Home » ბიზნესი » კახაბერ კოტრიკაძე: ლუდზე ფასების მატება გარდაუვალია

კახაბერ კოტრიკაძე: ლუდზე ფასების მატება გარდაუვალია

2021 წელს ლუდის ბაზარი მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე შეხვდა. პრემიუმ და მაღალი ხარისხის ლუდი იაფფასიანმა სეგმენტმა ჩაანაცვლა, რამაც კერძო სექტორის შემოსავლების შემცირება გამოიწვია, თუმცა ბაზარის მოცულობა იგივე დარჩა.

როგორც კომპანია „ზედაზენის“ დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, სეგმენტების ცვლილება ბაზარზე 2020 წელს დაიწყო და მომხმარებელთა შემცირებული მსყიდველუნარიანობის გამო ეს ტრენდი კვლავ გრძელდება.

„2020 წელს ლუდის ბაზარი არ შემცირებულა. იგივე ნიშნულზეა, რაც 2019 წელს იყო. თუმცა, ლუდის სეგმენტებში მოხდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილება. გაიზარდა იაფიანი სეგმენტის წილი, რის პარალელურადაც გაუჭირდა მეინსტრიმ და მაღალი სეგმენტის ლუდებს.

მიმდინარე წელს თვისობრივად შენარჩუნებულია 2020-ში განვითარებული მიმართულებები. ბაზარი დაახლოებით იგივეა და არ მცირდება, თუმცა ძვირადღირებული სეგმენტი იაფფასიანი სეგმენტითაა ჩანაცვლებული“,- აღნიშნავს კოტრიკაძე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ლუდის წარმოების თვითღირებულების ზრდაა. ამის მთავარი გამომწვევი კი ლარის კურსის გაუფასურებაა. ლუდის წარმოების თვალსაზრისით იმპორტს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს. იმპორტირებულია ლუდის დამზადებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი, ალაო. ასევე, კომპანიებს შესაფუთი მასალების შეძენაც სხვა ქვეყნებში უწევთ.

კახაბერ კოტრიკაძის განმარტებით, თვითღირებულების ზრდის გამო სასმელზე ფასების მატება გარდაუვალია.

„თვითღირებულება 30%-ის ფარგლებში გაგვეზარდა. 30%-ით გაუარესებულია კომპანიის საოპერაციო მომგებიანობა. ყველანაირად ვცდილობთ შიდა რესურსების მოძიებასა და დანახარჯების ოპტიმიზაციას. ასევე, გარდაუვალია ფასების ზრდა.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს არ გავაკეთოთ იმიტომ, რომ ბაზარი არ შემცირდეს, თუმცა ეს გარდაუვალი იქნება. ფასების მატება ისედაც სახეზე გვაქვს. ეს პროცესი კი გაგრძელდება. მაქსიმალურად ვაკავებდით ფასებს და ამ ყველაფერს ისევ კომპანიის ხარჯზე ვტოვებდით, თუმცა სეზონის გადავლას ასეთი პირობებით ვერ შევძლებთ. შესაბამისად, ფასები დაკორექტირდება. ეს დამატებითად აისახება მომხმარებელზეც და ბაზარზეც“,- განაცხადა კოტრიკაძემ.

გამოწვევების მიუხედავად, „ზედაზენი“ ზაფხულის სეზონისთვის აქტიურად ემზადება. კომპანია მომხმარებელს როგორც რებრენდირებულ, ისე სრულიად ახალ პროდუქციას სთავაზობს.

„აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი მარკეტინგულ ნაწილში. შესაბამისი ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია რომ აქტიურად ვიმოქმედოთ ბაზარზე. ჩვენი ძალიან ძლიერი ბრენდის „რაგნარის“ რებრენდინგი უკვე მოხდა. პროდუქტი მოსახლეობას უკვე წარვუდგინეთ.

ასევე მოხდება თავად „ზედაზენის“ ძლიერი რებრენდინგი. ვგეგმავთ სალიცენზიო ლუდების რებრენდინგსაც. ბაზარზე უკვე შემოვიტანეთ მსოფლიო დონის ბრენდი – „გინესი“. წელი აქტიურად დავიწყეთ და გეგმებიც ასეთივე აქტიური გვაქვს“,- აღნიშნავს „ზედაზენის“ დირექტორი.

„ბიზნესპარტნიორი“

Share