Home » საზოგადოება » კალაძე – ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეების განმავლობაში ყველა რაიონში, ყველა უბანში მაქსიმალურად იქნება დანერგილი

კალაძე – ზონალურ-საათობრივი პარკირება მომდევნო თვეების განმავლობაში ყველა რაიონში, ყველა უბანში მაქსიმალურად იქნება დანერგილი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომდევნო თვეების განმავლობაში ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებას თბილისის ყველა რაიონში აანონსებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მერიის მხრიდან მოსახლეობას რადიკალურად განსხვავებული შეთავაზება გაუკეთდება.

„ზონალურ საათობრივი პარკირება სიახლეა. სამწუხაროდ, ყველა ქუჩაზე და ყველა უბანში არ ვართ შესულები. რამდენიმე კონკრეტულ არეალშია განხორციელებული საპილოტედ. დღეს უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს წარმატებული პროექტია. მომდევნო თვეების განმავლობაში ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება მაქსიმალურად დანერგილი“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა არ გამორიცხა, რომ ყოველწლიური პარკირების აბონემენტის შეძენა მოქალაქეებს აღარ მოუწიოთ.

„რადიკალურად განსხვავებულ შეთავაზებას გავუკეთებთ [მოსახლეობას]. ეს იქნება განსხვავებული სატარიფო პოლიტიკა, რომლითაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი გადაწყვეტილებით ისარგებლონ“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერიამ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის განხორციელებისთვის დამატებითი ქუჩები რამდენიმე დღის წინ შეარჩია. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით ზონალურ საათობრივი პარკირება ჯამში 1315 საპარკინგე ადგილზე დაინერგება.

მისივე ინფორმაციით, ავტომობილის უფასოდ პარკირების შესაძლებლობა ამ შემთხვევაშიც ექნებათ ქუჩის მცხოვრებლებს, შშმ პირებსა და ელექტრომობილების მფლობელებს.

Share