Home » საზოგადოება » კალაძე „ნამახვანჰესზე“ – საჭიროა მოინახოს სხვა საინვესტიციო კომპანიები, რომლებიც ამ პროექტს განახორციელებენ

კალაძე „ნამახვანჰესზე“ – საჭიროა მოინახოს სხვა საინვესტიციო კომპანიები, რომლებიც ამ პროექტს განახორციელებენ

ჩემი მინისტრობის დროს, ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, მეამაყება ის განვლილი წლები,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მან ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი და ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა შეაფასა.

როგორც კახა კალაძე განმარტავს, რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია სწორად და რაციონალურად უნდა ავითვისოთ.

„ზოგადად, ქვეყანას ძალიან დიდი რესურსი აქვს, რომ ენერგეტიკული მიმართულებით ვიყოთ დამოუკიდებლები და არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. ჩემი მინისტრობის დროს, ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, ასევე ქარის ელექტროსადგური და თბოელექტროსადგური. ნამდვილად მეამაყება ის განვლილი წლები.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება რაციონალურად იქნეს გამოყენებული ის წყლის რესურსი, რომელიც სიმდიდრის სახით გააჩნია ამ ქვეყანას. როდესაც ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის მოხმარებაც იზრდება.

ეკონომიკის განვითარებას აუცილებლად უნდა დავაწიოთ ენერგეტიკული განვითარება, თორემ მომავალი წლების განმავლობაში შეიძლება 12 თვის განმავლობაში ვიყოთ შემოტანილ ენერგიაზე, რაც ძალიან ცუდია, ეს პირადაპირ აისახება ჩემს და თქვენ ჯიბეზე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებზე (ტარიფებს ვგულისხმობ). რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია უნდა ავითვისოთ სწორად და რაციონალურად, რათა არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელზე“,-აღნიშნავს კალაძე.

მისივე თქმით, ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია, ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს და უარს ამბობს $800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე.

„საჭიროა მოინახოს სხვა საინვესტიციო კომპანიები, რომლებიც ამ პროექტს განახორციელებენ. ენერგეტიკული მიმართულებით ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელება მხოლოდ ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას“,- აღნიშნავს კალაძე.

Share