Home » საზოგადოება » კალაძე: წელს საახალწლო სოფელი აღარ მოეწყობა, დასახარჯი თანხა სარეზერვო ფონდში გადაირიცხება

კალაძე: წელს საახალწლო სოფელი აღარ მოეწყობა, დასახარჯი თანხა სარეზერვო ფონდში გადაირიცხება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, წელს საახალწლო სოფელი აღარ მოეწყობა.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოფლის მოწყობის შემთხვევაში, კონტროლი გაჭირდებოდა.

“ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თბილისში საახალწლო სოფელი წელს არ იქნება. ეს ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იქმნებოდა იმის, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიები, ბაბუები და გაჭირდებოდა კონტროლი. უხერხული იქნებოდა მოსული ადამიანისთვის გეთქვა, რომ არ შეხვიდეთ საახალწლო სოფელში იმიტომ, რომ ბევრი ხალხია”, – თქვა კალაძემ.

მისი განცხადებით, სოფლის მოსაწყობად 700-800 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, ეს თანხა კი სარეზერვო ფონდში გადაირიცხება. მისი თქმით, ამ თანხებით ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება, საკვებ პროდუქტებს გადასცემენ.

თბილისის მერია მილიონიანი ნაძვის ხის განახლებაში 195 800 ლარის დახარჯვას გეგმავს, საახალწლო გირლიანდებსა და მანათობელ სტრინგებში კი დამატებით 659 000 ლარს გადაიხდის. საერთო ჯამში, ნაძვის ხესა და მოსართავებში 854 800 ლარის დახარჯვა იგეგმება.

Share