალის ბაზრის განვითარება ისევ სურვილის დონეზეა
კაპიტალის ბაზრის განვითარება ისევ სურვილის დონეზეა

კაპიტალის ბაზრის განვითარება ისევ სურვილის დონეზეა

სებ-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კაპიტალის ბაზრის განვითარებაა

ეროვნული ბანკის სამი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი კაპიტალის ბაზრის განვითარებაა. სებ-ში აღნიშნავენ, რომ აქტიურად მუშაობენ კორპორაციული ობლიგაციების მიმართულების განვითარების კუთხითაც.

ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ ფინანსური სტაბილურობისთვის აქტიური და განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, კაპიტალის ბაზარი ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია და მისი წინსვლისთვის დღემდე დიდად თავი არავის შეუწუხებია.

ობლიგაციათა ბაზარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში, ვინაიდან კორპორაციებსა და მთავრობებს საშუალებას აძლევს მოიზიდონ სახსრები საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად. ამ ეტაპზე ეს ბაზარი კარგად მხოლოდ სახელმწიფომ აითვისა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძე კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობაზე თავადაც საუბრობს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა ჯერ კიდევ არ არსებობს.

“ბევრი კანონი თავიდან უნდა დაიწეროს, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონი. ბევრი წესი უნდა გადაიხედოს. ჰარმონიზაცია მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. ამ დროისთვის, მიდის მუშაობა დაზღვევის სისტემის კუთხით, რაც ძალიან დაეხმარება ფასიანი ქაღალდების ბაზრის გააქტიურებას. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტრო უშვებს სხვადასხვა ვადიან ფასიან ქაღალდებს, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდები გამოუშვა – ევროპის საინვესტიციო განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, აზიის განვითარების ბანკი, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი. ესეც დაეხმარება განვითარების პროცესს.  მნიშვნელოვანია კორპორაციული ბონდების გამოშვება, ეროვნული ბანკი ამ მიმართულებითაც მუშაობს”, – განაცხადა კობა გვენეტაძე.

“პირველი საკრედიტო კავშირის” ხელმძღვანელი გივი კორინთელი სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ობლიგაციების ბაზრის განვითარებას უამრავ ფაქტორებთან ერთად ხელს უშლის განათლების სიმწირე და კომპანიების გაუმჭვირვალობა.

მისი აზრით, მცირე და საშუალო ბაზრის მონაწილეთა დაახლოებით 80%-მა არ იცის რა არის კორპორაციული ობლიგაცია, რა სარგებელი აქვს მას, როგორ უნდა მოიზიდოს თანხა არასაბანკო გზით.

“ეს პროდუქტი გასაპიარებელია. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს მისი ცნობადობა ბაზარზე ძალიან დაბალია. ბუნებრივია, დიდ კომპანიებზე არ ვსაუბრობ”, – აღნიშნავს კორინთელი და დასძენს, რომ დასახვეწია კანონი. დიდ, განვითარებულ კომპანიებს ურჩევნიათ ბანკში დაბალპროცენტიანი კრედიტი აიღონ, რომლის შესაძლებლობაც ნამდვილად აქვთ და არ იზრუნონ დამატებითი პროდუქტის შექმნაზე.

მნიშვნელოვანი პრობლემაა გამჭვირვალობის საკითხი. კორინთელის განცხადებით, საქართველოში არსებული კომპანიების დაახლოებით 90%-ის ფინანსურ ინფორმაციას ვერსად ნახავ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზრის განვითარებისთვის.

“ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც აუცილებლად უმოკლეს ვადაში უნდა გამოსწორდეს. თუმცა, ბაზრის განვითარება არ არის კონერეტულად ერთი რომელიმე სახელმწიფო უწყებაზედამოკიდებული. წარმოუდგენელია, რომ ერთმა უწყებამ დღეს ეს მოინდომოს და ხვალ ბაზარი გაჩნდეს. საბოლოო ჯამში, ეს ბიზნესის გასაკეთებელია, რომელსაც შესაბამისი მომზადება სჭირდება”, -დასძენს კორინთელი.

ბოლო წლების განმავლობაში კორპორაციული ობლიგაციები “ნიკორატრეიდმა” გამოუშვა დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების დაკვეთით მოხდა კაპიტალის ბაზრის დიაგნოსტიკა და მომზადდა რეკომენდაციები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო მდგენელს ფლობს. მართალია აუცილებელია დამატებითი ფუნქციების არსებობა, მაგრამ ახალი უწყებების შექმნა საჭირო არ არის.

არსებობს საქართველოს საფონდო ბირჟა, რომელიც 1999 წელს და წარმოადგენს ერთადერთ ლიცენზირებულ საფონდო ბირჟას. ამჟამად მას 5 საბროკერო წევრი კომპანია ყავს. გამოცხადებული ბაზრის კაპიტალიზაცია 2 მილიარდ ლარს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟას ორგანიზებული აქვს ლისტინგის ორი დონე და “დაშვების” ერთი დონე. ამჟამად, ლისტინგის A დონეზე მხოლოდ ორი ფასიანი ქაღალდია დაშვებული – საქართველოს ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ლისტინგის B დონეზე დაშვებულია 7 ფასიანი ქაღალდი – “ჯორჯიან უოთერ ერდ ფაუერი”, “საქართველოს სალიზინგო კომპანია”, “ლიბერთი ბანკი”, “თელიანი ველი”, “მ2 უძრავი ქონება”, “სამედიცინო კორპორაცია ევექსი” და “ნიკორა ტრეიდი”. ხაზგასამელია ის ფაქტი, რომ შარშანდელთან შედარებითAდა ლისტინგში კომპანიების რიცხვი გაიზარდა. თუმცა, კორინთელი ამ ფაქტს ბაზრის განვითარებით არ ხსნის და აღნიშნავს, რომ ამ კომპანიების დიდი ნაწილი ერთი ჰოლდინგის ქოლგის ქვეშ იმყოფებიან.

“ესენი არიან დიდი ჰოლდინგის ქვეშ მყოფი კომპანიები, ფაქტობრივად, ეს არის ერთი სტრუქტურა, რომელიც 4 არის გაყოფილი, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარი წინ წავიდა.  თუმცა ზოგადად სარეკლამო ბუკლეტებისთვის და ქვეყნის შესახებ ინფორმაციისთვის ეს კარგია”, – აცხადებს კორინთელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფასიანი ქაღალდების ბაზარი ყველაზე უკეთ სახელმწიფომ აითვისა. 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია 937 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება. აქედან ვალის წმინდა ზრდა 200 მილიონი ლარია, 737 მილიონი ლარით ფასიანი ქაღალდების ძირითადი თანხა უნდა დაიფაროს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმართ ბანკების მოთხოვნა მიწოდებას ორჯერ აჭარბებს. ეს გასაკვირი არ არის. კომერციული ბანკებისთვის სახელმწიფო ყველაზე სტაბილური კლიენტია, თანაც მათთვის საპროცენტო განაკვეთებიც ერთობ მიმზიდველია.

ფინანსთა სამინისტრომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სახაზინო ვალდებულებები, პირველად, 2009 წლის 5 აგვისტოს გამოიტანა. მაშინ 5 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებების ემისია განხორციელდა. საშუალო შეწონილმა პროცენტმა კი – 6,68 მილიონი ლარი შეადგინა.

სახაზინო ვალდებულება კი არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით.

რაც შეეხება სახაზინო ობლიგაციას, იგი არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1-დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 1000 ლარი.

მაკა ვარადაშვილი

Share